ქეთო წილოსანი, 34 წლის, ლანჩხუთი

ქეთო წილოსანი, 34 წლის, ლანჩხუთი

დაშვებული შეცდომის საფასური
,,წლების წინ, იმ დროსა და სივრცეში, როცა ქალების ხმა ნაკლებად ისმოდა, მეც მომიწია დამეშვა შეცდომა და 15 წლის ასაკში შემექმნა ოჯახი, რომელიც, სამწუხაროდ, არასწორ ადგილას და განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთან შევქმენი ისე, როგორც მაშინ ხდებოდა – მოტყუებით და მერე სახლში ვეღარ დაბრუნებით. მცდარი შეხედულებებისა და მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების გამო, იძულებული გავხდი, უარი მეთქვა ჩემს გეგმებსა და ოცნებებზე, როგორც ბევრი სხვა გოგო, სახლში დავმჯდარიყავი ,,კარგი ცოლის’’ ამპლუაში და მხოლოდ საოჯახო საქმეები მეკეთებინა. თუმცა მაინც მოვახერხე მებრძოლა, გამერღვია ჩაკეტილი წრე და სტერეოტიპები, რაც ,,ყველაფრის ფასად ოჯახის შენარჩუნებას” მავალდებულებდა. ეს ჭიდილი ყველასთან და ყველაფერთან, ჯანმრთელობის ფასადაც კი დამიჯდა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ლანჩხუთში დაბრუნება დედასთან და ბებიასთან, ამჯერად უკვე 2 შვილით.

ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, მე-10 კლასიდან რომ გათხოვდები და 8 წელი შენ ირგვლივ არაფერი ხდება გარდა სახლის საქმეებისა, გეშინია, ორი შვილით როგორ იარსებებ, როგორ გაიტან თავს, ხომ არ იქნები მუდმივად სხვაზე დამოკიდებული, ან ხომ არ დაიკარგები და გაქრები. მაგრამ მთავარია, წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა და შეუძლებელი აღარაფერია. ამას უკვე გამოცდილებით ვამბობ.

სირთულეები, რა თქმა უნდა, თანმდევია. როცა გურიაში დავბრუნდი, სამსახურში არავინ მიღებდა, არც დიპლომი მქონდა და არც სამუშაო გამოცდილება. ერთადერთი ადგილი, სადაც არ მთხოვდნენ განათლებასა და გამოცდილებას, მომსახურების სფერო იყო. ასე დავიწყე მუშაობა მიმტანად. ზღვის სეზონზე ურეკში ვმუშაობდი, სხვა სეზონებზე – თბილისში, სხვადასხვა კვების ობიექტზე. ზოგი ცუდად უყურებს მიმტანის პროფესიას, ესეც გამოწვევა იყო, მაგრამ მე მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი. თავს ადამიანად ვგრძნობდი, როცა საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით ოჯახის და უახლოესი ადამიანების დახმარება შემეძლო.

მერე ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მგზავრობისას თბილისიდან გურიისკენ, ავარიაში მოვყევი და მძიმე დაზიანება მივიღე, 6 თვე წოლითი რეჟიმი და ხანგრძლივი რეაბილიტაცია მომიწია. სამსახურიც დავკარგე. თუმცა მაშინ, როცა მეორედ აღმოვჩნდი ურთულეს სიტუაციაში, გზა ისევ გამოჩნდა. ამ პერიოდში ,,გაეროს ქალთა ორგანიზაციამ’’ და “ფონდმა ტასომ” რეგიონებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი დაიწყეს და ერთ-ერთი სამიზნე რეგიონი გურია აღმოჩნდა. ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მივიღე, ფიქრობდნენ, რომ უდიპლომო და მიმტანის პროფესიით თავს ვერ გავიტანდი და ეს შეიძლება ჩემი შანსი ყოფილიყო სწავლისა და განვითარებისთვის.

საერთო გასაუბრებაზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ეძებდნენ სათემო მუშაკს, რომელიც გურიაში სამწლიან პროექტს გაუძღვებოდა. გასაუბრებაზე ბევრი ნაცნობი წარმატებული ქალი იყო ჩვენი რეგიონიდან – ზოგი სამსახურის უფროსი, ზოგი ბიზნესის მფლობელი, უმეტესობა უმაღლესი განათლებით და ზოგს 2 დიპლომიც კი ჰქონდა. ყველას რაღაც ჰქონდა სათქმელი და საამაყო. როდესაც ჩემი თავის წარდგენის დრო მოვიდა, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, არ ვიცოდი, ამდენ წარმატებულ ქალში რა უნდა მეთქვა საკუთარ ბიოგრაფიაზე. ამიტომ სულ ერთი წინადადება ვთქვი – ,,ვარ 2 შვილის დედა და დიასახლისი.’’ მახსოვს, როგორ შემომანათა პროექტის წარმომადგენელმა თვალები იმედიანად. გამიმართლა და ამდენ წარმატებულ ქალში სათემო მუშაკად სწორედ მე შემარჩიეს. დაუჯერებელი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს. დაუჯერებლად და ამავე დროს ძალიან რეალურად, გავხდი ის, ვინც დღეს ვარ.’’


კაფე „ქეთოსთან“ – დაბადება
„განათლების მიღება და განვითარება ნულიდან დავიწყე. პროექტის ფარგლებში შევიტყვე ქალთა უფლებების შესახებ, მივიღე ყველანაირი ინფორმაცია ქალთა საკითხებზე, შევიძინე ახალი უნარები, როგორც ტექნოლოგიური, ისე ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით. ხანდახან ვფიქრობდი, აქამდე სად ვიყავი, როგორ სიბნელეში მიცხოვრია და სულ მეტირებოდა, როცა ჩემი მისამართით ჩადენილი უსამართლო დამოკიდებულებები მახსენდებოდა, ჩემი უმწეო მდგომარეობა, როცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, არც საკუთარი უფლებები ვიცოდი და ვერც თავს ვიცავდი.

,,გაეროს ქალთა ორგანიზაცია’’ და ,,ფონდი ტასო’’ იმ პერიოდში რეგიონში მცხოვრებ ქალებს ეკონომიკური გაძლიერებისთვის გრანტებითაც ეხმარებოდნენ. მიღებული გრანტით, და ნაწილობრივ საბანკო სესხით, დაიბადა ახლა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი კაფე „ქეთოსთან“.

კაფეს იდეა პროექტში საქმიანობის პერიოდში გაჩნდა, როცა ბევრი სოფელი მოვიარე და ბევრ ახალგაზრდა გოგოსა და ქალს შევხვდი. შეხვედრების დროს ვატარებდით გამოკითხვებს, რომ გაგვეგო გურიაში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები. ვესწრებოდი თვითმმართველობის სხდომებს და კარგად შევისწავლე მათი საქმიანობა და ვალდებულებები. პირველად სწორედ მაშინ გავიაზრე, რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ლანჩხუთში არ არსებობდა სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ, ერთმანეთს აზრებს გაუზიარებდნენ, დაიცლებოდნენ და დაისვენებდნენ, ასევე სხვადასხვა საკითხზე ცნობიერებას აიმაღლებდნენ. გარდა ამისა, ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი კაფე აუცილებლად ადაპტირებული უნდა ყოფილიყო ეტლით მოსარგებლეებისთვის. დავიწყე ფიქრი იმაზეც, რომ კაფეს მენიუში შემეტანა ადგილობრივი ქალი ფერმერების პროდუქტი, რომლის რეალიზაციაშიც ჩემს წვლილს შევიტანდი.

ზუსტად ასეთი სივრცე შევქმენი და მივხვდი, რომ ის ჩემთან ერთად ბევრ ადამიანს აბედნიერებდა. „ქეთოსთან“ გახდა ადგილი, სადაც ახალგაზრდები ნამდვილად კარგად გრძნობდნენ თავს. ჭიშკრის ხმა რომ მესმოდა, პირველი მე ვეგებებოდი სტუმრებს, ყველა თავის ამბავს მიზიარებდა. გამოწვევები ერთმანეთს ჰგავდა: უთანასწორობა, სტერეოტიპები, ძალადობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, განათლების ნაკლები შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტთან მათი საჭიროებების ადვოკატირება… მქონდა განცდა, რომ გოგოებს ის გზა არ უნდა გაევლოთ, რომელიც მე გავიარე, და რომ არავის აქვს მათთვის ცხოვრების წართმევის უფლება. ვფიქრობდი, რომ ჩემი მხარდაჭერა მათ წინ სიარულის ძალას მისცემდა, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ყოფილიყვნენ. ამრიგად, „ქეთოსთან“ მხოლოდ კაფე არასდროს ყოფილა, ეს იყო თავისუფლების, გაზიარების, გაცემის, დაცლის და პოზიტიური ემოციების ნავსაყუდელი.

პერიოდულად, სხვადასხვა ორგანიზაციების შეხვედრებზე დავდიოდი და როცა კაფეს კონცეფციას იგებდნენ, ცდილობდნენ, დაგვხმარებოდნენ. ასეთი ტიპის შემოწირულობებითა და გრანტებით სხვადასხვა დანადგარი და აღჭურვილობა შევიძინეთ, რამაც ახალგაზრდების ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

კაფემ „ქეთოსთან“ მთელ საქართველოში გაითქვა სახელი. ჩემგან დამოუკიდებლად სოციალურ ქსელებში გაჩნდა „ქეთოსთან“ მონიშვნები, თბილისიდან ჩამოდიოდნენ სტუმრები, დაინტერესდნენ ტელევიზიები. ცნობადობამ მოიტანა ფარული ბრძოლაც ჩემ წინააღმდეგ, ვიღაცის ინტერესებთან გადავიკვეთე. ჩემი შეხედულებები და კაფეს კონცეფცია ბევრს არ მოსდიოდა თვალში და შენიშვნებიც ამის შემდეგ დაიწყო, ამას მეზობლებთან ურთიერთობაშიც კი ვხედავდი. ჩვენ მაინც ვშრომობდით, წელიწადში 100 ტრენინგი ტარდებოდა და მხოლოდ 3-4 ივენთი, კაფეს ხარჯები რომ დაეფარა. საბოლოოდ, მაინც ფულმა და პოლიტიკურმა გავლენებმა გადაწონა და გადაწყვიტა „ქეთოსთან“ ბედი. სახლის მეპატრონემ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და 2023 წლის სექტემბერში კაფე დაიხურა.“


„ქეთო, როდის იქნება „ქეთოსთან“?’’
„შეიძრა ყველა ორგანიზაცია, ფეთქდებოდა ჩემი ტელეფონი, ყველას აინტერესებდა, რა მოხდა და როგორ შეეძლოთ ჩემი დახმარება. ზუსტად ამ პერიოდში გურიაში მეწყერი ჩამოწვა. ორგანიზაციაზე გავაკეთე შემოწირულება და მთელი ჩვენი გუნდით ვეხმარებოდით ჩაკეტილ ხალხს. ამხელა უბედურების ფონზე, სიტყვასაც ვერ ვწერდი ჩვენი კაფეს შესახებ. არადა, „ქეთოსთან“ რომ დავხურე, ცოცხლად გარდაცვლილი ვიყავი. ვერაფრით ვიაზრებდი, რატომ დადგა ეს შედეგი.

ცოტა ხანში გამოსავლის ძიება დავიწყე და დავფიქრდი შენობაზე, რომელიც მუნიციპალიტეტში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. მივიტანე ოფიციალური დოკუმენტები ადგილობრივ თვითმმართველობაში და შევთავაზე, რომ ორგანიზაციების თანხებით, შემოწირულებებითა და ჩემს ხელთ არსებული რესურსებით, შენობას გავარემონტებდი, გავაკეთებდი კომპიუტერის სივრცეს, ბიბლიოთეკას, სოციალურ კაფეს. გარდა ამისა, გადავიხდიდი იჯარასაც და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხაც შევიდოდა, დასაქმდებოდნენ ადამიანები და ახალგაზრდებსაც ექნებოდათ განვითარებისა და გაზიარების სივრცე. ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, მუნიციპალიტეტისგან უარი მივიღე. მოგვიანებით გავიგე, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩემმა პოზიციამ ჩემი ბედი გადაწყვიტა და სოციალური კაფეც პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. ეს შენობა დღესაც უფუნქციოდ დგას.

რამდენიმე თვე ბებიის პენსიით ვცხოვრობდი, ბანკმა არ მომცა საშესაღავათო პერიოდი, არც სესხის რესტრუქტურიზაცია გამიკეთა. საკრედიტო ისტორიაც გამიფუჭდა და თვიური გადასახადი, დაკლების ნაცვლად, ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, მომიმატეს.

ამ ურთულეს პერიოდში გვერდში დამიდგნენ ორგანიზაციები და ადამიანები. ძალიან ბევრი შემოწირულება მივიღე, რომლის ნაწილი ბანკმა წაიღო, სხვათა შორის, ბავშვების ალიმენტთან ერთად, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ქუჩაში მხვდებოდნენ ახალგაზრდები და მეკითხებოდნენ – „ქეთო, როდის იქნება „ქეთოსთან’’?“ – მე პასუხი არ მქონდა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, შემოწირულებებით მუნიციპალიტეტის მიერ ჯართად ჩამოწერილი ორი ავტობუსი შევიძინე და ერთი მეგობრების დახმარებით, კვების ობიექტად ვაქციე. ჩანაფიქრი ავტობუსის ავტომაგისტრალზე დადგომაა. ამისთვის, ავტობანზე მოვძებნე მიწა, რომელიც კერძო პირის საკუთრებაა, დავეკონტაქტე და ვთხოვე, ადგილი იჯარით გადმოეცა. აღმოჩნდა, რომ მიცნობდა და ჩემს საქმიანობაზეც ჰქონდა ინფორმაცია. მიწა ორი წლით უსასყიდლოდ დამითმო. ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ემოციური ამბავი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვერდში დგომა სრულიად უცხო ადამიანისგან. ასევე დასტური იმისა, რომ სწორ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი.”

ბრძოლა გადარჩენისთვის
,,ჩვენი რეალობიდან და პოლარიზებული გარემოდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა კაფეს რაიმე კავშირი ჰქონოდა პოლიტიკასთან, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ განურჩევლად ყველა პოლიტიკურ პარტიას უარი ვუთხარი შეხვედრების ჩატარებაზე. როგორც ჩანს, ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება არ მომიწონა და ზოგიერთ გამოწვევას ამასაც ვუკავშირებ.

ჩემი სამოქალაქო პოზიციაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ბარიერი გახდა ჩემი საქმიანობისთვის, ადრე თუ სკოლების და პროფსასწავლებლების კარი ღია იყო ჩემი ტრენინგებისთვის, ახლა, ამდენი წლის განმავლობაში, პირველად მივიღე უარი. ცხადია, არსებობენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას მიცხადებდნენ, მაგრამ მათმა სიკეთემ ძალაუფლება ვერ გადაწონა.

ახლა კაფე არ ფუნქციონირებს, მაგრამ არაფორმალური განათლების შესაძლებლობას მაინც ვაძლევ ადამიანებს და შეხვედრებს სახლში ვმასპინძლობ, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი აღარ აქვს. ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზოგჯერ პურის ფულის სესხებაც კი დამჭირდებოდა. ახლა ავტობუსის იმედი მაქვს, მაგრამ გული მწყდება, რომ ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო საქმეს სრულყოფილად ვეღარ ვაკეთებ.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იმ საქმის არდანახვა, რომელსაც გულწრფელად ვემსახურებოდი. გაბრაზებული ვარ, რადგან ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ვერ დაინახეს ჩვენი საქმიანობის შედეგად რამდენ ადამიანს გაუჩნდა ახალი შესაძლებლობა, რამდენმა საერთაშორისო აქტორმა გაიგო ჩვენი ხმა, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსი გამოიყო ჩვენთვის და ჩვენი მხარისთვის. გამოდის, რომ ჩემი საქმე ჩემს სამოქალაქო პოზიციებს შეეწირა, ეს აზრი კი იმ შედეგმა გამიმყარა, რაც მივიღე. მივხვდი, რომ ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი თუ მექნება და არამც და არამც მთავრობის.’’

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო აფციაური