ჯულიეტა ჯინალი, 67 წლის, ოჩამჩირე
“1993 წლის 29 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. წავედით ზუგდიდში, მამიდაშვილის სახლში. ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა, არც საჭმელი, არც სასმელი და გადავწყვიტეთ თბილისში წამოსვლა. მე როგორც პედაგოგი, ჩაგვასახლეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში 7 ადამიანი მოგვათავსეს. ჩემი ოჯახი, ჩემი დედამთილ-მამამთილი და მული. არც შუქი გვქონდა, არც წყალი. საშინელი პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ რა გვექნა. გარეთ ვანთებდით ცეცხლს. ერთმა მეზობელმა პატარა ქვაბი მოგვცა, მეორემ – ცარიელი კონსერვის ქილები, რომლითაც ცხელ წყალს ვსვამდით, ცეცხლზე ადუღებულ წყალს. ასე გავიტანეთ იანვრის თვეც. რაღაც პერიოდის მერე დახმარება დაგვინიშნეს – 8 ლარი. ეს თანხა რას გვეყოფოდა, მაგრამ ასე თუ ისე გავიტანეთ თავი. ჰუმანიტარული დახმარების სახით რაღაც საშინელი საჭმელი მოგვიტანეს – ლობიო, რომელიც არ იხარშებოდა საერთოდ. ბავშვები ამას არ ჭამდნენ. ჩემი შვილები კარგ, ნატურალურ საჭმელს იყვნენ დაჩვეული, კარგი ცხოვრება გვქონდა და უცბად ასეთი რაღაც მოხდა. რას ვჭამდით არ ვიცი… ცხელ წყალს ვსვამდით… პურის რიგში ვიდექით. მორიგეობით მივდიოდით, ჯერ ჩემი ქმარი წავიდოდა 4 საათზე, 6 საათზე – მე და 8 საათზე ჩემი მული, მზია. ასე მორიგეობით ვიდექით რიგში, რომ პური მოგვეტანა. ბავშვები სიხარულით ცას ეწეოდნენ, ცხელ პურს რომ მოვიტანდით. პური და ცხელი წყალი იყო ჩვენი საჭმელი, არც ჩაი, არც შაქარი, არაფერი არ გვქონდა. ძალიან მიუჩვეველი ცხოვრება იყო, მაგრამ ხომ იცი „ძალა აღმართს ხნავსო“. ვეცადეთ, რომ გული არ გაგვტეხოდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის და ჩემი მულის, რომლებმაც გადამატანინეს ეს საშინელი ტკივილი, სტრესი, მითუმეტეს ახალი ნაოპერაციები ვიყავი, მკერდის ამპუტაცია გამიკეთეს, მაგრამ შემართებით ვიყავით, რადგან ბავშვებს ჩვენი დაცემა რომ ენახა, რა მოხდებოდა?! იმით ვარ ბედნიერი, რომ როგორი გული და სული მქონდა იქ, აფხაზეთში, ის შემრჩა. მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა, არ გავბოროტდი. ერთხელ ბავშვმა მითხრა „დედა არ მინდა ჩაი, მხოლოდ ცხელი წყალი დამალევინეო“ – მარტო ამ სიტყვების გამო ღირდა გეცოცხლა და გებრძოლა.
გადავრჩით და მოვედით დღემდე ასე, მაგრამ ახლა ერთადერთი პრობლემა გვაქვს – საშინელ პირობებში ვცხოვრობთ ეს 23 წელია. სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, სადაც საპირფარეშო და აბაზანა საერთოა. ერთ ოთახში გვაქვს საძინებელიც, სამზარეულოც, მისაღებიც და სასადილო ოთახიც. არაფერს ვინატრებ, ოღონდ ჩემი ჭერი მქონდეს, ჩემი სამზარეულო და აბაზანა მქონდეს… ვინმე მაინც მოგვხედავდეს და რამეს გაგვიკეთებდეს, დარჩენილი ცხოვრება, ერთი დღე მაინც, ნორმალურად ვიცხოვრო, რომ ვიცოდე, რომ ეს ჩემი ჭერი და კუთხეა.
როგორ მალე გადის დრო, 23 წელი გავიდა და თითქოს გუშინ ჩამოვედით. ყოველ დღე იმ იმედით ვიყავით, რომ დავბრუნდებოდით. ახლაც შემიძლია წავიდე აფხაზეთში, მაგრამ მე ისეთი აფხაზეთი არ მინდა, სადაც სტუმრად მივდივარ. მე მასპინძელი მინდა ვიყო. მე იქ სტუმრად ვერ წავალ, სადაც ჩემი ახალგაზრდობა გავატარე.”