ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა. 94 წელი ყველაზე რთული გასახსენებელია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ბიჭი მაშინ 6 თვის იყო, როცა რუსეთმა ჩეჩნეთზე პირველი ბომბდამშენი იერიშები განახორციელა. გროზნოში ვცხოვრობდით იმ დროს. წარმოგიდგენიათ, ქალს ჩვილი უჭირავს ხელში და აჭმევს და ამ დროს ხედავს, ცა როგორ ნათდება და ექვს-ექვსი ბომბარდიორი თვითმფრინავი, როგორ სერავს ცას და ყრის ბომბებს. ერთადერთი ინსტინქტი, რაც ამ დროს გაქვს არის გადარჩენის ინსტინქტი. უნდა გადარჩე, უნდა გადაარჩინო შვილი და თავი შეაფარო უფრო უსაფრთხო ადგილს. ეს ადგილი ჩეჩნებისთვის მიმდებარე სოფლები იყო. იმავე საღამოს დავტოვეთ გროზნო და ახლომდებარე სოფლებს შევაფარეთ თავი. მაგრამ დაღამებულიც არ იყო, რომ რუსების ბომბდამშენებმა ამ სოფლებსაც მიაგნეს. მართლაც სასწაულით გადავურჩით სიკვდილს. ჩვენი თემის გადაწყვეტილებით იმავე ღამეს გამოვეშურეთ საქართველოსკენ, სადაც ყველაზე უსაფრთხო გარემო გვეგულებოდა.

ძველით ახალი წლის ღამე იყო, კარგად მახსოვს, საქართველოს საზღვარს რომ მოვადექით. ჩვენთან ერთად ბევრი ქალი, ბავშვი და მოხუცი მგზავრობდა. რუსეთის სასაზღვროზე რამდენიმე დღე-ღამე გაგვატარებინეს. მე ხელში 6 თვის ბავშვი მეკავა და საჭმელიც არ მქონდა, რომ მიმეცა. დავდიოდით ქალები და ვეხვეწებოდით რუს ჯარისკაცებს, ნუთუ ცოლები არ გყავთ, შვილები არ გყავთ, რომ ჩვენს მდგომარეობაში შეხვიდეთ-თქო. ვთხოვდით, ერთი ჭიქა ადუღებული წყალი მოეცათ, რომ „პეჩენიები“ დაგვესველებინა და ისე მიგვეცა ბავშვებისთვის. თუ რამე არსებობს ჩემს ცხოვრებაში შავი პერიოდი, ეს ის დრო იყო. როგორც იქნა საქართველომდე ჩამოვაღწიეთ. აქ ჩემი მშობლები მელოდებოდნენ და უფრო მშვიდად ვგრძობდი თავს. იმის გამო, რომ საკმარისი სახლი არ არსებობდა იმ პერიოდისთვის, ჩვენ რამდენიმე ჩეჩენი ლტოლვილი შევიფარეთ. წარმოიდგინეთ, 90-იან წლებში, როცა მთელ საქართველოს უჭირდა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს როგორ უთმობდნენ ყურადღებას. იმ პერიოდში არანაირი სოცილაური დახმარება არ არსებობდა ჩვენთვის. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი საბჭო გვეხმარებოდა მხოლოდ.

2008 წელს ჩემი ქმარი გარდაიცვალა და 2 ბავშვთან ერთად აღმოვჩნდი სრულიად მარტო ცხოვრების პირისპირ. 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქეობაც არ მქონდა და არადა რამდენი მჭირდებოდა რომ თუნდაც ბავშვები სკოლაში გამეშვა, ჩაცმულები, წიგნებით და რვეულებით სავსე ჩანთებით… ამ პერიოდისთვის უკვე ორი შვილი მყავდა. ჩემს ბიჭს ძვლის რთული ინფექცია აღმოაჩნდა და სასწრაფო მკურნალობას მოითხოვდა. ისევ გაერო დაგვეხმარა 23,000 ლარით, თორემ დავკარგავდი ბავშვს.
ახლა უკვე შვილიშვილი მყავს. მიხარია, რომ ქმრის დაღუპვის შემდეგ, საკუთარი თავის რეალიზება შევძელი. პანკისში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა და იმისი კოორდინატორი ვარ. ამ ცენტრში რამდენიმე წრე არის ახალგაზრდა ქისტი თემისთვის: უცხო ენების, მათემატიკის, უნარ-ჩვევების, მუსიკის, პროფესიული ტექნიკების. მეც ამ წრეების კოორდინატორად ვმუშაობ. ჩემი ოჯახისთვისაც შემოსავალი მომაქვს და ახალგაზრდებსაც ვუკვალავ გზას, ჩემზე უკეთესი ცხოვრება ქონდეთ“.

მსგავსი ისტორიები