ქეთი მოურავიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი
თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში…
ბავშვობაში არაერთხელ მიმღერია შემდეგი სიმღერა: ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია… …გაჩნდა ქალი და რა ზეიმი უნდოდა ამას… გამოჰყოლოდა მაცნეს გარეთ კილო ბოდიშის, ამბობენ თურმე სანადიროდ წასულმა მამამ თოფი დასცალა საჯიხვეზედ ბიჭის ლოდინში…
ამ თუშურ სიმღერაში ჩაქსოვილ ტკივილს ახლა ვაცნობიერებ, როცა მე თავად წავაწყდი არაერთ წინააღმდეგობას, როგორც გოგო. ჩემთვის, ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, რთულ საკითხს წარმოადგენს მომავალი პროფესია. მე არჩევანი გავაკეთე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა, ეს ასე მარტივად არ მომხდარა. მიუხედავად ბებოს, მასწავლებლების ქალური რჩევებისა, პედაგოგობასთან დაკავშირებით, ხალხის ეჭვიანი, გაოცებული თვალებისა, მე მომავალი ქირურგი ვარ. სწავლასა და მეცადინეობაშიც, რომელიც, დამეთანხმებით ალბათ, სახალისო არავისთვისაა, გოგო ცალკეა და ბიჭი – ცალკე. ჩვენს მასწავლებელს არაერთხელ უთქვამს: “ბიჭი მესმის და გოგო რომ გაკვეთილს არ ისწავლისო!” რატომ? თუ ბიჭები, მათი თქმით, ასეთი “გონებაგახსნილები და ნიჭიერები არიან”, წესით, მათი ბრწყინვალე გონების დაჩლუნგება უფრო არ უნდა დაენანოთ, ვიდრე გოგოს უსწავლელობა, “რომლის ბოლო მაინც ქმარი, შვილი და სამზარეულოა”?
პრობლემას წარმოადგენდა ჩემი წონა. უამრავი უარყოფითი კომენტარისა და უხეში რეპლიკის შემდეგ, სახლში მოვდიოდი და ვტიროდი, მაგრამ როდემდე მეღვარა ცრემლი?! დავიწყე ვარჯიში (სირბილი), რომ ვუფიქრდები, არასწორი მიზნით, თუმცა, სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი რატომ და ვისთვის. ზაფხულიდან 10 კილო დავიკელი. დღემდე არ შემიწყვეტია აქტიური ცხოვრება და არა იმიტომ, რომ ვიღაცეები ჩემი ფორმებით მოვხიბლო, არამედ ამით, მე ჩემს თავს ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაცეები დავუმტკიცე და მინდა სხვა გოგოებსაც დავანახო და დავაჯერო იგივე.
ჩვენს სკოლაში უამრავი გოგო მაკიაჟით დადის. ეს იმიტომ, რომ გარემო მათ არასრულფასოვნების შეგრძნებას, კომპლექსებს უჩენთ იმის გამო, რომ მათი ცხვირი, სხეული, წონა ვიღაცეების დადგენილ “ნორმებში არ ჯდება”.
არც ვარჯიშის დაწყება ყოფილა ადვილი. ჩემი ოჯახის წევრებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩემი მეზობელ სოფელში სირბილი. “მაინც გოგო ვარ და…” არადა, ბიჭივით, მეც 2 ხელი და 2 ფეხი მაქვს. თუ საჭირო გახდა, მუშტის მოღერება ნამდვილად არ მომერიდება. დიდი სურვილი მაქვს ფიტნეს ცენტრი გაიხსნას ჩვენს სოფელში, სადაც გოგონებს თავსუფლად შეეძლებათ ვარჯიში.
ამ წელს FLEX-ში მივიღე მონაწილეობა… თუ გამიმართლა და ერთი წელი ამერიკაში სწავლის შესაძლებლობა მომეცემა, ზუსტად ვიცი, იქ მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემს ქვეყანაში, ჩემს სოფელში დავბრუნდე და დასახულ მიზნებს აქ მივაღწიო.
ქვემო ალვანში არ არსებობს არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში, ამიტომ, ყველაფერს ჩვენ, ბავშვები, უმეტესად გოგოები ვაკეთებთ. ეს საკმაოდ შრომატევადია, თუმცა მეტ მოტივაციასა და მინდომებასაც გვაძლევს. აბა როგორ? თუ არ მოგწონს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ, სხვაგან “გაქცევის ” ნაცვლად უნდა ეცადო სიტუაცია გააუმჯობესო, თორემ განა სხვის შექმნილ კომფორტში ცხოვრება უფრო ადვილი არ არის? მაშინ ყველა წავიდეს… სამწუხაროდ, მე არ ვარ ერთადერთი გოგო, რომელსაც მსგავსი და სხვა უამრავი პრობლემა აწუხებს. მე მჯერა ქალური სოლიდარობის ძალის და ამიტომ, იმედიც მუდამ მექნება, რომ ის სირთულეები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, ჩვენს დებს, მეგობრებს აღარ შეექმნებათ“.