ხატია დეკანოიძე – ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„როცა მე გავჩნდი, ჩემი მშობლები სტუდენტები იყვნენ. ორივე საშუალო ეკონომიკური შესაძლებლობის ოჯახიდან იყო, ამიტომ, როცა დილით დედა უნივერსიტეტში მიდიოდა, მე მამა მიტოვებდა და თვითონ საღამოს ცვლაში სწავლობდა. ასე წვალებით გამზარდეს და როგორიც ვარ, რა მიღწევებიც მაქვს, ან რატომაც ვარ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული – მთლიანად ჩემი მშობლების დამსახურებაა.
ნუცუბიძის პლატოზე, სამოთახიანი კორპუსის ბინაში გავიზარდე, სადაც ყოველთვის ყველა შრომობდა, მაგრამ ფუფუნების საგნები არ გვქონია და ხშირად, ფინანსურადაც გვიჭირდა. მშობლების სამსახურის გამო, საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად ვიცვლიდით და მეც ბევრი სკოლა გამოვიცვალე, ჭიათურის სკოლაშიც ვსწვალობდი, როცა მამა იქ გადაიყვანეს სამუშაოდ. იქიდან ძალიან ბევრი საყვარელი მეგობარი შემომრჩა.
ყველაზე მძიმე პერიოდში, 90-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. როგორც ჩემი თაობის ყველა ადამიანს, მეც ძალიან მტკივნეულად მახსენდება ის საშინელი რუტინა – უშუქობა, უგაზობა, უწყლობა და უშემოსავლობა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგვიჭირდა, ჩემს მშობლებს სამსახური აღარ ჰქონდათ, ჩემი ძმა პატარა იყო, მე – აბიტურიენტი.
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უკვე 21 წლის ასაკში, თორნიკე გავაჩინე – მე სტუდენტი ვიყავი, ჩემი ქმარი მუშაობდა, მაგრამ ხელფასი 30 ლარი ჰქონდა. ჩვენი მშობლები ძალიან კი გვეხმარებოდნენ, მაგრამ მაშინ არავის ჰქონდა დიდი შესაძლებლობა. დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა, სწავლის პარალელურად, უზარმაზარ წიგნებს ვთარგმნიდი. დედაჩემის დიდი ხელშეწყობით, რომელიც ჩემს შვილს იტოვებდა, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. იმდენად რთულ რეჟიმში ვცხოვრობდი, რომ წონაში 15 კილო დავიკელი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, დაახლოებით ერთი წელი უხელფასოდ დავდიოდი, თან, დილით ადრე ვიღვიძებდი, რომ თორნიკე ვაკიდან საბურთალოზე – დედაჩემთან წამეყვანა და მერე მივდიოდი სამსახურში. ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა, უხელფასოდ რატომ მუშაობო, ბრძოლა მიწევდა იმის დასამტკიცებლად, რომ მაინტერესებდა ის, რასაც ვაკეთებდი. შტატში რომ ამიყვანეს, 30 ლარი მქონდა ხელფასი და ეს ხელფასი რომ არაფერში მყოფნიდა, სხვადასხვა პროექტზე დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთ დიდ კონკურსში გავიმარჯვე და უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროექტში ჩავერთე 2001 წელს. ეს იყო პირველი პროექტი, სადაც მაღალი გასამრჯელო – 400 დოლარი ავიღე. ეს დიდი შვება იყო, აღარ მჭირდებოდა იმაზე ფიქრი, ბავშვისთვის ფული ისე როგორ გადამენაწილებინა, ყველაფრისთვის საკმარისი რომ ყოფილიყო.
2003 წელს, როცა “ვარდების რევოლუცია” მოხდა, რეფორმირების პროექტიდან უშიშროების საბჭოში აღმოვჩნდი და ამის შემდეგ, ბევრი წელი საჯარო სამსახურში ვიმუშავე. ჯერ უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, შემდეგ – შსს-სი, რადგან მოგვიანებით ეს ორი სტრუქტურა გაერთიანდა. მიუხედავად იმისა, რომ შრომა არასოდეს მეზარებოდა, ასეთ მასკულინურ გარემოში ქალს ორმაგი შრომა უწევს თავის დასამკვიდრებლად. როცა პოლიციის აკადემიის რექტორი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტრუქტურა შევქმენით. მალე, წარმატებული რეფორმების სანახავად და ამის სხვა ქვეყნებისთვის გასაზიარებლად, აკადემიაში სიარული უცხოურმა დელეგაციებმა დაიწყეს. მამაკაც კოლეგებში მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა ჩემ მიმართ ნდობა. ასეთი ტიპის გარემოში ქალებს განსაკუთრებით უჭირთ წინსვლა – ვცდილობდი, საპატრულო პოლიციაში ქალებიც გაჩენილიყვნენ და ხელი შემეწყო მათთვის, რაც, მნიშვნელოვანწილად, მოვახერხეთ კიდეც. თუ მკითხავთ, რა შემიქმნია, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ თანამედროვე საქართველოს პოლიციის აკადემია და ამით ნამდვილად ვამაყობ.
2012 წელს, გამოცდები კარზე იყო მომდგარი, როცა მოულოდნელად გავხდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რადგან წინა ხელმძღვანელი წავიდა. პრეზიდენტმა რომ დამირეკა და ეს თანამდებობა შემომთავაზა, მახსოვს, ძალიან დავიბენი, მეგონა, ჩემს ნაწილს ვემშვიდობებოდი პოლიციის აკადემიის სახით, მაგრამ დავთანხმდი. ცენტრში დიდი არეულობა დამხვდა, მალე გამოცდები უნდა ჩაგვეტარებინა, თანამშრომელთა 60% კი, ძველ ხელმძღვანელს გაჰყვა. მახსოვს, ორი კვირა სამსახურში მეძინა და მოკლე დროში იმდენი მოვახერხეთ, რომ 2012 წლის მისაღები გამოცდები პრობლემების გარეშე ჩატარდა. ამ ყველაფრის მერე, ისევ იყო ზარი პრეზიდენტისგან – ამჯერად განათლების მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარება მოგვიწია.
ბევრი სირთულე გადამილახავს, მაგრამ ჩემთვის ტრაგედია იყო თორნიკეს არაჩვეულებრივი მამის გარდაცვალება. არავინ არის, ვინც შვილზე შენს პასუხისმგებლობას გაიზიარებს. დიდი სიცარიელე გრჩება…
2012 წლის არჩევნების შემდეგ, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძესთან გავაგრძელე მუშაობა, შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში. 2014 წელს, უკრაინაში, დიდ საერთაშორისო პროექტში, პოლიციის რეფორმის კუთხით წავედი და უკვე 2015 წელს, უკრაინის პოლიციის უფროსი გავხდი. შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წელი საერთოდ არ მიძინია და ყველაზე მეტად ძილი მენატრებოდა. იქ მუშაობა სტრესთან იყო დაკავშირებული – ოპერატიული-სამძებრო ღინისძიებები 43 მილიონიან ქვეყანაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და რეფორმები უზარმაზარ შრომას მოითხოვდა. ვიყავი უცხოელი და თან, ქალი – ესეც გამოწვევა იყო.
სხვათა შორის, დრო დასჭირდა იმას, რომ მეგრძნო, პოლიციის უფროსები თათბირებზე, როგორც თანასწორს, ისე რომ მიყურებდნენ. გარდა რეფორმებზე მუშაობისა, ეს იყო ოპერატიულ სამსახურში მუშაობა, სადაც ერთდროულად, საქართველოს და ამხელა უწყებასაც წარმოვადგენდი. მაშინ სამსახურიდან 30 000-მდე თანამშრომელი გავუშვით და ბევრი მტერიც გამიჩნდა. მაგრამ, შევძელით მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმების გატარება.
უკრაინაში თანამდებობა 2017 წლის დასაწყისში დავტოვე. გაეროს ეგიდით, მუშაობა დავიწყე სამართალდამცავი სისტემების რეფორმირების პროექტებზე მოლდოვაში, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდი და აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ხელისუფლების ჩავარდნა მართლმსაჯულების სისტემა იყო. ამიტომ, მინდა, მთელი ჩემი ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობას მოვახმარო. ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვირდების იდეით ვარ მოცული. დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ მდგრადი განვითარება გააგრძელოს. უნდა მოხდეს პოლიციის რეფორმა და მაგალითად, შსს-ს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებისგან გაიმიჯნოს. ისეთი ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს, სახელსა და გვარზე რომ აღარ იქნება მიბმული. შეიძლება, მოქალაქემ არც კი იცოდეს, ვინ არის პოლიციის უფროსი, მაგრამ ენდობოდეს მის სამხრეებს და ოფიცრის წოდებას. ვიცი, რომ შემიძლია, სასარგებლო ვიყო პარლამენტში და მაქვს ამბიცია, მონაწილეობა მივიღო კანონის უზენაესობის კუთხით განსახორციელებელ რეფორმებში.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ბექა მამუკაშვილი
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.