ბაია აბულაძე, 23 წლის, სოფელი ობჩა, ბაღდათი

„ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამჟამად ყველაზე მეტად დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა მეწარმეობის, მომგებიანობის კუთხით ეს საქმე სულ ახლახანს დავინახე. სხვათაშორის, 1 წელია უკვე, რაც ჩემი სახელობის ღვინო ჩამოვასხი. მახსოვს, ლიტვაში ვიყავი, ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი. იქ „ენერჯაიზერებს“ გვაკეთებინებდნენ, რომელიც გულისხმობდა, რომ დაგვეწერა საკუთარი თავის შესახებ სიმართლე და ტყუილი. მე სიმართლეში ჩავწერე, რომ საკუთარი ღვინო მქონდა, თუმცა, ეს, რატომღაც, ბევრს ტყუილი ეგონა, უჭირდათ ამის დაჯერება.

მეღვინეობის პარალელურად ვმუშაობდი იტალიის საელჩოში, თუმცა ეს ბიზნესი იმდენად დიდ ადამიანურ რესურსს და თავდადებას მოითხოვს, ვფიქრობ, ჩემი თავი ამ ყველაფერს ბოლომდე უნდა დავუთმო. აქამდე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობდი, პარალელურად მიმუშავია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, მონაწილეობა მიმიღია ბევრ საერთაშორისო პროექტში, თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ საკუთარი თავი ვიპოვე. ახლა ყველაზე მეტად მომავალ გამოწვევებს ველოდები.

2015 წელს მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. მეც დედასთან ერთად, რომელიც, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანია, დავწერე პროექტი და შევავსე აპლიკაცია. ძალიან გვინდოდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოგვსვლოდა, რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია ოჯახში ღვინოს ვაყენებთ. ჩვენდა გასაოცრად, 5000 ლარის ოდენობის დაფინანსება მივიღეთ, დავუმატეთ ამას ჩვენი 1000 ლარი და უკვე შემდგომ ვიყიდეთ ბოთლები, გავამზადეთ ეტიკეტები და ა.შ.

ამის შემდეგ მქონდა ერთი ჯადოსნური დღე – შეხვედრა მქონდა ფერმერთა ასოციაციაში. ამ ასოციაციის შესახებ სოციალური მედიის მეშვეობით გავიგე და ვიფიქრე მიმეწერა, შეხვედრა მეთხოვა და შემეთავაზებინა, რომ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გავწევრიანებულიყავი ამ ასოციაციაში. შევხვდი მათ ხელმძღვანელ ქალბატონ ნინო ზამბახიძეს, რომელსაც ავუხსენი, რომ საკუთარი ღვინო მქონდა, უფრო გაძლიერება მინდოდა და ა.შ მან კი მითხრა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ასაკის გოგო დაინტერესდა მათთან გაწევრიანებით. მითხრა, რომ მათი ასოციაციით ძალიან ბევრი ფერმერი ინტერესდებოდა, თუმცა ასაკობრივი სხვაობა მათსა და ჩემს შორის ძალიან დიდი იყო.

ამ დღის შემდეგ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდებოდა, ჩემს სოფელში, სადაც არცერთ ჟურნალისტს, ალბათ, ფეხი არ ჰქონდა დადგმული, გადაცემებს იწერდნენ და ა.შ. ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა. დღეს უკვე ჩვენი ღვინო 30-ზე მეტ ადგილას იყიდება, ასევე, საერთაშორისო შემოთავაზებებიც გვაქვს. ოჯახის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ მეღვინეობით, მაგალითად ჩემი ძმა. ჩემი და ტურისტების მოზიდვის კუთხით გვეხმარება. ჩვენი სახლის მეორე სართულს კი, რომელსაც არ ვიყენებდით, გადავაკეთეთ Guest House-ად, სადაც რამდენიმე ჯგუფი უკვე მივიღეთ, დავაგემოვნებინეთ ღვინოც, ქართული სამზარეულოც და საკმაოდ კმაყოფილებიც გავუშვით. რა ვიცი, იმედი გვაქვს, ყოველშემთხვევაში.

ჩვენ ვაწარმოებთ თეთრ ღვინოს. გვაქვს იმერული ჯიშები: ცოლიკაური და ციცქა. ჩვენი ვენახი გვაქვს, სადაც 4500 ძირამდე ვაზს ვზრდით. ბევრი ყურძენი გვრჩება ხოლმე, ტონა ნახევარზე მეტი ჭაჭა გვაქვს ხშირად, ამიტომ აქციზი გვინდა ავიღოთ და ჭაჭაც ვაწარმოოთ.

სიმართლე გითხრათ, მთელი წელია დადებითი შეფასებებისა და რჩევების მეტს არაფერს ვიღებ. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ჩემ მიმართ და, ზოგადად, ახალგაზრდა გოგოების მიმართ, რომლებიც ასეთ საქმიანობებს ეჭიდებიან. ჩვენთან მეღვინეობა და მევენახეობა, ხშირად, კაცებთანაა დაკავშირებული, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კაციც და ქალიც ყველა ერთნაირად მიწყობს ხელს და მეხმარება. ბევრს ჩემი ღვინო მხარდაჭერისა და პატივისცემის გამოსახატად უყიდია.
დადებითი ემოციების გარდა არაფერი მიმიღია ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მაბედნიერებს.“