ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი

ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი

გზა ფიზიკის მეცნიერების სამყაროში
„ფიზიკით რომ დავინტერესდი, შეიძლება ითქვას, შემთხვევითობა იყო. სამწუხაროდ, საშუალოზე ცუდ სკოლაში ვსწავლობდი. ცუდი იყო იმ გაგებით, რომ, ფაქტობრივად, არაფერი მისწავლია ბოლო წლებში. როგორც უმეტესი თინეიჯერი, კლასთან ერთად ვერთობოდი და ასე, ძალიან არხეინად გავატარე სკოლის წლები. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გაურკვევლობის წინაშე აღმოვჩნდი. ცალსახად ტექნიკური მიმართულებით ვაპირებდი წასვლას. ეს ბინარული დაყოფა – ჰუმანიტარულად და ტექნიკურად – ხომ ძალიან სასაცილოა ჩვენს ქვეყანაში?! ძალიან უსაფუძვლოა, სკოლის ასაკში ბავშვს გადაუწყვიტო, ამ ორიდან, რომელია მისი ძლიერი მხარე თუ ინტერესი. მათემატიკა ვისაც გამოსდის, მაშინვე ტექნიკურ მიმართულებას ურჩევენ, არადა, მათემატიკა და ფიზიკა ყველას გამოუვა, თუკი სწავლაში თანმიმდევრულობას დაიცავს. მათემატიკაც და ფიზიკაც სამყაროს აღსაქმელად ადამიანთა რასის მიერ შექმნილი სისტემატიზებული და გამარტივებული აღწერის მცდელობაა. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ადამიანთა მიერ ადამიანთათვის საქმის გასამარტივებლად არის შექმნილი – ყველა ადამიანს შეუძლია, გახდეს მეცნიერების ნაწილი.

ჩემმა ფიზიკის მასწავლებელმა რომ გაიგოს, ფიზიკის მეცნიერებაზე ვსწავლობ, ალბათ, გაოგნდება და არ დაიჯერებს. მათემატიკის პედაგოგმა ძალიან კარგი საფუძველი მომცა, თუმცა ჩემს კურსელებთან შედარებით, რომლებიც მე-7 კლასიდან სპეციალიზებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში სწავლობდნენ და საოლიმპიადო წრეებზეც დადიოდნენ, არ ვიცოდი ეს საგანი. რადგან საფუძველი მქონდა, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მათ ტემპს ავყევი და არ ჩამოვრჩი.

ბაკალავრი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში გავიარე. თუმცა თავიდან პროგრამირება-ინჟინერიაზე და სხვა უფრო პრაქტიკულ სპეციალობებზე ვფიქრობდი. ფიზიკაზე რატომაც გადავწყვიტე, ერთი შემთხვევითობის დამსახურება იყო: თავისუფალ უნივერსიტეტში მივედი ღია კარის დღეზე, სადაც მხოლოდ მე აღმოვჩნდი დაინტერესებული აბიტურიენტი. ამ დროს ზაზა ოსმანოვნა, ჩემმა მომავალმა ლექტორმა და აწ უკვე კოლეგამ და მეგობარმა, ბაზალეთზე ფიზიკის ოლიმპიადელებთან ერთად გასვლით ღონისძიებაზე დასწრება შემომთავაზა. იქ ვიგრძენი სამეცნიერო გარემო, სადაც სასაუბრო თემა ფიზიკა იყო და დავინტერესდი, მეტი გამეგო. პირველი 2 წელი საკმაოდ რთული იყო. 21 სტუდენტიდან მხოლოდ 2 გოგო ვიყავით და მოგვიანებით კიდევ ერთი დაგვემატა. თუმცა ბაკალავრიატის პროგრამა მხოლოდ 7 სტუდენტმა დავამთავრეთ.

სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ფიზიკის კვლევა იყო ჩემი ინტერესიც, მოწოდებაც და ბედნიერებაც. არ არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარ საქმიანობაში აღფრთოვანებისგან მუდმივად ეიფორიულ მდგომარეობაშია. მაგალითად, ჩემთვის დასტური იმისა, რომ სწორ ადგილას ვარ, არის ის შეგრძნება, როცა დიდი ძალისხმევის შედეგად რაღაცას გააკეთებ და ეს გაძლევს სისავსის და სრულყოფილების შეგრძნებას, რომლის შედეგად ხვდები, რომ განვითარდი და უფრო მეტი ისწავლე.”


ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება
,,არასდროს მინდოდა საქართველოდან წამოსვლა. იქ არიან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ გვერდით ყოფნა. განუწყვეტლივ მაქვს იმის წუხილი და ბრაზი, რატომ უნდა მიწევდეს სხვა ქვეყანაში გადახვეწა იმის გამო, რომ სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება მინდა და ჩვენთან ამის გასაქანი არ არის! როდესაც ფიზიკის სფეროში ხარ, აუცილებელია, თანამედროვე კვლევებში მონაწილეობდე, იმაღლებდე ცოდნასაც და შენი მხრივ, წვლილიც შეგქონდეს მეცნიერულ მიღწევებში. საქართველოში თანამედროვე კვლევები თითზე ჩამოსათვლელ უნივერსიტეტებში ტარდება. ის პროფესორები, რომლებიც ფიზიკის დარგში მუშაობენ საქართველოში, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებენ ყველაფერს. არ არსებობს მეცნიერული საგრანტო ფონდის სისტემა, რისი პრაქტიკაც არის დასავლეთში. დასავლეთის ქვეყნებში როგორ ხდება: კორპორაციებით დაწყებული, სახელმწიფო სტრუქტურებით დამთავრებული, იაზრებენ, რომ კონკრეტულ დარგებში აუცილებელია სამეცნიერო კვლევები, რომ ქვეყანამ მოწინავე ცოდნები შეიძინოს და ახალი აღმოჩნები გააკეთოს, წინ წაიწიოს და ამავდროულად, სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. აქედან გამომდინარე, მეცნიერების განვითარებისთვის საფინანსო ფონდების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ თუ მინდოდა, თანამედროვე მეცნიერების ნაწილად მეგრძნო თავი, იმ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი, რომელიც კვლევითი სამუშაოსთვის გარემოს დამახვედრებდა.

ასეთი გარემო ამერიკამ შემომთავაზა.
ჩემი სპეციალობაა თეორიული ბიოფიზიკა. სამეცნიერო აზროვნების პროცესში მივხვდი, რომ ბიოლოგიაში უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რომელიც მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს. ბიოლოგიისთვის ფიზიკის კანონებისა და ფიზიკისთვის სახასიათო აზროვნების მოდელის, ფუნდამენტური კანონზომიერების ძებნის მისადაგება მინდოდა.

კვლევა არის სამუშაო პროცესი. პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე, როგორც სამსახურში, ისე დადიხარ უნივერსიტეტში და ეხმარები პროფესორს ახალი კვლევის წარმოების პროცესში. ამისთვის კი უნდა გქონდეს მატერიალური უზრუნველყოფა, რაზეც მორგებულია ამერიკული გრად სქულის სისტემა. გრად სქული არის 5-წლიანი სამეცნიერო-სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. ერთდროულად ხარ სტუდენტი და შენივე პროფესორის ასისტენტი, რომელსაც ეხმარები კვლევებში, იყენებ პროფესორის მნიშვნელოვან რესურსს, ცოდნას, მითითებებს და პარალელურად, ამაში იღებ გარკვეულ ანაზღაურებას, რომელიც გიფარავს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებს. ჩვენთან კი არათუ სტუდენტებს, პროფესორებსაც კი არ აქვთ გასაქანი.

ამჯერად ვსწავლობ ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში.”

გოგო და ფიზიკა?!
,,ძალიან ხშირად ვაწყდები გაოცებას ადამიანების მხრიდან. უკვირთ გოგო და ფიზიკის მეცნიერების დარგი. ეს ფაქტი არ მაბრაზებს, რადგან ვიცი, ამის წინაპირობა ის სტერეოტიპული გარემოებებია, რომელშიც ვიზრდებით. ვფიქრობ, გოგოებს ყველა მხრიდან ხელი უნდა შეეწყოთ, რომ კულტურულმა წნეხებმა კი არ გადაუწყვიტონ, რა პროფესიას აირჩევენ, არამედ თავიანთმა მისწრაფებებმა და სურვილებმა. რაც მეტი გოგო და ქალი იქნება ჩართული ისეთ პროფესიებში, რომლებიც აქამდე კაცებით იყო დომინირებული, მით მეტი ქალი მიიღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს იმ მიმართულებით, რაც აქამდე არც კი დაუშვია. მთავარია, ინფორმაციაზე, წარმატებულ მაგალითებზე და შესაძლებლობაზე ჰქონდეთ წვდომა.

პროფესიის არჩევაში წინააღმდეგობები არ მქონია, თუმცა ჩემი ოჯახი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. დედ-მამა ფიზიკოსები მყავს, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ ისეთი რთული 90-იანები დადგა, რომ მეცნიერება კი არა, თვითგადარჩენის გამოწვევის წინაშე დადგნენ და არ მიეცათ საშუალება, მიჰყოლოდნენ საკუთარ სურვილებს.

ხშირად დაუსვამთ ადამიანებს ის კითხვა, რას გავაკეთებ, ფიზიკას რომ დავამთავრებ. სად ვიმუშავებ? მასწავლებლად? პედაგოგიკა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ახლაც მყავს მოსწავლეები იმიტომ, რომ სწავლების პროცესი ძალიან ღირებული, სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია. მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში სკოლაში მასწავლებელი არ ვიქნებოდი. ფინანსურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენს ქვეყანაში შეურაცხმყოფელია მასწავლებლისთვის ის ხელფასი, რასაც უხდიან, მასწავლებელი ძალიან შეზღუდულია სასწავლო მასალებში. საქართველოში ფიზიკაში არ არსებობს კარგი სახელმძღვანელოები, ეს კი ამ დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. დედა ფიზიკის მასწავლებელია და ვიცი, რამდენ წინააღმდეგობასთან უწევს გამკლავება. მასწავლებელი მარტო ვერ შექმნის ფიზიკის სახელმძღვანელოს, რადგან ამას ექსპერტების კომპლექსური მიდგომა სჭირდება. შედეგად, ფიზიკის სწავლება სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. არადა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პერსპექტიული დარგია.

ფიზიკის საერთაშორისო კონფერენცია წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ვიყავი. უკვე 37 წელია, ფიზიკის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. მე მქონდა ბედნიერება, 2019 წელს გერმანიაში ამ კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა. კონფერენციები სამეცნიერო სფეროში დიდ მნიშვნელობას ატარებს: ეს არის საერთაშორისო კოლეგებთან კავშირების დამყარების, ერთმანეთის მიღწევების და ცოდნების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე, საკუთარი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც სამეცნიერო ინტერესისა და პროგრესის მქონის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ფიზიკური სიძლიერე არ აქვს და აუცილებელია, მსოფლიოში დაიმკვიდროს თავი სხვა ღირებულებებით. ეს ღირებულება სწორედ მეცნიერება შეიძლება იყოს.

2019 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით, რომ საქართველო ფიზიკის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გამხდარიყო. ამისათვის დავაარსეთ ასოციაცია, რომელსაც შემდგომ ათობით სტუდენტი შემოუერთდა. კონფერენციის მასპინძლის სტატუსი 2022 წელს მოვიპოვეთ. თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერისტეტის უდიდესი ფინანსური კონტრიბუციით, 2024 წელს, აგვისტოში, ფიზიკის ერთ-ერთი პომპეზური, რიგით 38-ე, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. რუსთაველის ფონდის გრანტიც გვქონდა, მაგრამ ფონდის დირექტორის ძალიან გაცხადებული პარტიული პრეფერენციების გამო, გრანტის უკან დაბრუნება გვინდოდა, თუმცა ტექნიკურად არ გამოდიოდა. ჩვენთვის მიუღებელი იყო ამ დონის სამეცნიერო კონფერენციაზე პარტიული ინტერესების გატარება. ამ კონფერენციამ გამიმყარა რწმენა, რომ თუ გინდა რაღაცის გაკეთება, აკეთებ, თუ სახელმწიფომ არ შეგიშალა ხელი.

ძალიან მეამაყება, რომ წლევანდელ საქართველოს ფიზიკის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას 70-მდე ქართველი და 300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი დაესწრო. წარმოიდგინეთ, 300 მეცნიერს დავანახეთ, რომ საქართველო მეცნიერებასთან კვეთაშია. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ფიზიკოსებისთვის საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ კოლაბორაციებში, რომ მიიღონ კვლევებისთვის გრანტი და კვლევები საქართველოში აწარმოონ. საბოლოო ჯამში, ამით გვინდა, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაციაა და ჩვენთვისაც, მეცნიერებისთვისაც, იყოს შესაძლებლობა, არ გადავიხვეწოთ სხვა ქვეყნებში და საქართველოს სახელით განვავითაროთ მეცნიერება.

მე აუცილებლად დავბრუნდები!”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო აფციაური