ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი

”ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ორ მეგობართან ერთად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საოფისე პროგრამების შესწავლის უფასო კურსზე ჩავეწერე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეგობრებმა სწავლა პირველივე თვეს მიატოვეს და მარტო დავრჩი, კურსი მაინც ბოლომდე მივიყვანე. პროფესიაც ამას დავუკავშირე და ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბარე, კომპიუტერი და უცხო ენები ერთად რომ ისწავლებოდა. თუმცა, პირველი სემესტრის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით, კომპიუტერები მოგვიხსნეს და საბოლოოდ, მხოლოდ ინგლისური ენის ფილოლოგებად დაგვტოვეს. ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი და ამიტომაც, ამ პროფესიით არ მიმუშავია. თავიდან, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის პროექტებზე ვმუშაობდი, გარდა ამისა, წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალში ჩავერთე საორგანიზაციო ჯგუფის წევრად. ეს ფესტივალი, “წყალტუბოს დევნილ ქალთა” ორგანიზებით, წელს უკვე მერვედ ჩატარდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტრენინგი გავიარე ბლოგის შექმნაზე, რომელიც დოდი ხარხელმა ჩამიტარა. პირველად მაშინ გავიგე, საერთოდ ბლოგი რა იყო. ეს ტრენინგი იმდენად ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა, სახლში რომ დავბრუნდი, ორი ღამე გავათენე ჩემი პერსონალური ბლოგის შესაქმნელად. ეს იმხელა მიღწევა იყო ჩემთვის, ჭკუაზე არ ვიყავი – ამ ბლოგზე პირად შეხედულებებსა და ჩანახატებს აქტიურად ვწერდი. შემდეგ უკვე იყო „ღია რუკები კავკასია“-სთვის GPS ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რუკების დახაზვა. მაშინ ეს ახალი ტექნოლოგია იყო და მთელი იმერეთი GPS-ებით მოვიარეთ. ეს მონაცემები კომპიუტერში შეგვყავდა სპეციალური პროგრამით და მოკლედ, ახალ ტექნოლოგიებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. თუმცა წყალტუბოში მაშინ არანაირი შესაძლებლობა არ იყო, დამატებითი ცოდნა რომ მიმეღო ამ მიმართულებით და ქუთაისში სიარული მიჭირდა, რადგან საღამოს საათებში ტრანსპორტი არ არის. შემდეგ დავოჯახდი და ორსულობის პერიოდში სახლში ყოფნა მომიწია, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.
ერთ დღესაც, შემთხვევით, UN Women-ის განცხადებას წავაწყდი, ქალებისთვის სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებ-პროგრამირების კურსის შესახებ. ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და განაცხადი შევავსე, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, ამდენ ადამიანში რომ მე შემარჩევდნენ. უკვე საერთოდ რომ აღარ მახსოვდა ეს ამბავი, ჩემს პირად ფოსტაზე წერილი მოვიდა, რომ მეორე ეტაპზე გადავედი და ტესტირება უნდა გამევლო. აქ უკვე მომეცა იმედი, რომ შესაძლოა, ფინალურ ეტაპამდე გავსულიყავი და ტესტი დიდი მონდომებით შევავსე. მოკლედ, ისევ მივიღე შეტყობინება, რომ შემარჩიეს და გახსნაზე მეპატიჟებოდნენ ბათუმში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. უკვე ორი შვილი მყავდა და მახსოვს, გავიფიქრე, ახლა როგორ ვთქვა, სამი დღით ბათუმში მივდივარ ამ გრანდიოზულ ამბავზე-მეთქი. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სკეპტიციზმი – „რატომ დადიხარ მაგ ტრენინგებზ?ე“, „დროს რაში კარგავ?!“, „რაში უნდა გამოიყენო?!“ და ა.შ. ასეთებს ყოველთვის ვუმტკიცებდი, რომ არცერთ ტრეინინგზე ტყუილად არ მივლია.
დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ჩავედი ბათუმში. ძალიან ბედნიერი ვიყავი და კურსი იმდენად წარმატებულად დავამთავრე, რომ ბოლოს, იმ 40 საუკეთესო ქალს შორისაც მოვხვდი, ვინც სტაჟირებისთვის შეარჩიეს.
კარგად დამამახსოვრდა, რაც ამ სასწავლო კურსის გახსნაზე გვითხრეს – „ამ პროგრამაში ჩართვით, თქვენ შეგიძლიათ, შეიცვალოთ პროფესია.“ მაშინვე გავიფიქრე, რომ მე ამას გავაკეთებდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ავიხდინე. ჩემი მეორე პროფესია პროგრამირება გახდა, რაც სულ მინდოდა. პირველი ვებ-გვერდი ახლობელს გავუკეთე და ფასიანი შეკვეთაც მალევე მივიღე, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი შვილები ცოტა რომ წამოიზრდებიან, ვგეგმავ, რომ კოდირებაც შევისწავლო და ვებ-საიტები თავიდან ბოლომდე მე დავწერო.
გარდა კერძო შეკვეთებისა, ეს ახალი უნარები სამსახურების დაწყებაშიც ძალიან დამეხმარა. პირველად “წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის წყალტუბის სასულიერო გიმნაზის” დირექტორმა ირწმუნა ჩემი და სამსახურში მიმიღო. გიმნაზიაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლი, ასევე, ვარ ხელოვნების პედაგოგი. მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი კი თავად დაინტერესდა ჩემი უნარებით – გავიგე, ტექნოლოგიებში ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში და შენნაირი კადრი ძალიან მჭირდებაო. ასე აღმოვჩნდი საინფორმაციო მენეჯერად საჯარო სკოლაშიც. სკოლაში ყოველთვის ვცდილობ, რომ მხოლოდ წიგნით არ შემოვიფარგლო – წარმატებულ ქალებზე მოყოლით, ბავშვებს ვუნერგავ, რომ გოგოებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში არწმუნებენ გოგოებს, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და სწორედ ამიტომ, ქალები ნაკლებად ინტერესდებიან ტექნოლოგიებით.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს ფინანსურ შემოსავალზეც აისახა, მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის მიხარია, როცა იმათ ვეხმარები, ვისაც ეს სჭირდება. მაგალითად, სიამოვნებით ვეხმარები პედაგოგებს და ჩემთან კერძო გაკვეთილებზე დადიან, ტექნოლოგიური უნარების დახვეწაში ვეხმარები, რადგან ახლა მათ ეს ძალიან სჭირდებათ. სხვა ქალებსაც რომ ვუზიარებ ჩემს ცოდნას, ამით თვითშეფასება მეც ამიმაღლდა. იმის გამო, რომ ვიცი უცხო ენა, ვმუშაობ ხელოვნების სფეროში, მაქვს ხელნაკეთი სათამაშოების მცირე ბიზნესი და უკვე ვებ-პროგრამირებაც ჩემი პროფესია გახდა, პანდემიის დროს არ გავჩერებულვარ. ახალმა ცოდნამ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შემძინა და ვიცი, რა პერიოდიც არ უნდა დადგეს, აღარ დავიკარგები.
ჩემი მოტივაცია ტექნოლოგიებში და კერძოდ, UN Women-ის პროგრამაში, ლილი ფულარიანი იყო, რომელთან ერთადაც მოხალისეობრივად გვაქვს ფეისბუქის გვერდი – “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები.” ამ პანდემიის დროს, დიდი გეგმები გვაქვს – გვინდა, ქალებს დავეხმაროთ ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებაში. მე, როგორც მეწარმეს, ჩემი ცოდნა ძალიან დამეხმარა ონლაინ გაყიდვებში და იმაში, რომ კარგი ონლაინ მარკეტინგი გამეკეთებინა. ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, რომ იმ მეწარმე ქალებს, რომლებიც წყალტუბოში მრავლად გვყავს, შეძლებისდაგვარად დავეხმარო და შევასწავლო ყველაფერი, რაც მე სოციალური მედიის მარკეტინგში ვიცი.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: დავით შველიძე/გედა დარჩია
UN Women Georgia
”ქრისტინე ქუთათელაძე იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“
gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com