შუშანიკ ჩუბინიძე 22 წლის, საზანო (თერჯოლის რაიონი)

“ორი წლის წინ, მეორე კურსზე გადავწყვიტე, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მემუშავა. მოკლედ, გასაუბრება გავიარე SPAR Georgia-ში. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, რამდენიმე დღიანი ტრეინინგიც უნდა გამევლო მუშაობის დაწყებამდე. მაგრამ, პირდაპირ ერთკვირიანი სტაჟირება და მუშაობა დავიწყე იმ საქმეზე, რომელიც მანამდე არასოდეს მიკეთებია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ცვლებში უნდა მემუშავა – ერთი დღე დილის 9სთ – დან 5სთ – მდე, მეორე დღეს 3სთ – დან 9სთ – მდე, მესამე დღეს 9სთ – დან 9 სთ – მდე (ღამის ცვლა).

სამუშაო პირობები მინდა აგიღწეროთ. პირველივე დღეს, გასახდელში შესულმა აღმოვაჩინე, რომ SPAR Georgia-ს აბაშიძის ფილიალს (სადაც მე ვმუშაობდი), ფაქტობრივად, არ ჰქონდა საწყობი. ახალი და ვადაგასული პროდუქცია ერთ პატარა საკუჭნაო ოთახში ინახებოდა, რომელიც, ამავდროულად, იყო მენეჯერის კაბინეტიც, სეიფის შესანახიც და პერსონალის სასადილოც. მახსოვს პირველ დღეს კარში ძლივს შევედი, რადგან შესვენებაზე მყოფი თანამშრომლებიც იქ იყვნენ იმ დროს – ზოგი ყუთზე ჩამომჯდარი, ზოგიც სადღაც კუთხეში აყუდებული. მენეჯერიც იქვე იჯდა და კომპიუტერიდან ამომხედა „შენ ახალი ხარ?“-ო. ფილმებში მქონდა ნანახი მსგავსი სურათი. იქვე აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, წინა თანამშრომლის დატოვებული ჟილეტი მომცეს, რომელიც იმდენად ჭუჭყიანი იყო, რომ ვერ ჩავიცვი. მეორე დღეს კი მენეჯერმა თავისი გამონაცვალი პერანგი მომცა. ჩემთვის ფორმა არც არასდროს შეუკვეთეს… გარდა ამისა, მთელს ფილიალში მხოლოდ ერთი ქუდი იყო და ამ ქუდს იხურავდა, დაახლოვებით, 20 სხვადასხვა თანამშრომელი. მზა კვებაშიც მიწევდა მუშაობა და იქ ცელოფანს ვიფარებდი ხოლმე თავზე. ამაზე სულ შენიშვნას მეუბნებოდნენ, ამიტომ ქუდს ამ ცელოფნის ზემოდან ვიდებდი, იმდენად ჭუჭყიანი იყო.

თანამშრომლებს საჭმელად და დასასვენებლად გამოყოფილი გვქონდა ერთი საათი, რომელსაც სრულად ვერ გამოიყენებდი იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ პატარა ოთახს მულტიფუნქციური დანიშნულება ჰქონდა და თან, მუდმივად, იყო კადრის ნაკლებობის პრობლემა მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ნათლად იყო სამუშაო გაწერილი, ზემოთ აღწერილი სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივად, არასოდეს მქონია. ვმუშაობდი დილის 9-დან საღამოს 9-მდე და მეორე დღეს საღამოს 9-დან დილის 9-მდე. დღეში 12 საათს. არ ვწუწუნებდი. ვფიქრობდი, პირველი სამსახურია, მოდი ცოტახანს გავუძლებ… ყოფილა შემთხვევა, როდესაც პერსონალის ნაკლებობის გამო, 24 საათიც მიმუშავია.

ვითავსებდი ოთხ პროფესიას: ერთდროულად ვიყავი მოლარეც, კონსულტანტიც, ხაზის მწარმოებელი (მზა პროდუქტების კონსულტანტი) და ხანდახან დამლაგებელიც, რადგან ეს უკანასკნელი SPAR Georgia-ს, იმ ფილიალის კადრში გათვალისწინებული არ ჰყავდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაღაზიაში იყო და დღემდე არის მოძველებული სალარო აპარატები, რომლებსაც კარგა ხანია აღარ იყენებენ არსად. ტექნიკა ძალიან ნელა, ხარვეზით მუშაობს და იწვევს რიგებს სალაროსთან, რაც დამატებითი სტრესია მოლარისთვის.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ. დელეგაცია მოდიოდა შემოწმებაზე და მოგვიწია, რომ რაც მაღაზიაში (ავტ. Spar Georgia-ს ერთ-ერთი ფილიალი) არასტანდარტულად იყო დალაგებული, შეგვეტანა იმ ე.წ. საწყობში თუ სასადილო/მენეჯერის ოთახში, სადაც ისედაც, პრაქტიკულად, არ იყო არაფრის ადგილი. მე, რა თქმა უნდა, არ მქონდა (არ შემიკერეს) ის ფორმა, რომელიც სტანდარტით უნდა მცმოდა. ამიტომ, მეც, არასტანდარტულ პროდუქტთან ერთად, საწყობში განმათავსეს. არც კი ვიცი ლუდის ყუთების თავზე როგორ ვიდექი, ყუთებმა ვერ გამიძლო და ძირს გადმოვვარდი… სხვა შემთხვევაც მოხდა, როდესაც ადმინისტრატორს მუშაობის დროს ჩამოვარდნილი თარო თავში მოხვდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ამაზე არც კომპანიის და არც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა რეაგირება. მხოლოდ კომპანიის შიდა მონიტირინგი ტარდებოდა პერიოდულად, რაც ყოველთვის წინასწარ იყო ცნობილი და ვემზადებოდით.

კონტრაქტის მიხედვით, ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 377 ლარს შეადგენდა. დაბეგვრის შემდეგ კი 307 ლარი უნდა ამეღო. სამი თვე ვიმუშავე და მე, რეალურად, ეს თანხა არც არასდროს ამიღია. პირველი თვის ხელფასი იყო 109 ლარი, შემდეგ თვეში ავიღე 295,61 ლარი, მესამე თვეს კი (ჯამში 208 სამუშაო საათი) 148.64 ლარი.

მოკლედ, ფაქტი იყო, რომ 148.64 ნამდვილად არ უდრიდა 307 ლარს. როდესაც დამაინტერესა ხელფასის დაკლების მიზეზი, მენეჯერმა ამიხსნა, რომ მაღაზიას აქვს დანაკლისი და ხელფასებიდან დაგვექვითა 40%. აქ საინტერესო იყო ის, რომ აღნიშნულ მაღაზიას დანაკლისში ეწერა ისეთი პროდუქცია, რომელიც არასდროს მიუღია გასაყიდად. მაგალითად, 365 ჩიზქეიქი, რომელიც ჩემი იქ მუშაობის სამი თვის მანძილზე ქსელში არასდროს ყოფილა.

ხელფასის 52% დაქვითვა, ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. განცხადება დავწერე, სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, რაღაც მომემოქმედებინა. პირველ რიგში მინდოდა, რომ ჩემი მეგობრებისთვის და სხვა ჩემნაირი, სამუშაოს მაძიებელი სტუდენტებისთვის, ჩემი გამოცდიელბა გამეზიარებინა. მახოსვს, როდესაც 148.64 ლარი (307 ლარის ნაცვლად) ჩამერიცხა ხელფასის სახით, Facebook-ის პოსტში მოვყევი მთელი ჩემი მუშაობის ეს გამოცდილება და დავიძინე. აღმოჩნდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახა და გააზიარა ეს პოსტი. ამით მივხვდი, რომ ჩემი ამ გამოცდილებით, საზოგადოებრივ გარდატეხაში წვლილის შეტანა შემეძლო. ამისათვის კი უფრო აქტიური ბრძოლა უნდა დამეწყო და სასამართლოში წავსულიყავი. მივმართე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და პროცესი დავიწყეთ. პირველი სასამართლო სხდომიდან წელიწადზე მეტი გავიდა. შემდეგი სასამართლო პროცესი კი 9 ივნისს არის ჩანიშნული”.

მსგავსი ისტორიები