ანა მაისურაძე, 29 წლის, თბილისი
“მე ვარ ანა მაისურაძე, 29 წლის და ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი თბილისდან. ამჟამად ვმუშაობ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში. ძალიან მიყვარს წიგნები, მუსიკა, სიმღერა, კომპიუტერული თამაშები და არა მარტო. დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტები. მოკლედ, რეალურად ისევე ვცხოვრობ, როგორც უმრავლესობა ცხოვრობს ჩვენს ქალაქში. ჩემი პრობლემა არა იმდენად შეზღუდული შესაძლებლობებია, რამდენადაც, საზოგადოების დამოკიდებულება ამ პრობლემებისადმი – იქნება ეს თვალის გაყოლება, რაღაც კომენტარები თუ გადალაპარაკება. ბევრი ისე გექცევა, თითქოს სათუთი და მსხვრევადი ხარ, ამის გამო გადამეტებულად ზრუნავს.
რამდენიმე თვეა ცალკე გადავედი. ყოველთვის მეგონა, რომ მე ამას ვერ შევძლებდი. არა იმიტომ, რომ ვარ შშმ პირი, დედაზე ვიყავი ძალიან მიჯაჭვული. ბავშვობიდან ძალიან მეშინოდა სიბნელის და მეგონა მარტო დიდხანს ვერ გავძლებდი. ახლა ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდა. მარტო ცხოვრება ძალიან მომწონს და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ფემინისტი და ვარ შშმ ქალების მოძრაობის წევრი – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“. შშმ ქალების ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ საქართველოში. ქალები უფრო ჩაკეტილები არიან, უფრო ხშირად ეზღუდებათ განათელბის მიღების საშუალება. ხშირია როცა ოჯახი მალავს შშმ პირს და სახლში წლობით კეტავს. ჩემს უბანში მოხდა ეს ამბავი. 26 წლის გოგო გარდაიცვალა, რომლის არსებობა არც კი ვიცოდი. მე ვიცნობდი მის ძმას, მშობლებს, ის კი აივანზეც არ გამოსულა არასოდეს. აღმოჩნდა, რომ ოჯახი მალავდა მას. გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ავამაღლოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ჩართულობა საზოგადოებაში.”