ქეთი ყაჯრიშვილი, 48 წლის, თბილისი

„წლების განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვმუშაობდი. იცით ეს რა პერიოდი იყო? ხანდახან ვაკიდან ფეხით მივდიოდი საბურთალოზე. აღებულ მცირე ხელფასს, კუპონები რომ ერქვა, დედას ვაძლევდი ჩვენი კვებისთვის. ვცდილობდი, უკეთესი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში და ჩემი მწირი ხელფასის ნაწილს გადამზადების კურსებში ვიხდიდი, რომელიც არც თუ იაფი ღირდა. ვეცნობოდი სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს, რაც ჩემს სპეციალობას ემიჯნებოდა, რადგან ჯანდაცვის მენეჯერად ვმუშაობდი და ჩემი საკუთარი ხედვაც გამაჩნდა, რაც, მაშინ ჯერ კიდევ არარსებული სადაზღვევო სისტემის შემოღების აუცილებლობაში მდგომარეობდა.

2003 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისას, აღმოვჩნდი სამსახურის გარეშე, როგორც ბევრი ჩემთან ერთად მომუშავე თანამშრომელი. არანაირი გაცნობა, არანაირი გასაუბრება, შტატები შემცირდა და მხოლოდ კვირა დილას გამოიკრა განაჩენი გაშვებული თანამშრომლების სიის სახით. სხვა გზა არ მქონდა, ისევ კონკურსში უნდა მიმეღო მონაწილეობა, უკვე როგორც გარეშე პირს. არანაირი შეღავათი არ მოუციათ, როგორც ყოფილ თანამშრომელს. ტესტირება უმაღლესი ქულით გავიარე, ღირსება ამიმაღლდა, ისეთი ზარზეიმით დამაბრუნეს უკან. წარმატებული და გამორჩული თანამშრომელი გამხადეს, რომელიც მზად ვიყავი, გვიანობამდე მემუშავა, ახალი, ჯერ კიდევ გაუკეთებელი ინოვაციური პროექტები დამეგეგმა. თანდათან გადავიდა ქვეყანა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ სადაზღვევო მომსახურებაზე, რომლის უნიფიცირებაში, ვფიქრობ, დიდი წვლილი მიმიძღვის.

მთლიანად სამსახურით ვცხოვრობდი, დილა თენდებოდა იმ შეგრძნებით, რომ ქვეყანას ვჭირდებოდი, მოქალაქის მადლიერება ჩემთვის ყველაფერს წონიდა.

ეს შეგრძნებები უფრო გამიძლიერდა, როდესაც ონკოპრევენციის პროგრამა დავიწყეთ და მე გავხდი მისი კოორდინატორი.

არც თუ ისე ადვილია ქალისთვის პირადი ცხოვრებისა და წარმატებული, მაგრამ არანორმირებული სამსახურის შეთავსება. შეიძლება შაბათს ან კვირას მუშაობდე ან გვიანობამდე მოგიწიოს სამსახურში ყოფნა. ერთხელ მახსოვს, სახლში დილის 9.30-ზე წავედი, იმიტომ რომ ის საქმე აუცილებლად უნდა დასრულებულიყო.

სხვადასხვა მიზეზების გამო ჩემი პირადი ურთიერთობები ოჯახის შექმნამდე არ მიდიოდა. სამსახურის სტაბილურობამ მაფიქრებინა, შვილი მაინც გამეჩინა, წლები გარბოდა და დაოჯახების შანსებიც მცირდებოდა. თან სახელმწიფო სტრუქტურაში ხელფასის მომატებამაც დამარწმუნა, რომ ერთ ბავშვს როგორმე გავზრდიდი.

ორსულად ვიყავი, როცა პოლიტიკური რყევები თავიდან დაიწყო. არ ვნერვიულობდი, ჩემს სფეროში უკვე ბევრი მიცნობდა, წარმატებული მერქვა და ჩემი საქმიანობის უკან არანაირ პოლიტიკაში ჩართულობას ადგილი არ ჰქონდა.

ახალი უფროსი რომ დაგვენიშნა, ჩემი შვილი 1 წლის იყო. რა თქმა უნდა, ახალი რეორგანიზაცია მოჩვენებითი სიმშვიდით უნდა გადამეტანა. ხელი მომაწერინეს და ერთი საფეხურით დამაქვეითეს. ვინც არ დაეთანხმა და არ მოაწერა ხელი, გაუშვეს სამსახურიდან. რა უნდა მექნა? დავთანხმდი და ხელი მოვაწერე. ამას მოყვა ჩემი, როგორც თანამშრომლის, სრული იგნორირება. როცა ტესტირება დაინიშნა, ვიმეცადინე, ღამღამობით ვკითხულობდი და საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე. ბევრი ჩაიჭრა, მათ შორის ბევრი ახალი დანიშნული თანამშრომელიც. როცა საქმეზე შევედი, უფროსმა პირდაპირ მითხრა, შენ ხომ არ გგონია, რადგან მაღალი ქულები მიიღე, თავი ქუდში გაქვსო. რა თქმა უნდა, არ ავყოლილვარ კონფლიქტში, რაც თავად სურდა.

ისეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდიდი, ცრემლები მედგა თვალებში, როცა ვუყურებდი, რომ თანამშრომლებს საქმეებს უნაწილებდნენ და მე ვითომ არც კი მიმჩნევდა ახალი უფროსობა.

მერე გასაუბრება ჩაინიშნა. გასაუბრებაზე მკითხეს, მოტივაცია რა არის შენი, რატომ გჭირდება სამსახურიო და ვუპასუხე, იმიტომ რომ პირველი: ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მეორე: მარტოხელა დედა ვარ და ხელფასი ერთადერთი შემოსავალია მეთქი.

როცა საატესტაციო კომისიაზე მაჩვენეს ჩემი გასაუბრების შედეგები, ამ კითხვაზეც კი ყოველნაირი ადამიანობის გარეშე, დაბალი შეფასება მქონდა დაწერილი, ასევე ყველაფერზე, თითქოს 21 წელი არაფერი მიკეთებია.

იმავე დღეს გვიან ღამით ტელეფონით მესიჯი მივიღე, რომ უსამსახუროდ დავრჩი. ამ დროს საწოვარათი ჩემს პატარას ძილის წინს ვაჭმევდი მაწონს…

ამის შემდეგ გაიწელა ჩემი უმუშევრობის თვეები: დავიწყე სადაზღვევო კომპანიის ქოლ-ცენტრში მუშაობა, სადაც ჩემთვის კარიერის 0-დან დაწყებას უფრო გავდა მცირე ხელფასზე. მაგრამ რა მექნა. შვილის გასაზრდელად ხელფასი ძალიან მჭირდებოდა. ამავდროულად ვაგზავნიდი სივებს, გავედი ორი გამგეობის კონკურსზე, პარალელურად ვთანამშრომლობდი საპატრიარქოს სოციალურ სამსახურთან, ვწერდი კერძო დაკვეთით ჯანდაცვის პროექტებს. მერე გასაუბრებაზე გავედი ერთ-ერთი საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ვაკანსიაზე და მიმიღეს. ეს ჩემი მორიგი გამარჯვება იყო, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ჩემი შვილისთვის.

მარტოხელა დედებს მინდა მივმართო: ნუ დაელოდებით სხვის დახმარებას, ნურც მთავრობას, რომელსაც ჯერ ისიც კი ვერ დაუთვლია, რამდენი მარტოხელა დედაა ქვეყანაში. თუმცა გაჟღერდა, რომ აპირებდნენ შეღავათებს მარტოხელა დედებისთვის, მაგრამ ჯერ არაფერი არ დაუწესებიათ. ნუ შეგაშინებთ სიძნელეები, ისიც, თუ ბავშვი იმ ბაღში ვერ მოხვდა, რომელიც ახლოსაა… იწვალებთ, მოიკლებთ, მაგრამ გული გექნებათ სიამაყით და სიყვარულით სავსე, ისე, როგორც მე მაქვს, როცა ჩემს შვილს ვუყურებ და საკუთარ გამარჯვებას ვზეიმობ. პირველ რიგში თქვენს თავში ეძებეთ ძალა, მყარად გადადგით ნაბიჯი, დაანგრიეთ კედელი, დაამტვრიეთ ყველა ბარიერი, დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, შეეწინააღმდეგეთ ყველას, თქვენი შვილი მარტოხელა დედის არ იქნება, იმიტომ რომ წარმატების მაგალითს მისცემთ, სიყვარულით გაზრდით და დაგიბრუნდებათ იმ სიტყვებით, რომელსაც ყოველი ძილის წინ მოისმენთ: ,,დედიკო, მიყვარხარ’’, ,,მეც მიყვარხარ ჩემო პატარა’’, ,,მე – უფრო’’.

მსგავსი ისტორიები