ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი

სცენაზე
——————————-
„2002 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძეს რომ დაურეკა, მეგობარი მყავს, კარგ მუსიკას აკეთებს და იქნებ მოუსმინოთო. მეორე დღეს 33ა-ს სტუდიაში ფაქტის წინაშე დამდგარმა, ჩემი ძველი ლენინგრადის გიტარა ავიღე ხელში და დავუკარი. არც ვიცი, როგორ გავბედე. ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამიბარეს ჩაწერაზე. იმ დღეს ნიაზმა ახალი, პროფესიონალური გიტარა დამახვედრა და მაჩუქა. მახსოვს, უხერხულობისგან არ მომქონდა სახლში. ეს იყო ერთერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია. მაშინ მოხდა პირველად ჩემი დაკავშირება სხვადასხვა მუსიკოსებთან და უკვე სცენაზეც წარვსდექი. მუსიკას და ტექსტებს მე ვწერდი და ვასრულებდი ბენდთან ერთად. არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა ჩვენი მუსიკის სტილს, ფოლკის, ეთნო როკის ელემენტების მქონე ქართული მუსიკა ალბათ. ვუკრავდით ფესტივალებზე, თეატრალური სარდაფის სცენაზე, არტ კაფეებში. მუსიკამ გამაცნო ჩემი მეორე ნახევარი – გიორგი ომაძე. 2003 წლიდან ვუკრავდით ერთად.

2008 წელს ვიქორწინეთ. მალე დაჩიც შეგვეძინა. ბოლო კონცერტი, უფრო მუსიკალური საღამო 2010 წელს გვქონდა, მხოლოდ მე და გიო ვუკრავდით. მას მერე მუსიკას ნელნელა დავშორდი. ბევრი მიზეზის გამო. ადამიანისთვის, მით უფრო ქალისთვის საქართველოში მუსიკის კეთება დიდი ფუფუნებაა. როცა სხვა ბევრი ვალდებულება გაქვს – სწავლა, სამსახური, საიდანაც შემოსავალს იღებ და ოჯახი, რომელზეც უნდა იზრუნო, ხელოვნება გვერდით რჩება. გვერდზე გადადებული და სულ ცოტა თავისუფალი დროის იმედად დარჩენილი მუსიკა კი ხარისხიანი არასდროს გამოდის. გული მწყდება, მაგრამ ასე გამოვიდა, მიუხედავად ბევრი კარგი ადამიანის მხარდაჭერისა და მცდელობისა, მაინც ვერ დავრჩი ამ ჩემთვის ძალიან საყვარელ სფეროში.”

პროფესია
——————————————
„მიკრობიოლოგი ვარ და სადოქტორო ხარისხზე ვმუშაობ, კერძოდ სალმონელას სპეციფიური ბაქტერიოფაგების კვლევაზე. ვმუშაობ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელთა უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ. რაც უცხოელი კოლეგების გაკვირვებასა და აღფრთოვანებასაც კი იწვევს, როგორც ჩანს, ამდენი აქტიური მეცნიერი ქალი, არც თუ ისე ხშირია სხვაგან. ვინაიდან ბაქტერიოფაგი ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივად მოიაზრება, ჩვენი ინსტიტუტი საკმაოდ დიდი ყურადღებით სარგებლობს მსოფლიო სამეცნიერო წრეეების მხრიდან. ჩვენი ინსტიტუტის დამაარსებლის – გიორგი ელიავას სახელი ბაქტერიოფაგის აღმოჩენას უკავშირდება და ფაგოთერაპიის ყველაზე პირველი მცდელობებიც ელიავას ინსტიტუტის დიდი ისტორიის ნაწილია.”

დაჩი
———————————————–
ეს უსაყვარლესი ბიჭი ჩვენს ცხოვრებაში 2009 წელს გაჩნდა და უდიდესი სიხარული მოიტანა. წლამდე ჩვეულებრივ ვითარდებოდა, ასაკის მატებასთნ ერთად კი გარკვეული ეჭვები გაგვიჩნდა, ის თავისი ქცევით, მეტყველების უნარით, ინეტერესებით მისი თანატოლებისგან განსხვავდებოდა. ინტერესდებოდა მხოლოდ მბრუნავი საგნებით და თუ ასეთი საგანი არ ქონდა, თვითონ იწყებდა წრეზე ბრუნვას. პოლიკლინიკის ნევროლოგმა ეჭვიც არ მიიტანა აუტიზმზე და პრაქტიკულად რამდენიმე თვე დავკარგეთ, როცა შეიძლებოდა ინტერვენცია უფრო ადრე დაწყებულიყო. იმის თქმა მინდა, რომ მაშინ 2011 წელს, ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ იყო მზად. პოლიკლინიკის ნევროლოგს და პედიატრსაც უნდა შეეძლოს ეჭვის მიტანა ამ დიაგნოზზე და მშობლის ინფორმირება, რომ არ დაიკარგოს მართლაც უძვირფასესი დრო, რადგან კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრე იწყება ჩარევა პროფესიონალთა მხრიდან, მით უკეთესია შედეგი, რაც შემდგომში ბავშვის ცხოვრების ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს. დღესდღეობით, აუტიზმის ცნობადობის დონე ბევრად მაღლია, ვიდრე ეს იყო 2011 ში და შესაბამისად ადრეული მიმართვიანობაც გახშირდა.

2 წლის იყო დაჩი, როცა იმ დროისათვის ჩვენთვის სრულიად უცნობი დიაგნოზი – ბავშვთა აუტიზმი დაისვა. ამით სრულიად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, არ გვჯეროდა, ვსწავლობდით ვიკვლევდით, ვამოწმებდით სპეციალისტთთა ნათქვამს. უმძიმესი იყო იმის გააზრება, რომ აუტიზმის განკურნება არ შეიძლებოდა, გვეშინოდა მომავლის. თუმცა უარყოფის პერიოდი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მეც და გიომაც დავიწყეთ თვითგანათლება აუტიზმის სფეროში. შევქმენით ფეისბუქ გვერდი – აუტიზმი და ჩვენ, სადაც ვაქვეყნებდით ჩვენივე ნათარგმნ სტატიებს და სხვა მშობლებსაც ვეხმარებოდით მეტი ინფორმაციის მოძიებაში. ამ პერიოდში, ჩვენი ინიციატივით და „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, დაჩიკოს ქცევით თერაპევტებთან ერთად შევქმენით ორი აპლიკაცია პლანშეტებისა და ტელეფონებისათვის, “ისწავლე თამაშით” და “მოისმინე ჩემი ხმა”. პირველი ბავშვებს ეხმარება ისწავლონ ახალი სიტყვები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. მეორე კი „მოისმინე ჩემი ხმა“, შექმნილია მეტყველების სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარება მათ კომუნიკაციაში. ამ აპის დასურათებული ღილაკებისა და სხვადასხვა სიტუაციებს მორგებული მზა წინადადებების მეშვეობით, ისინი ახერხებენ გარშემომყოფებს გააგებინონ თუ რა სურთ. მახარებს ის, რომ ორივე აპლიკაციას დადებითი გამოხმაურება მოყვა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, აპლიკაციას “მოისმინე ჩემი ხმა” ხანდაზმულებიც იყენებენ, ისინი, ვისაც სხვადასხვა მძიმე ავადმყოფობის შედეგად მეტყველების დარღვევა აქვთ.

დაჩი საჯარო სკოლაში დამყავს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა და ვხედავ ამ ურთიერთობით გამოწვეულ პოზიტიურ ცვლილებებსაც. დაჩის ძალიან უყვარს მისი სკოლა, მასწავლებელები და კლასელები. ვფიქრობ, რომ თანატოლებსაც ძალიან უყვართ დაჩი და მათზეც პოზიტიურად აისახება მასთან ურთიერთობა. ეს ბავშვები ჩვენსავით ძალიან გვიან არ გაიგებენ, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთაც ცოტათი უჭირთ ურთიერთობა, აქვთ განსხვავებული უნარები და რომელთათვისაც ძალიან მნიშნვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა საკუთარი თავის უკეთ რეალიზებისათვის.

სასკოლო პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, ვგრძნობ მხარდაჭერას სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მხრიდან, მაგრამ ის, რომ ამ სფეროში კადრების დეფიციტია და ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, საგრძნობლად აფერხებს სწავლების პროცესს. დაჩის ყავს დამატებითი მასწავლებელი, სპეც. პედაგოგი, რომელსაც ჩვენს სკოლაში მხოლოდ დაჩისთან უწევს მუშაობა, მაგრამ არის სკოლები, სადაც ერთი სპეც. პედაგოგი რამდენიმე ბავშვთან მუშაობს, რაც რასაკვირველია არ არის საკმარისი და მხოლოდ ფორმალურ სახეს იღებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არ არსებობს ადაპტირებული სახელმძღვანელოები, რთული ტექსტების აღქმა კი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძალიან ძნელია და პედაგოგებსაც და მშობლებსაც სიბნელეში ხელის ცეცებით გვიწევს სიარული. მასწავლებლებიც არ არიან აღჭურვილი სათანადო ცოდნით და მათი დიდი სურვილის მიუხედავად მაინც უჭირთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ჰაერივით გვჭირდება ამ სფეროში გათვიცნობიერებული კადრები. იმედი მაქვს იმ სტუდენტების, ვინც ახლა სწავლობს. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მუშაობა სპეც. პედაგოგოებად უკვე საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და როგორც, მშობლები აღნიშნავენ ისინი საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევენ”

სტიგმა
————————————————

„ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდა – აი, თქვენს შვილს რა განსაკუთრებული უნარი აქვს?! ეს ძალიან გავრცელებული აზრია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს აუცილებლად განსაკუთრებული უნარები აქვთ და გარშემომყოფებსაც გარკვეული მოლოდინი აქვთ ამ განსაკუთრებულობის. სინამდვილეში აუტიზმის მქონე ადამიანიც ზუსტად ისევე შეიძლება ფლობდეს რაიმე განსაკუთრებულ ნიჭს, როგორც აუტიზმის არ მქონე. ჩვენ ყველანი ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, და დიაგნოზით თუ უდიაგნოზოდ ყველას ერთნაირად გვაქვს უფლება ვიყოთ მრავალფეროვანი საზოგადოების წევრები. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როცა მესმის ”ასეთი ბავშვებისთვის ისეთი სკოლები უნდა იყოს, ისეთმა ბავშვებმა რა დააშავეს” და სხვ. არავინ არაფერი დააშავა და მდგომარეობის სწორად მართვის შემთხვევაში ეს კითხვები არ დაიბადება. ამისთვისაა საჭირო მეტი განათლება ამ სფეროში, მეტი ინფორმაცია, მეტი ლაპარაკი.”

გიორგი

————————-
„ყველაზე მეტად ახლა მიჭირს ლაპარაკი… 2003 წლიდან ვმეგობრობდით, ვუკრავდით ერთად, გვიყვარდა ერთმანეთი. 2008 წელს დავქორწინდით. 2009 ში გაჩნდა დაჩიკო, ბედნიერებისგან დაფრინავდა გიო. საოცარი მამა ყავდა დაჩის.. დაჩის დიაგნოზის მიღება გიოსთვისაც რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა. გიო სრულად იყო ჩართული ბავშვის მოვლის და აღზრდის პროცესში. მე იმ პერიოდში ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ სტაჟირებაზე სიარული და დაჩის ზუსტად ისევე უვლიდა და ზრუნავდა მასზე, როგორც მე გავაკეთბდი ამას. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალი იყო აუტიზმი ჩვენთვის და მის შესახებ ინფორმაციას მშობელთა სკოლაში ვიღებდით, ერთადერთი კაცი, რომელიც ამ შეკრებებს ესწრებოდა მხოლოდ გიო იყო. კარგად მახსოვს, აუტიზმის შესახებ ერთერთი კლიპის გადაღებისას როგორ ეძებდნენ მამებს და როგორ გაუხარდათ გიოს თანხმობა, გიოს გარდა კიდევ ერთი მამა მონაწილეობდა კლიპში.უკვირდა იმ მამების, რომლებიც ვერ, არ ახერხებდნენ შვილების გვერდით დგომას. მეჩვენება, რომ ამ მხრივაც ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, სულ უფრო მეტ მამას ვხედავ აუტიზმის მქონე შვილების გვერდით.

2008 წლიდან გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ასტროციტომა, სიმსივნე, რომელიც გიოს აღმოაჩნდა, 2008 შივე გაუკეთდა ოპერაცია და შემდეგ ვცდილობდით მის დავიწყებას, ცოტა ხნით გამოგვივიდა კიდეც, დაჩიმ დაგვავიწყა, მაგრამ 2015 წლის ბოლოს ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ამჯერად უამრავი ადამიანის მხარში დგომისა და მონდომების მიუხედავად ვერაფერს გავხდით. 2016 წლის 14 მარტს ყველაფერი დამთავრდა… არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი მეტს, ძალიან ძნელია… უსაშველოდ მწყდება გული იმაზე, რომ გიო ვერ ხედავს როგორი დაჩიკო გვყავს.

ამიტომაც მიჭირს მუსიკასთან დაბრუნებაც. სამწუხაროდ ხარისხიანი ჩანაწერებიც არ შემომრჩა. თუმცა ძალიან მიკვირს და მახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი წლის მერეც მხვდებიან ადამიანები, ვისაც ჩემი და გიოს მუსიკა ახსოვთ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური

შენიშნვნა: რადგან ხათუნას სიმღერების ჩანაწერები პრაქტიკულად არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში, პლატფორმის თხოვნით, ხათუნას გამოვართვით მისი ერთ-ერთი სიმღერის ჩანაწერი, რომელსაც მისივე ნებართვით გთავაზობთ ამ ლინკზე:

https://soundcloud.com/maiko-chitaia-802826111/sdrwudjmrtbn

მსგავსი ისტორიები