ციცინო შენგელია, 31 წლის, ზუგდიდი

„2003-2008 წლებში ბანკში ვმუშაობდი საკრედიტო ოფიცრად. პირველად სწორედ იქ გავიაზრე, რამდენი ქალი ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილებზე. პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც კონტრაქტი წავიკითხე, რომელშიც საკუთარი კაბის სიგრძე მილიმეტრებით იყო გაზომილი. გარდა ამისა, სამეგრელოში, ზუგდიდში, იმ პერიოდში 3 გოგო ვიყავით მხოლოდ ამ თანამდებობაზე და ეს საბანკო სტრუქტურაში დიდი დავის საგანი გამხდარიყო. ზოგი ამბობდა, გოგოებს კრედიტორების ფინანსური შემოწმების ტვინი არ ეყოფოდათ, ზოგიც იმაზე საუბრობდა, რომ სესხის გატანა და დამტკიცება კომიტეტებზე გაგვიჭირდებოდა. თუმცა ძალიან ცოტა ხანში შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ არანაკლები პორტფოლიო გვქონდა, ვიდრე ეს ჩვენს პოზიციაზე მყოფ კაცებს გააჩნდათ.

კიდევ ერთი მომენტი მახსენდება, როცა კორპორატიული წვეულება იყო, გოგოების ქმრების დაპატიჟება არ იყო მიზანშეწონილი, მაშინ როცა კაცებს ყოველთვის თან ახლდათ ცოლები. 17 კაცი მუშაობდა და 3 ქალი მუდმივად ვიბრძოდით იმისათვის, რომ ადგილი დაგვემკვდრებინა, გაცილებით მეტს ვმუშაობდით, რომ არავის ეთქვა, ქალია და ვერ გვეწევაო. გარდა ამისა, მიწევდა კაცური, იაფფასიანი, სექსისტური ხუმრობების მოსმენა ქალებზე და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამით იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ბიზნესის სამყარო კაცებს ეკუთვნის და ქალები ამ სამყაროში მათი ზედნაშენია.

სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა ყოველთვის რთულია ქალისთვის და, თითქოს არ გპატიობენ იმას, რომ უფრო მეტი გინდა. მაგალითად, ჩემი კონტრაქტი ითვალიწინებდა გარკვეული დროის შემდეგ ხელფასის ზრდას და დაწინაურებას. თუ ეს პროცესი ჩემს კოლეგა კაცებში ავტომატურად მიმდინარეობდა, მე მიწევდა უფროსებისთვის ამის რამდენჯერმე შეხსენება. მახსოვს, ერთ-ერთ საჯარო სამსახურში სტაჟიორად დავიწყეთ მუშაობა ერთდროულად მე და რამდენიმე ბიჭმა. სტაჟიორობის პერიოდი 3 თვეს ითვალისწინებდა. სამი თვის გასვლის შემდეგ, ყველა ბიჭი შტატში ჩაჯდა, მე კიდევ მომდევნო 2 თვე ისევ სტაჟიორად. სტაჟიორი ხომ ჩვენთან მონასთან არის ასოცირებული. ძირითადად შავ სამუშაოს ვასრულებდით. კულმინაცია ის იყო, რომ ამ 5 თვის თავზე, ღამის სამ საათზე დამირეკეს და მთხოვეს, უცხოელი სტუმრები სადმე დამებინავებინა. მეორე დღესვე მოვითხოვე შტატი, თუ არა და წასვლა გადავწყვიტე. იმავე დღეს გამიფორმეს კონტრაქტი. ასეა, ის რაც კაცებს „ბუნებრივად“ ეკუთვნით, ქალებს გაათმაგებული შრომისა და თხოვნის სანაცვლოდ ეძლევათ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქალები მივეჩვიეთ „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ პრინციპით ცხოვრებას. არ ვეგუებით წინააღმდეგობებს, არასოდეს დამიხევია უკან, არ დამიჯერებია, რომ არსებობს კაცური და ქალური პროფესიები და საქმეები, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც მივდივართ წინ, რადგან ვიცი, რომ ჩემს უკან არის ქალი, რომელიც იგივე გზას გამოივლის და ბედნიერი ვიქნები თუ ვინმესთვის შევძლებ ამ გზის გაკვალვას.“