ხათუნა გოგორიშვილი – გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი
პარტია – „ევროპული საქართველო“
„ხშირად ვხუმრობ, საბავშვო ბაღიდან პირდაპირ პოლიტიკაში წავედი-მეთქი და 30 წელზე მეტია, აქტიურად ვარ ჩართული.
1984 წელი იყო, ბიოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჯგუფში ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი, ვანო ხუხუნაიშვილი შემოვიდა, რამდენიმე სტუდენტს მოგვმართა, თქვენი ნდობა შეიძლებაო და მერაბ კოსტავას წერილი წაგვაკითხა, რომელიც ციხეში ჰქონდა დაწერილი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ეროვნულ მოძრაობასთან. შემდეგში ისევ ვანო გვამარაგებდა ლიტერატურითა და სხვა მასალებით და როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ამ მოძრაობის ნაწილი გავხდი.
ერთი, რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ის იყო, რომ 1989 წელს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პირველი მრავალპარტიული არჩევნების შესახებ. მანამდე კანონში პირდაპირ ეწერა – არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კომუნისტურ პარტიას ჰქონდა. ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოთხოვნა და როცა ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა, მივხვდი, რომ ჩართულობას ყოველთვის შეუძლია ცვლილებების მოტანა, ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 30 წელია, ბრძოლის რეჟიმში ვართ.
თუ მკითხავენ, საქართველო როგორი ქვეყანა გინდა იყოსო, ვუპასუხებ – ისეთი, რუსთაველზე საპროტესტო აქციების გამართვა რომ არ მოგვიწევს და მიტინგების გარეშე იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.
31 წლის ვიყავი, როცა პარლამენტის აპარატის უფროსი გავხდი და 1023 ადამიანის ხელმძღვანელობა ჩამაბარეს. ორგანიზაციულ-მენეჯერული უნარები გამაჩნია და ასეთ პოზიციაზე ამ ნიშნით მოვხვდი.
ადრე არასდროს მიფიქრია ქალთა ჩაგვრასა და ბარიერებზე და როცა ამბობდნენ, რომ ვინმეს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, უბრალოდ, არ მჯეროდა. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ სხვების რეალურ მაგალითებს არ გადავაწყდი. ვინც ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება შემიცვალა და ქალების გენდერული ნიშნით ჩაგვრა სხვა თვალით დამანახა, რუსუდან კერვალიშვილი იყო, რომელიც ამ თემებზე მუშაობდა. რუსუდანმა თავისი საქმიანობით აბსოლუტურად შეცვალა ჩემი პირველადი დამოკიდებულება და მას მერე, პარტიაში თუ პარტიის მიღმა, აქტიურად დავიწყე იმ ქალების უფლებების დაცვა, ვისაც ეს სჭირდებოდა.
შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი ქალი შემოვიყვანე პოლიტიკაში, რომლებმაც თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს და ეს ძალიან მახარებს. როცა მეკითხებიან, რამდენი კაცი და ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, ვპასუხობ – იმდენი, რამდენსაც სურს. მთავარია, ისეთი გარემო იყოს, ვისაც ამისი სურვილი აქვს, ეს შეძლოს და სხვადასხვა ბარიერმა ხელი არ შეუშალოს.
მიმაჩნია, რომ ქალებს ბევრი მიმართულებით უნდა შევუწყოთ ხელი და განათლების მიღება და პროფესიული ზრდა გავუმარტივოთ. მაგალითად, თუ შევხედავთ სტატუსშეჩერებული სტუნდენტების სტატისტიკას, სოლიდურ ნაწილს ახალგაზრდა ქალები წარმოადგენენ, რომლებიც გათხოვდნენ, შვილი გააჩინეს და სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლეს იმიტომ, რომ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ. ჩემი ინიციატივაა, ყველა უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდეს თავის რეჟიმსა და გრაფიკზე მორგებული საბავშვო ბაღები დაოჯახებული სტუდენტებისთვის. მე ერთი მაგალითი მოვიყვანე და შემიძლია, ამაზე დაუსრულებლად ვისაუბრო. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ქალებს არ შეეშინდეთ განათლების მიღების, არც პოლიტიკური თუ სხვა აქტივობის და ოჯახსა და კარიერას შორის არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება.
იმ პარტიებში, რომელშიც მე ვყოფილვარ, დისკრიმინაციული პრაქტიკები არ მახსენდება. ჩვენ, ქალებს მოგვიხერხებია, რომ კაცი ლიდერებისთვის შეგვიცვლევინებია გადაწყვეტილება. თუმცა ყოველთვის კრიტიკული ვიყავი და ვარ ერთი ფაქტის მიმართ – როცა ახალი ქალი მოდის პარტიაში, მის მიმართ განსხვავებული შეკითხვებია. კაცებს არავინ ეკითხება, რამდენი შვილი ჰყავს და არის თუ არა დაოჯახებული. ქალის შემთხვევაში, როდესაც მას ოჯახი და შვილები ჰყავს, პოლიტიკაში მისი სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებენ. არადა, ქალს ზუსტად იმდენი შვილი ჰყავს, რამდენიც თავის ქმარს. თუმცა ჩვენს პარტიას მრავალშვილიანი ქალების მიმართ სოლიდარობის გამოცდილებაც ჰქონია. მაგალითად, ფრაქციის სხდომა იმის გამო შეგვიცვლია, რომ ელენე ხოშტარიას შვილს ბაღში ზეიმი ჰქონდა. არ გვაქვს ხისტი დამოკიდებულება, ვითვალისწინებთ ქალის საჭიროებას და ასეთი პრაქტიკა ყველა სამსახურში უნდა იყოს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი უფრო აქტიური ამომრჩეველია და ეს ჩემთვის იმის ინდიკატორია, ქალების მოთხოვნებს ყურადღება რომ უნდა მივაქციოთ. ჩემი დაკვირვებით, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახების დაცულობა და კეთილდღეობა. როცა ქალს ესაუბრები, ის მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ის ფიქრობს თავის ოჯახზე, შვილებზე, მათ მომავალზე, გარშემომყოფებზე და გადაწყვეტილების მიღების დროს, მრავალსაფეხურიანი ლოგიკა ახასიათებს. ქალი გათვლებით აზროვნებს, რაც მისი სოციალური გამოცდილებით არის განპირობებული, ამიტომ პოლიტიკოსი ქალებიც უფრო გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებებს იღებენ.
მაჟორიტარობა ჩემთვის სრულიად ახალი სფეროა, თუმცა ძალიან საინტერესოა წინასაარჩევნო კამპანია. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ გურულებთან შეხვედრითა და საუბრით. შეხვედრას, რომელიც 1 საათი უნდა გაგრძელდეს, 3 საათს ვანდომებ. საოცარად ენაკვიმატები და ოპტიმისტები არიან. როცა ვეკითხები, როგორ არიან, იმის მაგივრად, რომ მიპასუხონ, ძალიან ცუდადო, აუცილებლად მეტყვიან: „რაფერ ვარ და იგი ძველი ანეგდოტი გახსოოვს?! ” და ისეთ ხუმრობას მოგიყვებიან, კი გაგეცინება, მაგრამ მიხვდები, რომ ძალიან უჭირთ.
გურიას ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება. რეგიონში ძალიან მწირი სამუშაო ადგილებია, არადა, ეს პრობლემა ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარებულიყო. მაგალითისთვის, შემიძლია, სახელმწიფო აუდიტის დასკვნებში მითითებული რამდენიმე მილიონი მოვიყვანო, რომელიც გურიის რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯა და ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი თანხაა. პროექტების უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა და გაკეთებული ინფრასტრუქტურა მალევე ჩამოიშალა. ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა ჩირის საშრობი საწარმოები გაკეთებულიყო. ამ ტიპის სახელმწიფო ინვესტიცია ადგილობრივ მცირე მეწარმეებს და განსაკუთრებით, ქალებს (რადგან ბაღებში ქალები შრომობენ) მისცემდა ადგილობრივი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას, რამდენიმე ასეული ადამიანიც დასაქმდებოდა. ახლა გურულებს კივი და ფეიხოა ულპებათ, რადგან ბაზარი არ აქვთ გასასაღებლად, ამ დროს კი, 400 ტონა ამ ნედლეულის ჩირიდან, 370 ტონა იმპორტირებულია.
გურიისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ახალგაზრდები დიდ ქალაქებში აღარ მიდიოდნენ. უამრავ ახალგაზრდას შევხვდი და მათთვის ეს რეგიონი საინტერესო და მიმზიდველი არაა. გარდა იმისა, რომ ინტერნეტის პრობლემაა, ახალგაზრდებისთვის არ არსებობს თავშეყრის სივრცეები, სადაც გაერთობიან, დაიხარჯებიან, ერთმანეთს აზრებს გაუცვლიან და არაფორმალურ განათლებას მიიღებენ. ინტერნეტიზაცია და განათლება დღეს საქართველოში პრიორიტეტული უნდა იყოს.
დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რა აქვთ საერთო. უნდა შეიცვალოს მართვის ის სტილი, როდესაც ცალკეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გამარჯვებასა და ხელისუფლებაში მოსვლას. ამისათვის, უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ საუკეთესო მმართველობა კოალიციური მთავრობის შემთხვევაში იქნება. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ყველა ის პარტია, რომელიც არ არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულების, შეუძლებელია, მათთან რამე საერთო მქონდეს. ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ყველაზე მნიშვნლოვანია. სხვა მხრივ, განსხვავებული ხედვის მქონე პარტიებთან თანამშრომლობის მომხრე ვარ იმიტომ, რომ ეს არის ბერკეტი, ერთი პარტიის გადაწყვეტილებები სხვადასხვა რაკურსით გაიტესტოს და ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება შეირჩეს. საქართველოში ამით 30-წლიანი ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება. “
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.
#პოლიტიკაSHE #მეტიქალიპოლიტიკაში #არჩევნები2020