ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო.

ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ კერიაზე რომ მოდიხარ, დარჩენას რომ აპირებ და მე რომ მიშვებ, ის გეცინებაო?! მარტში დავიბადე და ბაბუა მაისში გარდაიცვალა… სკოლა და უნივერსიტეტი ქუთაისში დავამთავრე და შემდეგ, მამის კერა რომ არ გაციებულიყო და იმის გამოც, რომ იქ ცუდი პირობები იყო, დავბრუნდი სოფელში. სოფელმა გამაზრდევინა სამი შვილი, დამაახლოვა მიწასთან და შემაძლებინა, ვიყო ის, ვინც დღეს ვარ.

ჩემს სოფელს დევების ნასოფლარს ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ლეგენდა. სოფელში არის ორი ადგილი. ერთი – დევების ადგილი, სადაც დევები დიდ ნადიმს მართავდნენ, დიდ პურებს აცხობდნენ და შემოუსხდებოდნენ დიდი დევები დიდ მაგიდას, პატარა დევები – პატარა მაგიდას. მეორე ადგილას, ცოტა მოშორებით არის საქაჯია. გადმოცემის მიხედვით, იქ ქაჯთა ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. წელიწადში ერთხელ ცეკვები იმართებოდა სოფლის მოედანზე. ცეკვების დროს, ქაჯთა ქალიშვილებს დევებთან მიახლოება ეკრძალებოდათ. მაგრამ ხელმწიფის ქალიშვილს დევების ბიჭი შეჰყვარებია, რომელიც გადაცმული შეიპარა მასთან და სიყვარულის პირობა დადეს. საქაჯიის ახლოს, ერთერთ ადგილას, რომელსაც „საკაკილაო“ ჰქვია, კაკილა შეუწყვეტია ქაჯთა დედოფლისთვის დევს და ქალი დაფეხმძიმებულა. ქაჯთა ხელმწიფემ კარგად იცოდა, რომ დევის შვილს ვერ დაბადებდა ქაჯთა დედოფალი და დიდ ციხეში გამოუმწყვდევია ქალიშვილი. ის გოგონა ცრემლად დაღვრილა და მშობიარობას გადაჰყოლია. დღესაც არის საქაჯიის ადგილას ტბა, რომელსაც „ცრემლის ტბას“ ეძახიან. ამის შემდეგ ქაჯები ჩვენი სოფლიდან გადასულან და გამქრალან, დევები კი აღარ მობრუნებულან.

სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ არის წარმართული ხანის სალოცავი, ისკელიტა. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სხვა სოფლებიდან მოდიან და ამ სალოცავს ავედრებენ საქონლის სიმრავლეს. თან მიაქვთ სამარხვო – ნიგვზიანი და ლობიანი პურები. როდესაც სოფელში ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებს დგამდნენ და ტრაქტორმა გზა გაჭრა, მიწიდან ამოიყარა კერამიკის ნაშთები, რომლებიც წავიღეთ ცაგერის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს, ჩაუტარდა ექსერტიზა, ჩამოვიდა არქეოლოგთა ჯგუფი და დადგინდა, რომ ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VIII ათასწლეულის კოლხური კერამიკის ნაშთები. სოფელში არის ეკლესია, რომლის სამრეკლო მე-12 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბერძნების მიერ. სოფლის ეკლესია იყო სამწიგნობრო ცენტრი, სადაც იწერებოდა და თარგმნიდნენ წიგნებს. “ვეფხისტყაოსანი” ნასპერშია გადაწერილი. სანამ სკოლა გაიხსნებოდა, ეკლესია უზრუნველყოფდა წერა-კითხვის გავრცელებას. დიდი ხნის ისტორია აქვს სოფლის სკოლასაც. შევისწავლე მისი ისტორია, მოვიძიე მასალები, დავადგინე ადამიანები, ვინც პირველად შემოიტანა წერა-კითხვა ჩვენს სოფელში და პირველი სკოლა გახსნა.

სოფელში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ გამიჭირდა ცხოვრება. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო… როდესაც მარტო დავრჩი და მომიწია უღელს მარტო შევბმოდი, არც გუთანი ვიცოდი, არც ზვინვა, მაგრამ მერე შვილებთან ერთად ვისწავლე. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ფიზიკურად ვშრომობდი, თავი რომ გადამერჩინა. ეს იყო ურთულესი გზა. რაც ბავშვები გაიზრდნენ, მას მერე ტექნიკურ იარაღზე ხელი არ მომიკიდებია, ესენი აკეთებენ ყველაფერს, მეხმარებიან. ახლა პარასკევს, შაბათს და კვირას ამოდიან, მაგრამ მთელი ზაფხული ერთად ვშრომობთ. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ხელობა, ხელსაქმე უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ როდესაც გამიჭირდა, ლეიბებისა და საბნების კერვა იყო ჩემი ხელსაქმე, ამით დავიწყე. კარგად სწავლობდნენ, თვითონაც მეხმარებოდნენ და მაძლებინებდნენ, აქედან გამოვიდა ყველაფერი ეს, ჩემი ოჯახი.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩემი ყურადღება მიიქცია გადაშენებული ხეხილის ჯიშებმა. მაქვს ჩანაწერები, რომელი ვაშლის ჯიშები ხარობდა ჩემს სოფელში, რომელი ხილი იყო გავრცელებული, როგორ მოჰყავდათ. ამ ხეხილს ვეძებ დღესაც კოლმეურნეობის ყოფილ ეზოებში, ვაგროვებ და მინდა ლეჩხუმს, კერძოდ, ნასპერს დავუბრუნო აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი, რომელიც გაზაფხულამდე ინახებოდა. გლეხკაცი რომ სამუშაოდ მიდიოდა, ეს ხეხილი მიჰქონდა საჭმელად. მე თვითონ მაქვს მეურნეობა, მყავს საქონელი, ღორები და მივსდევ მებოსტნეობა-მეხილეობასაც. ვისწავლე დანამყნობა, ჩითილების გამოყვანა, გაზაფხულიდან გამომყავს ჩითილები და ვუწევ რეალიზაციას, მომყავს ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მოდის საქართველოში.

მიწასთან და ბუნებასთან სიახლოვემ განაპირობა ის, რომ ვიწერდი სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს. მოვიყვანე ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სანელებლები, ეს სანელებლები დავთესე ეზოში და გავაკეთე ლეჩხუმში გავრცელებული და უკვე დავიწყებული ე.წ. „ბებიას მარილი.“ მისი რეცეპტი ჩავიწერე დედაჩემის დედისგან, რომელიც 110 წლის გარდაიცვალა და რომელიც თავად ამზადებდა ამას ბუხრის კიდესთან. ეს არის ბოსტნეული კულტურების ერთობლივი ნაზავი, რომელსაც ლეჩხუმელი დიასახლისები აკეთებდნენ შემოდგომაზე და მთელი ზამთარი ჰყოფნიდათ, სანამ მწვანე მწვანილი არ გამოჩნდებოდა.

ყველაფერს საკუთარი ხელით ვამზადებ, მაქვს ორი ქვის ფილა, რომელბშიც ვფქვავ. აქ ბლენდერი და სხვა იარაღები არ გვჭირდება, რადგან მინდა, იმ მამა-პაპურ წესს დაუბრუნდნენ ოჯახები, რაც ლეჩხუმს ჰქონდა და რაც აქაურ ტრადიციებს შეესაბამება. საინტერესო იყო აჯიკების დამზადებაც, ლეჩხუმში გავრცელებული აჯიკები არის მთაში გასატანებელი აჯიკები, რადგან მთაში როცა მიდიოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, დიასახლისებს ისეთი სანელებლები უნდა გაეტანებინათ, რომლებიც დიდხანს არ გაუფუჭდებოდათ. ეს აჯიკები მზადდებოდა მაისი-ივნისის თვეში იმიტომ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან მწვანილი ბლომადაა, კეთდება მწვანილებით, ნივრითა და ნიგვზით, დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს თავის თვისებებს. ასევე საინტერესოა, ლეჩხუმში ძველი ტრადიციის მიხედვით ზეთის წარმოება. აქ ნიგოზი დიდი რაოდენობით მოდის და სხვა ნიგვზებისგან ცხიმიანობით განსხვავდება. ძველი ჩანაწერებიდან დავამუშავე, როგორ იხდება ნიგვზის ზეთი და ის ნებისმიერ სხვა ზეთზე გემრიელი და სასარგებლოა. ჩემი ოჯახი დიდი ხანია აწარმოებს ხალმის ყველსა და ხალმის მჟავესაც. ყველა თვის ყველი არ ინახება ხალამში, მას თავისი წესი აქვს – ზაფხულის ყველი ინახება მიწაში ჩარგულ ჭურში, რომელიც მარნის მეორე განყოფილებაში, ე.წ. „სადიასახლისოშია,“ იგოზება, იხურება და ყველიერის დროს იხსნება.

მერე ონის აგროფესტივალზე მოვხვდი, მანამდე აგროფესტივალში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამ საქმიანობის შესახებ გაიგო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც სახლში მესტუმრა და ნახა ვინ ვიყავი. მონაწილეობის მიღება მინდოდა იმიტომ, რომ ლეჩხუმი წარმომედგინა. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა ისეთი, რითაც მე საზოგადოებას ვეტყოდი, რომ აი, ეს არის ლეჩხუმი. ლეჩხუმს აქვს თავისი სამზარეულო, თავისი სახელი, თავისი ადგილი. წავიღე საწებლები, აჯიკები, ბებოს მარილი, ჩირები, ტყლაპები, მწვადები, რომლებიც ოჯახის ღორის ხორცისგან გავაკეთე, ხარისხიანი და გემრიელი რომ ყოფილიყო და გავმართეთ მაგიდა. მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, რომ პროდუქტები უნდა გამეყიდა, გამოსაფენად წავიღე, რომ ხალხს ენახა. ყველაფერი გაიყიდა და ამან მომცა მოტივაცია, რომ შემიძლია ვაწარმოო და გავყიდო. იქ რომ არ წავსულიყავი, ამას ვერ მივხვდებოდი.

ახლა მინდა, ბრენდირება გავუკეთო ამ ყველაფერს. ჩემი ოცნებაა სამზარეულო სახლის აშენება, მარტივი ხის სახლი მინდა სოფელში. ჩემი მიზანია, რომ აქაური ქალები დავასაქმო და ისინი ჩავრთო ამ სფეროში. ასევე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოფლის ქალებს ინგლისური ესწავლათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსულ სტუმარს დავხვდეთ და გავიგოთ, რა სურს და როგორ უნდა მოვემსახუროთ. ამ ყველაფერში ცაგერის გამგებელი დამეხმარა. კვირაში ორჯერ მასწავლებელი ამოდის სოფელში და გაკვეთილი გვიტარდება. ამჟამად ჯგუფში რვა ქალი ვართ, მამაკაცები ხელს უწყობენ ამ ქალებს, რომ ისწავლონ. ბავშვებს იტოვებენ, გვეხმარებიან და პრობლემას არ გვიქმნიან. ამ ქალებს დავასაქმებ იმითაც, რომ სანელებლებსა და ტყემლებს ბლომად გავაკეთებთ სარეალიზაციოდ, ხალხი აღარ დატოვებს სოფელს და მიზანი და აზრი ექნება სოფელში არსებობასა და ყოფნას.

ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. მაღვიძარის გარეშე, ბუნებრივად მეღვიძება ამ დროს. დილით ვდგები, საქონელს, ღორებს, ქათმებს მივხედავ. 7 ძროხა მყავს, თუ ძროხები მოსაწველია – ვწველი, ჩალის ჩაყრა, გამოწმენდა, დაბაგვა… დედას საჭმელს გავუმზადებ და მერე ვემზადები სკოლისთვის. სკოლაში მუშაობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი პროცესია. მე მოსწავლეებს მზეებს ვეძახი, ისინი მზეები არიან. როდესაც რაიმე ეშლებათ, ღრუბელი მოგეფარა და მოდი, ამინდი გამოვიყვანოთ მეთქი, ვეუბნები. ეს მოსწავლეები არიან ჩემი სოფლის გაგრძელება და მჯერა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ჩემზე წარმატებული ქალი და კაცი იქნება.

ახლა 3 მოსწავლე მყავს, კლასკომპლექტს ვასწავლი – პირველ და მესამე კლასებს. სოფელში არის ადგილები, ნაზანდურები, ნახორგვალი, სადაც ადრე ხორბლის ეს სახეობები მოჰყავდათ. ვეძებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პურს დათესავენ, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამაში. ნებისმიერი თესლის, ნერგის გამოყვანა სიყვარულს უკავშირდება. ამის გარეშე ვერ ვარსებობ და ვერ ვცხოვრობ. მთავარია, მოსწავლესაც სიყვარული ასწავლო. როდესაც ის ხედავს, რომ გიყვარს, ორჯერ მეტი სიყვარულით გპასუხობს.

ყველაზე დიდ ძალას სიყვარული მაძლევს, ნებისმიერი საქმის მიმართ დამოკიდებულებას სიყვარული სჭირდება. მიწასთან მუშაობასაც, რადგან მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ამ მიწის ნაწილი ხარ შენ თვითონ, მიწაა შენი პატრონი, გაჭმევს, გასმევს, შვილებს გაზრდევინებს. ეს ძალიან დიდი გზა, რომელიც გავიარე. უკერიო ქალის რა მცოდნიაო და მე კიდე, უკერიო ლეჩხუმის რა მცოდნია… კერიის გარეშე ლეჩხუმი არ არსებობს.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები