ციალა ცაძიკიძე, 67 წლის, ემიგრანტი რეჯო-ემილია, იტალია
,,არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს იყო იძულებითი ემიგრაცია. ჩემს შვილებს სხვანაირად განათლებას და, საერთოდაც, მომავალს ვერ მივცემდი. მართალია, სამსახური მქონდა, მაგრამ იმდენად მიზერული იყო ჩემი ხელფასი, თვიდან თვემდე საკვებზეც კი არ გვყოფნიდა.
აგერ უკვე 20 წელი გავიდა, რაც ემიგრაციაში ვარ. კერძოდ, იტალიაში. ამასობაში პენსიონერიც გავხდი. მაგრამ იმდენად მიზერული პენსიები და ხელფასებია ჩვენთან, საქართველოში, რომ მე ისევ დიდი შიში მაქვს მანდ დაბრუნების. აღარ მინდა იმ გაჭირვებაში დავბრუნდე, რასაც გამოვექეცი. ვერცერთმა მთავრობამ ამ დრომდე ხალხი გაჭირვებიდან ვერ ამოიყვანა. ხელფასები და პენსიები თუ არ გაიზარდა, კი არ დავბრუნდებით, პირიქით, ყოველდღიურად გაიზრდება ემიგრანტების რიცხვი. ამასობაში დაიცალა საქართველო ქართველებისგან.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ შეწყვიტონ ხალხის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების შანტაჟი და მუქარა. ხალხს მიეცით თავისუფალი არჩევანის უფლება. ზღვარს გადავიდა თქვენი არასწორი ქმედებები. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მოვუწოდებ, რომ ხალხს ნუ მისცემთ ცრუ დაპირებებს. რასაც შეგვპირდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეასრულოთ. სხვანაირად არაფერი შეიცვლება და ჩავრჩებით იქ, სადაც ვართ.
ხალხს მოვუწოდებ, რომ აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე. შევცვალოთ მთავრობა, რომელმაც ვერაფერი გააკეთა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. პირიქით, ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენა და ევროპულ მომავალსაც გვაკარგვინებს მცდარი ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით.
ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ევროპულ მომავალს. ჩვენი მომავალი ევროპაშია! არა რუსეთს!”