ციალა ცაძიკიძე, 59 წლის, იტალია

“13 წელი ხდება მარტში, რაც მიგრანტი ვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ, მაქსიმუმ, 5 წელი დავრჩებოდი აქ და ვითომ ეს 5 წელი ციხეში ვყოფილვარ-მეთქი. იტალიაში რომ ჩამოვედი და ზოგიერთი ამბობდა, რომ უკვე ორი წელია აქ ვარ, ან სამი წელიაო, ვაიმე, ისე შევნატროდი! ამდენი ხანია აქ არიან, უკვე ენაც იციან, უკვე შეგუებულებიც არიან… მე როდის გამივა ეს ორი და სამი წელი-მეთქი. და აი, მეცამეტე წელია … ადამიანი ეტყობა ყველაფერს ეჩვევა და ეგუება. პირველად რომ ვერ წარმომედგინა, ახლა მანდ რომ ჩამოვდივარ, უკვე გაუცხოებულად ვგრძნობ თავს. თითქოს ჩემს ადგილს ვეღარ ვპოულობ. აქ რომ სამუშაო მაქვს და ვიღაც მელოდება, უფრო საჭიროდ ვთვლი თავს. შვილებიც გაიზარდნენ, მათ ჩემი თავი აღარ სჭირდებათ, ყველა საკუთარი საქმით არის დაკავებული და მე კიდევ მანდ, რაღაც, უფუნქციოდ ვგრძნობ თავს. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიხარია ხოლმე და წელიწადში ერთხელ რომ არ ჩამოვიდე, მართლა ძალიან ძნელია. მაგრამ, მოდიხარ და გგონია რაღაც გამოსწორდა – რაღაცა აშენდა, რაღაცა გაკეთდა… ამ დროს განსაკუთრებულ წინსვლას ვერ ხედავ, აქედან ჩამოსულს ყველაფერი შავად გეჩვენება თითქოს. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩვენში!

თავიდან რომ წამოვედი, ჩემი გული მანდ დარჩა. მარტო მე კი არა, 45 ქალი მივდიოდით იმ ავტობუსით და რომ გადახედავდი, ყველას სახეები ჩამოსტიროდა და ძალით ვიმხნევებდით თავებს. არაფერი ჩვენ არ გვიხაროდა, არადა პირველად ვიყავით საზღვრებსგარეთ და ყველაფერი ხომ საინტერესო უნდა ყოფილიყო? მაგრამ არ გვაინტერესებდა, ისეთი დარდიანები და გულმოკლულები ვიყავით.

რა გამიჭირდა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, შვილების და ოჯახის დატოვება. მანამდე ჩემს გარეშე არასოდეს ყოფილან და არ ვიცოდი – რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. ყველაზე მეტად უმცროსი შვილის დარდი მქონდა, რომელიც ძალიან პატარა, 12 წლის დავტოვე. მადლობა ჩემს შვილებს, რომ ყველაფერი კარგად წავიდა და მათ არანაირი პრობლემები არ შემიქმნეს. კარგი ამბები რომ მესმოდა შვილებისგან, მერე უკვე აღარ მიჭირდა. ბევრი რამ გადამხდა აქ ყოფნისას, თუნდაც ის, რომ მეუღლე გარდამეცვალა და მე ვერ ჩავედი საქართველოში. მაგრამ სასიხარულოც მაქვს – ჩემმა შვილებმა მიიღეს განათლება, ჩემი დახმარებით და იპოვეს საკუთარი გზა! სხვა რა გვიხარია აქ?! ჩვენ ხომ აქ პატიმრები ვართ ფაქტიურად! ჰო, თავისუფლად ვერსად ვერ გახვალ. აი, ახლაც ორი საათით ვიყავი გასული და გულგახეთქილი მოვვარდი. ხუთი წუთიც რომ დამგვიანებოდა, ეს ქალი ატეხავდა ზარებს. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. მართალია ეგ ორი საათი მე მეკუთვნის და უნდა გავიდე. იმ პერიოდში რამეც რომ მოხდეს, შენ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მაინც უდიდესი სტრესია – რომ წაიქცეს ან სხვა რაღაც დაემართოს?! ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენ მოხუცების ცხოვრებით ვცხოვრობთ აქ – ამათ რაც ესიამოვნებათ, ის უნდა ვაკეთოთ. ბევრჯერ გინდა ფანჯარა გააღო, გაანიავო და არ გაქვს უფლება. იმიტომ, რომ მას სცივა; გინდა რომ ტელევიზორი ისეთ დროს ჩართო, როცა შენ გინდა ყურება და ვერ ჩართავ. იმიტომ, რომ ის წუხდება და არ სიამოვნებს. ყველაფერში შეზღუდული ხარ, რადგან სხვის სახლში ხარ! მე მეცამეტე წელია სხვის სახლებში და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ. კიდევ, ემოციურად ძალიან რთულია, როცა ის ვისაც უვლი, გარდაიცვლება. რამდენი ასეთი შემთხვევაც მქონდა, ჩემი გულის ნაწილი გადავაყოლე. ადამიანაია, რომელსაც შენ უვლი, ზრუნავ. სიკვდილის შემდეგ კი, როცა ვუყურებ მის ნივთებს იმ სახლში, რაღაც საშინელება მემართება. ეს სამუშაო მორალურად არის ძალიან ძნელი და არა იმდენად ფიზიკურად.

ქალის და კაცის ურთიერთობებს რომ ვაკვირდები, ვხედავ აქ მეტად ეხმარებიან ცოლებს და მეტ პატივს სცემენ ქალებს. აი, მაგალითად, ჩემი მოხუცის ბიჭი შვილი როცა მოდის ხოლმე, ხშირად ეჩქარება, რადგან ან სარეცხი აქვს გასარეცხი, ან საჭმელი გასაკათებელი. ამას როცა ვუყურებ და სიტუაციას ვადარებ საქართველოსთან, ვხვდები, რომ საქართველოში ქალებს მართლა საცოდაობაში გვიცხოვრია და მგონია, რომ ბევრ ქალს ამიტომაც აღარ უნდა უკან დაბრუნება.

ჩემი სიბერეც ძალიან მაშინებს. მე ხომ იმ პენსიით ვერ ვიცხოვრებ, რაც დღეს საქართველოშია?! ამათი მოხუცები ბედნიერები არიან, რადგან პენსიები აქვთ იმხელა, რომ მომვლელსაც ქირაობენ, საკუთარ წამლებსაც ყიდულობენ და ერთ ევროსაც არ ახარჯვინებენ შვილებს. ამიტომაც მე უკვე ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს სიბერეზე…

დაბრუნების მთავარი შიში ის არის, რომ მე ამ ასაკში მანდ სამუშაოს ვერ ვიპოვნი და სულ ვფიქრობ, რა უნდა აკეთოს საქართველოში ჩამოსულმა ჩემი ასაკის ქალმა?! ჩემს შვილებს შევყურო ხელებში? მე აღარ მინდა უკან გაჭირვებაში დავბრუნდე და ვერანაირ პერსპექტივას იმისას, რომ ეს არ მოხდება, ვერ ვხედავ. აქაურობას უკვე შევეგუე, შვილებთან სიშორესაც, თან არც ისეთი მოხუცი ვარ, ანუ მე ჯერ ისევ შემიძლია და აქ ვაგრძელებ მუშაობას!”

მსგავსი ისტორიები