გვანცა ლაღიძე, 32 წლის, თბილისი

ჩემი დიაგნოზი

„ 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით დაფერვა დამჭირდა და რამდენჯერმე ვესტუმრე სოლარიუმს. ერთ-ერთი სეანსის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი და კაბა გავიხადე, მკერდზე თხილისოდენა სიმაგრე შევნიშნე. ცხადია მალევე მივედი ექიმთან, მაგრამ ჩემი დაძაბული რეჟიმიდან გამომდიმარე ბიოფსიისა და ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილების მიღებამდე, მთელი სამი თვე დამჭირდა. ამ სამი თვის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ თანაცხოვრობდა ჩემს ორგანიზმში სრულიად უცხო სხეული და როგორ დინამიკაში იყო ჩემს ყოველდღიურ განწყობებთან.

თუმცა მაშინ არავის უფიქრია, რომ ეს ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ბიოფსიის პასუხი დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემი ექიმისთვის, რომელმაც კაბინეტშივე მირჩია, რომ დაუყონებლივ გამეკეთებინა ოპერაცია და თან მომდევნო დღესვე. რამდენადაც პოზიტიურად ვიყავი განწყობილი ექიმის კაბინეტში და მშვიდად მივიღე ოპერაციის შესახებ შეტყობინება, იმდენად ნეგტიურად იმოქმედა ექიმის ჩაფიქრებულმა მიმიკებმა და კაბინეტიდან გამოსულს დახმარება დამჭირდა. ახალგაზრდა ექთანმა წყალი დამალევინა, დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს არ იქნებოდა რთული ოპერაცია. მხოლოდ კვანძებს ამომიღებდნენ.

ოპერციას 40 წუთის განმავლობაში მიკეთებდნენ. ექიმების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებით ადგილზევე დამჭირდა მკერდის მასტექტომია. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მალევე ვახდენ მობილიზაციას კრიზისულ სიტუაციებში და ძალასაც ვიკრებ. ნარკოზიდან გამოსულმა დავინახე, რომ ექიმების გუნდი მეხვია თავს. ყველა მე მამშვიდებდა. როდესაც გავიაზრე, რომ მკერდის მოკვეთა დამჭირდა, ერთადერთი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ მე ახლა საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა მეპოვნა, რომ ეს დაავადება დამემარცხებინა.
ჩემი განწყობა

საავადმყოფოში რეაბილიტაციის დროს პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებდი. ძალიან ბევრ პაციენტს შევხვდი იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მსგავსი დიაგნოზით – ბევრს ხელი ქონდა ჩაქნეული, ბევრს ეშინოდა, მათთან საუბრით და მათი დამშვიდებით მეც ვძლიერდებოდი. ეს მაძლიერებდა, რომ სხვას ვაძლიერებდი. მინდოდა ის მეგრძნო, რასაც მე ვგრძნობდი.

რატომ ვიყავი პოზიტიური? იმიტომ რომ პირველ რიგში მქონდა იმედი და რაც მთავარია განწყობა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი. ამ პოზიტიურ გნწყობას მაძლევდა ჩემი შვილი და ახლობელი ადამიანები, რომლებსაც ვჭირდებოდი და იმისათვის, რომ მათი იმედი არ გამეცრუებინა, უნდა მებრძოლა.

ცხადია, მეც არ ვარ რკინის, მეც ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, მაგრამ იმ დროს ვფიქრობდი, რომ რაციონალურად მეაზროვნა და ყურადღება გადამეტანა უფრო მნიშვნელოვანზე. ეს აღმოჩნდა ჩემი არამიწიერი შეგრძნებები, რომელიც გამოხატულია კონტაქტში გარესამყაროსთან. ამის გამომუშავება შესაძლებელია, თუ უფრო მეტად მოვუსმენთ სამყაროს და მოვუსმენთ საკუთარ თავს. ასევე განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა მარტო დაავადების დროს, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია შენი განწყობა, როგორ მომართავ ტვინს, როგორ ჩართავ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. იმიტომ რომ ტვინი აკონტროლებს ყველაფერს და მათ შორის სხვა ადამიანების შენს მიმართ დამოკიდებულებასაც.

მკურნალობის ერთი წელი

ოპერაციის შემდგომ, კვლავ ახალი ძალები უნდა მომეკრიბა, რომ ქიმიოთერაპიის ინტენსიური და გრძელვადიანი მკურნალობის კურსი ჩამეტარებინა. მთელი ეს მკურნალობის 1 წლიანი პერიოდი იყო შინაგანი სიმშვიდის პერიოდი, ბრძოლის, ბევრი ბარიერის გადალახვის პერიოდი. აქაც განწყობის თეორია იყო ჩემთვის მთავარი. ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩავიტარე. გარდა იმისა, რომ ეს დაკავშირებულია ფიზიკურ ტკივილთან, ემოციურადაც დამაზიანებელია და რთული გადასატანია. თუმცა ვცდილობდი, რომ თერაპიის პარალელურად, მემუშავა და მეტი დრო გამეტარებინა ადამიანებთან.

ეს ის პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, როცა კარგს ვერ დაარქმევ, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მომცა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, კიდევ უკეთესად დავიწყე სამყაროს აღქმა, კიდევ უკეთესად დავიწყე მოსმენა საკუთარი თავის და ყოველდღიუირი პრობლემების არარაობის აღიარება. რაც მთავარია ვისწავლე ყველა წუთის და ყველა მომენტის გამოყენება. დრო გახდა ჩემთვის უფრო ძვირფასი. და მივხვდი, რომ ადამიანები თუ ასე იცხოვრებენ, ეს იქნება საუკეთესო და ჰარმონიული ცხოვრება მათთვის. მართალია, ხშირად გვემართება, რომ სხვადასხვა პრიორიტეტები იწევს წინ, დროთა განმავლობაში გავიწყდება უფრო მნიშვნელოვანი და ერთვები რუტინაში, მაგრამ ყოველთვის, როცა მახსენდება ის რთული პერიოდი, ვცდილობ ვიფიქრო ისევ მნიშვნელოვანზე და ეს ცხოვრებაა. ქიმიის 8 თვიანი კურსის, ჰერცეპტინის პროგრამისა და სხივური თერაპიის გავლის შემდეგ, მე დავამარცხე სიმსივნე.

ჩემი გარეგნობა

ჩემი სხეულის ნაწილთან განშორება ცხადია არ იყო ასეთი მარტივი. მაგრამ ამაზე არასდროს ტრაგიკულად არ მიფიქრია. გაცილებით უფრო რთული პრობლემა მედგა, უფრო რთული ბარიერი, ვიდრე ვიზუალი. მე ვფიქრობდი, ახლობლებზე, 3 წლის იყო მაშინ ჩემი შვილი და ვფიქრობდი, რომ გასაზრდელი მყავს ბავშვი, არ უნდა მივეცე სასოწარკვეთას.
ქიმიოთერაპიის პროცესის განმავლობაშიც სარკეში არ ვიყურებოდი. ვიცოდი, რომ არ გამოვიყურებოდი ისე, როგორც ადრე, მაგრამ ამას აღვიქვამდი, როგორც პროცესს, ნორმას და დროებით მდგომარეობას. ვიცოდი, თმაც გამეზრდებოდა და ჩვეულ ფორმაში დავბრუნდებოდი. უბრალოდ ამ დროისთვის უნდა გამეძლო, რომ გამემარჯვებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უამრავი საშუალება არსებობს, მკერდის იმპლანტაციის, მაინც უარს ვამბობ. რადგან ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მაკლია, მე ისევ გვანცა ვარ, ისევ ის გოგო ვარ და ის შრამიც მარცხენა მხარეს ჩემი ცხოვრების და ბრძოლის ისტორიის ნაწილია.

სტიგმა

საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტიგმა არსებობს სიმსივნესთან დაკავშირებით. ბევრი დღესაც აღიქვამს ამ დიაგნოზს დასასრულად. ამის ბრალი ხშირ შემთხვევაში დაბალი ცნობიერებაა. ეს საკითხი ბევრისთვის ტაბუდადებულია. ხშირად ექიმები უმალავენ პაციენტებს და ჩუმად ცდილობდნენ გამოსწორებას. მე მჯერა, რომ ნებისყოფით და სწორი, პოზიტიური მიდგომებით, სიმსივნე დაძლევადი დაავადებაა. სიმსივნური დიაგნოზი არაა ფინალი – ეს არის ახალი, ცოტა განსხვავებული, ცოტა რთული ცხოვრების დასაწყისი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დასასრული.

ადამიანები ჩემს გარშემო

ერთ-ერთი რთული ბარიერი ჩემს ბრძოლაში, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შეუძლებელი იყო მკურნალობის თანხების მობილიზება მარტოს მომეხდინა. მე ვიყავი არააქტიური და ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა იმდენად მოუქნელი იყო, რომ მკურნალობის პროცესი გვიანდებოდა. ამიტომ მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ დაფინანსება და მაშინ ერთ-ერთი კერძო საფინანსო ორგანიზაცია დამეხმარა.

გამიმართლა, რომ დედა მყავს ძალიან ძლიერი. მე მაქვს მაგალითი დედის სახით. ის არასდროს არ ტყდება. საოცრად პოზიტიურია, ბევრი ბარიერი გადალახა და რაციონალურად უდგებოდა ყველაფერს. მაყურებელი ვიყავი მისი სიძლიერის. მისი ემოცია მე მაძლიერებდა, მას ჩემი და ჩვენ პრაქტიკულად ერთად მოვიგეთ ეს ბრძოლა.

და რადგან ამ ბრძოლააში ადამიანები დამეხმარნენ, ხშირად ჩემთვის უცნობიც, ამიტომ ახლა, როცა მე უკვე გადარჩენილი მქვია, მინდა მედავეხმარო მათ. სამომავლოდ ვგეგმავ საქველმოქმოდო ფონდის შექმნას, რომლის ერთ-ერთი ხაზი სიმსივნით დაავდებულ ადამიანთა მკურნალობის დაფინანსება იქნება”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური