ბარბარე სულხანიშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო (1914-1915)
ბარბარე სულხანიშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო (1914-1915). ის სხვადასხვა საგაზეთო წერილებით იცავდა ქალთა უფლებებს და მწერალ კაცებთანაც საჯარო დისკუსიაში თამამად შედიოდა. გთავაზობთ ამონარიდს ბარბარეს ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც გაზეთში „ივერია“ 1893 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მან დაწერა „ჩიორა“-ს საპასუხოდ (ჟურნალისტის და მწერლის არტემ ახნაზაროვის ლიტერატრურული ფსევდონიმი). „ჩიორამ“ თავის ერთ-ერთ წერილში გააკრიტიკა სამწერლობო ასპარეზზე გამოსული ქართველი ქალები და აღნიშნა, თუ ქართველი ქალები ქართულს არ გამოასწორებენ, კაცები ცოლად აღარ მოიყვანენ, რადგან ამ „ნორჩი, სულ რაღაც 24 წლის“ ინგლისელი ქალის გამართული ქართულით მოხიბლულანო (იგულისხმება მარჯორი უორდროპი, მთარგმნელი). ბარბარე სულხანიშვილი პასუხობს:
„ბ-ნო ჩიორავ, ოცდა ოთხის წლის ქალი ინგლისელთა აზრით ნორჩიც არის. რა თქმა უნდა, თქვენგან შედგენილი საზოგადოებაც, რომ ინგლისელებივით ჰფიქრობდეს, ჩვენ ცამეტ-თოთხმეტი წლისანი არ მოვიღერებდით თავს, გასათხოვრად არ მოვემზადებოდით. რამდენის შეძენა შეგვეძლო, რომ საზოგადოება ოცდაოთხ წლამდის ქალს ნორჩად სთვლიდეს და არა დაბერებულად. რამდენად გავიმდიდრებდით გონებას, რამდენად შევიმუშავებდით ხასიათს, თუკი თქვენგან შემდგარი საზოგადოება დაგვარწმუნებდა, როგორც ახლაა, რომ ცამეტ-თოთხმეტ წლამდის გათხოვება არ შეიძლება, ისე ოცდაოთხ წლამდის გათხოვება არ შეიძლებოდეს. ჩვენ კი დარწმუნებული ვართ, რომ რა კი ოცდაოთხ წელიწადს გადავსცდებით, თქვენგან შემდგარი საზოგადოება „დაჟამებულის“ სახელით მოგვნათლავს და ფეხს დააჭერს, რომ უფრო მეტი აიღოს ჩასაჯიბად. ან კი როგორ არ დაჟამდება ქალი თქვენისთანა საზოგადოებაში, რომელიც ცამეტ-თოთხმეტი წლისას გასათხოვარს ეძახის…“
წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; გაზეთი „ივერია“, 1894, N 209, გვ. 3