ქეთი ჯიშკარიანი, 18 წლის, ბათუმი

„მამაჩემი მხატვარი იყო. ცოტა ძნელია ამ პროფესიის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა. დედა მუშაობდა, ამიტომაც დღის უმეტეს ნაწილს მამასთან ვატარებდით მე და ჩემი პატარა და ლიკა. რო გეკითხა რომელი უფრო გიყვარდა შოკოლადი თუ მამაო , რათქმაუნდა მამას ავირჩევდით. მამა ჩვენთვის ყველაფერი იყო. მამა, კისერზე შემოსმული ლიკა და მე დავდიოდით ბათუმის ქუჩებში უდარდელად. ჩვენ ვიყავით მამიკოს გოგონები, დედა ჩვენ გვაბარებდა მამას, რომელსაც თმებს და ჰალსტუხს ვუსწორებდით ხოლმე.

დედა დღის განმავლობაში გასული იყო სამსახურის გამო, ამიტომაც მამაზე გადადიოდა საოჯახო საქმიანობა. და ამ ფუნქციასაც საუკეთესოდ ასრულებდა. თამამად ვიტყვი რომ, ყველაზე მაგარი კულინარი მამაა. ეს ჩემი სტერეოტიპი არ გეგონოთ, ჩემი გამოცდილებაა.

მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რადიკალურად. ყველა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, იმიტომ რომ გვერდით ის ადამიანი არ მყავდა, რომელიც ყველაზე მეტად დაცულად და თავისუფლად მაგრძნობინებდა თავს. დავიწყე მეგობრის ოჯახებზე დაკვირვება, როგორი მამები ჰყავდათ, როგორ ზრუნავდნენ თავიანთ შვილებზე, რა შენიშვნებს აძლევდნენ და როგორ. ვაკვირდებოდი ახლობლებს, და ყურადღებით ვუსმენდი ყველა ზარს, რომელსაც „ჰო, მა!„ – თი პასუხობდნენ.

ვაკვირდებოდი მათ ურთიერთობებს მამებთან და ხშირ შემთხვევაში მიკვირდა კიდეც, რამდენად განსხვავდებოდა ჩვენი ურთიერთობა სხვებისგან. ერთია ის, რომ განსხვავებული გენდერული სიტუაცია მხვდებოდა ხოლმე, რადგან ძირითადად საოჯახო საქმეებით დატვირთული მაინც ქალია. ზოგ ოჯახში ეს ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია, არვიცი. ზოგში შეიძლება ქართული კულტურის ანარეკლიც კი. მაინც მიხარია, რომ მე განსხვავებული გამოცდილება მქონდა და დავინახე, როგორი შეიძლება იყოს მზრუნველი მამა და ოჯახში შემომტანი დედა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებული ოჯახი გვქონდა.

კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ. დღეს მშობლები იმდენად არიან გართულნი შვილის მატერიალური უზრუნველყოფით, რომ სულიერი რამ ავიწყდებათ. მშობლებთან ურთიერთობა მოვალეობების ფარგლებს ვერ სცდება და მეგობრობაში არ გადაიზრდება ხოლმე. ჰო, მშობლებმა არ იციან როგორ ემეგობრონ შვილებს, ამიტომ განიცდის ოჯახის წევრები სიყვარულის ნაკლებობას, ისეთი სიყვარულის, რომელიც არ არის განპირობებული ნათესაური კავშირით.

მამების და ქალიშვილების ურთიერთობა მაინც განსხვავებული მგონია. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ოჯახში არატრადიციული გენდერული როლები იყო, მამა ჩემი მეგობარი და ჩემზე მზრუნველი იყო და ის ახლა ყველაზე მეტად მაკლია.“