დეა გოშხეთელიანი, 22 წლის, ქუთაისი

„რატომ ითმენ ძალადობას?“
——————————————-
“ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის რომ მოძალადეები ურთიერთობის დასაწყისში არასოდეს ავლენენ ძალადობრივ ხასიათს. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს, ვიდრე ცოლად გავყვებოდი და არასოდეს გამოუვლენია ე.წ. „აზიატური“ ან ძალადობრივი დამოკიდებულებები. ცოლად რომ გავყვევი, რადიკალურად სხვა შეხედულებები და ხასიათი აღმოაჩნდა, რასაც ნელლ-ნელა ავლენდა. მისთვის მითქვამს კიდევაც, კარგად შენიღბულხარ მეთქი.

წელიწადი და ათი თვე ვიყავით ერთად. ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ, მხოლოდ ჯვარი გვქონდა დაწერილი. მეგობრების თანდასწრებით ხშირად ამბობდა „აბა ქონებას ხომ არ გავუყოფო“. მე ეს ხუმრობა მეგონა და სიცილში ვატარებდი.

პროფესიიდან გამომდინარე (ავტ. იურიდიულზე სწავლობს), გარკვეული ინფორმაცია მქონდა მოძალადე ადამიანის შესახებ. თუმცა, როცა ეს ყველაფერი შენ გეხება, საკუთარ თავთან დაკავშირება და იმის აღქმა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ძალიან რთულია. დაშორების წინა დილას მეუბნებოდა საერთოდ არ „მევასები“, რას გავხარო. ხშირად დასცინოდა ჩემს გარეგნობას, თუნდაც ჩემს გონებრივ თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, და არამხოლოდ ჩემსას, არამედ ყველა ჩემი ახლობლისას. გამუდმებით მემუქრებოდა, რომ არარაობად მაქცევდა, მის გარეშე გამამწარებდა, ბავშვს წამართმევდა და მამამისის ფსიქიატრიულში გამომკეტავდა. ეს ყველაფერი ჩემზე იმდენად მოქმედებდა, რომ ფაქტიურად პიროვნება აღარ გამაჩნდა, მეხსიერების პრობლემები დამეწყო და ფიზიკურადაც ძალიან გავხდი, ქორწინებაში 10 კილო დავიკელი.

ბავშვის მდგომარეობას განვიცდიდი, მინდოდა ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის მეზრუნა, რომელიც მუდმივად უყურებდა, როგორ უყვიროდა და ძალადობდა მამა დედაზე. რა აზროვნებითა და ფსიქიკით უნდა გაზრდილიყო ის?!”

კონტროლი და იზოლაცია
—————————————-
“ნელ-ნელა უკვე ჩემი გარეთ გასვლის აკრძალვები დაიწყო და ჩემთან მომსვლელი სტუმრების კონტროლიც. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს მსუბუქი ყოფაქცევის მქონეს ეძახდა იმის გამო, რომ მეორედ იყო დაოჯახებული და ულამაზესი ბავშვი ყავდა. ერთ-ერთ ჩემს მეგობარზე კი მითხრა, რომ აღარ უნდა მოსულიყო ჩვენთან და მეც მეკრძალებოდა მასთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, დაინახა როგორ მიჭერდა მხარს ეს გოგო და არ უნდოდა ირგვლივ მხარდამჭერები მყოლოდნენ. შემდგომში უკვე ბავშვით მანიპულირებაც დაიწყო. ძიძა გამაშვებინა და რადგან მე ბავშვი მყავდა მისახედი (რასაც მანამდეც ძალიან კარგად ვახერხებდი) არ უნდა მემუშავა. ბაღში შეყვანაზეც კატეგორიულ უარზე იყო. თავიდან მეუბნებოდა, რომ რამეს კი არ მიკრძალავდა, არამედ მირჩევდა. ნელ-ნელა „რჩევებიდან“ კატეგორიულ აკრძალვებზე გადავიდა.

თავდაპირველად სულ ვცდილობდი გამეთვალისწინებინა მისი აზრი გარკვეულ აკრძალვებზე. ისიც მიფიქრია, მე ხომ არ ვარ მართლა დამნაშავე, რადგან მას ძალიან კარგად გამოსდიოდა ფსიქოლოგიური მანიპულრება დ თვითდადანაშაულების გრძნობის გამოწვევა ჩემში. მაგრამ, ნელ-ნელა პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ და დავიწყე კითხვების დასამა: რატომ მეზღუდება ნება, რომლითაც არაფერი შავდება?! რატომ არ უნდა ვიმუშაო მაშინ, როცა მე მუშაობა მინდა?!”


ძალდობის მძიმე ფორმები
—————————————-
“ღამე შუქს ვტოვებდი გასასვლელში, შეღვიძებისას ყურადღება რომ მიმექცია ჩემი შვილისთვის. იმის ახსნაც არ მაცალა რატომ ვაკეთებდი ამას -. საწოლიდან წამოვარდა, წამაქცია, წიხლი მომარტყა, სინათლე ჩააქრო და უცებ დაწვა.

პირველად, როცა მესამე პირი ჩავრიე ჩვენს ურთიერთობაში დედამისის და მერე უკვე ჩემი მშობლები სახით, მეორე ორსულობის დროს მომხდარი ძალადობის ფაქტი იყო. დილით მამაისმა დაურეკა. არ ვიცი რა ელაპარაკა, მაგრამ დილიდან ძალიან გაღიზიანებული იყო და ყველა წვრილმანზე მეჩხუბებოდა. მაგალითად, ეტლის გადასაფარებელი რატომ არ წავიღე ლისის ტბაზე; ან რატომ არ მიშრებოდა თმა, რომ მალე გავსულიყავით სახლიდან და ა.შ. ფეხმძიმობისთვის რომ არ დაებრალებინა ჩემი გაბრაზება, ვთხოვე მეგობრებთან წასულიყო და განტვირთულიყო, ან ლუდი დაელია და შემდეგ გვესაუბრა დამშვიდებულებს. ამაზე უარესად აყვირდა, შენ გიგა ბაკურაძეს როგორ ასწავლი, რა უნდა გააკეთოსო და მანქანის დამუხრუჭება ისე ძლიერად დაიწყო, რომ მე თავს ვარტყამდი საქარე მინას. ყვირილით და ჩხუბით ავედით სახლში. ბავშვი ხელში ავიყვანე და ვთხოვდი წასულიყო. მის წინ ბავშვით ხელში მდგომს და ორსულს სახეში გამარტყა. ჩემს პანიკურ რეაქციაზე საპასუხოდ კი თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა – სააბაზანოდან ნახევრად დაცლილი გამხსნელის ბოთლით გამოვიდა, დავლიე და ვკვდებიო. დედამისს დავურეკე და სანამ ის მოვიდოდა, სახლიდან გაიქცა. იმ ღამეს ჩემს დედამთილთან წავედი, არც ვაპირებდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ ჩემმა მამამთილმა დამირეკა, უშვერი სიტყვებით ლანძღა თავისი მეუღლე. მოკლედ, ჩემი დედამთილი შემეცოდა და ისევ მასთან სახლში დავბრუნდი.

ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე დღეში მეც ჰაიმორიტი დამემართა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ბავშვის მოსავლელად ჩემი და მოდიოდა. ჩემმა შოპინგიდან ბედნიერად დაბრუნებულმა ქმარმა კი მორიგი ჩხუბი იმაზე დამიწყო, პერანგი რატომ არ დავახვედრე გაუთოვებული. საწოლში მწოლიარე ორსულ ავადმყოფს საბანი გადამაძრო და მიყვიროდა გაეთრიე ჩემი სახლიდანო. დედაჩემსაც დაურეკა, ჩამოდით წაიყვანეთ თქვენი შვილი, ფანჯრიდან გადავყრი ყველა მის ნივთსო. ჩემი შუათანა დაც ესწრებოდა ამ ყველაფერს. მშობლები იმ ღამესვე ჩამოვიდნენ და წამიყვანეს ქუთაისში. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად მქონდა ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სამწვერა და კეფის ნერვის ანთებები. ამ ყველაფერს ზედ ნერვიულობა დაერთო და ნაყოფმა განითარება შეწყვიტა, ორსულობა შეწყდა.”

მოძალადის ბოდიში და მონანიება
——————————————————
“ყველაფერი რომ ვიმკურნალე და გამოვჯანმრთელდი, ჩემმა ქმარმა ქუთაისში ჩამომაკითხა. ბოდიშებით და ხვეწნა-მუდარით მოვიდა – სახლში შემომიშვით, მაშინ შემეშალა და ზემოქმედების ქვეშ ვიყავიო. მშობლების პირად პრობლემებს ასახელებდა მიზეზად. მუხლებზე დაჩოქილსაც კი უტირია და პატიება უთხოვია. დავიჯერე, რომ მძიმე პერიოდი ჰქონდა. შემეცოდა და შევურიგდი. ერთი თვე გაგრძელდა, შედარებით, მშვიდი ცხოვრება. ერთ თვეში ისევ დაიწყო საკუთარი აგრესიული ქმედებების გამოვლინება. მაგრამ მე უკვე მშვიდად აღარ ვხდებოდი ამ ყველაფერს და ღია წინააღმდეგობას ვუწევდი. განსაკუთრებით ის მაშფოთებდა, რომ მამის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა, რომელიც თვლის, რომ ქალს სიტყვა არ ეთმის და სამზარეულოს გარეთ არ უნდა გავიდეს. ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით, ჩემი ძიძა და მეგობრები მხედავდნენ როგორ ვზრუნავდი მასზე და ჩემს შვილზე. დილით 7 საათზე ვდგებოდი და საღამოს სახლში დაბრუნებული ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ მაინც არ მოსწონდა. წვენებსაც კი ვუწურავდი მას და ნამცხვრებს ვუცხობდი, რომ სამსახურში წაეღო და გარეთ არაფერი ეყიდა. მერე კი ვხვდებოდი, ეს ყველაფერი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ეძალადა.”

ბრძოლის კანონიერი გზა
———————————
“პირველად ამ ზაფხულს მივმართე პოლიციას, მას შემდეგ რაც მეორე ბავშვი მომცილდა და ძალიან გაგვირთულდა ურთიერთობა. სხვადასხვა ტყუილის აღმოჩენის შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სახლიდან წამოვსულიყავი. ბარგი ჩავალაგე და წერილი დავუტოვე, სადაც ვუხსნიდი რატომ მივდიოდი. სახლიდან გამოსვლას რომ ვაპირებდი, მომისწრო. წერილის წაიკითხვის შემდე გამარტყა, მახრჩობდა და ტელეფონიც წმართვა. თავი როგორღაც დავიძვრინე, ბავშვის ოთახში ჩავიკეტე და მისი ტელეფონიდან მოვახერხე პატრულში დარეკვა. იმ ღამესვე წავედი ჩემს დედამთილთან, სადაც ბავშვი მყავდა დატოვებული. მან კარი არ გამიღო და ტელეფონი საერთოდ გამორთო. არაფერი ვიცოდი სად იყო და როგორ იყო ჩემი შვილი, ამაზეც პატრული გამოვიძახე. მთელი ღამე მატყუებდნენ მეც და პატრულის ინსპექტორებსაც, რომ ბავშვი ჩემს მეუღლესთან იყო.

ვცდილობდი, რომ ბავშვთან დაკავშირებული მეურვეობის საკითხი ჩვენს შორის მოგვეგვარებინა და სასამართლოსთვის არ მიმემართა, მაგრამ ბაღიდან მოიტაცა ბავშვი და თვეზე მეტი არ მაჩვენებდა. ოთხი საპატრულო ოქმია გამოწერილი, როგორ მანიპულირებდა ბავშვით. სასამართლოს რომ მივმართე მემუქრებოდა, საერთოდ ვეღარ ნახავ შვილს და წაგართმევო. სარჩელი მაინც არ გამოვიტანე, თუმცა ბავშვის დატოვების დღეები გავიყავით მორიგების აქტით. მაშინ დავიტოვე პირველად ბავშვი ჩემთან, ოთხი თვის შემდეგ. ის პარალელურად მაინც არ წყვეტდა ჩემი რეპუტაციის შელახვას. ჭორებს ავრცელებდა ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე და იმაზე, რომ მე ბავშვი მივატოვე.

2018 წლის 3 იანვარს მშობლების სახლში მომივარდა, მეც და მამაჩემსაც ფიზიკურად გაგვისწორდა ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით (ჩემი შვილი და ჩემი და). გონება დაკარგულ მამაჩემს სახეში ურტყამდა. მაშინვე დავურეკე პატრულს, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქალაქაო სასამართლომ ის 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ამის შემდგომ გავასაჯაროვე ეს ამბავი, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა. ჩემი ყოფილი მამამთილი ხონის ფსიქიატრიულის დირექტორია და მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ დიდი გავლენები აქვს, რასაც მისი თქმით ხშირად იყენებდა.

საბოლოოდ, სააპალაციო სასამართლომ, გასაჩივრების და ხმაურის შემდეგ, პატიმრობა შეუფარდა და დღეს ის ციხეშია. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენს შეუფარდებს სასამართლო, რადგან ახლა მიმდინარეობს არსებითი განხილვები. მაქსიმალური სასჯელი 3 წელია, რაც ჩემი აზრით, არასათანადოა.ჩემთვის მთავარია მან გაიაზროს და მოინანიოს თავისი დანაშაული, რომელსაც არც კი აღიარებს.

ზოგადად, სამართალდამცავ ორგანოებზე ვიტყოდი, რომ მე მათ დახმარება რეალურად აღმომიჩინეს და გვერდში დამიდგნენ. თუმცა ბევრი ძალადობის მსხვერპლი ქალი დამიკავშირდა რეგიონებიდან, რომლებიც პოლიციასთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილებას მიზიარებენ. საბოლოოდ გამოდის, რომ მედიას უფრო დიდი და დადებითი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებს და სამართალდამცავებს. მედიის ჩართულობამ გამოიწვია ჩემს შემთხვევაშიც ის, რომ შსს უფრო გააქტიურდა, იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი გამოეხმაურნენ ამ ფაქტს, რითაც თავი უფრო დაცულად მაგრძნობინეს.

ასევე, ჩემი პრფესიიდან გამომდინარე, ვიცოდი ვისთვის მიმემართა და ერთ-ერთი ასეთი იყო ილიას უნივერსიტეტის ლექტორი თამარ გურჩიანი. თამარმა უნივერსიტეტის რექტორი, დეკანი და დაცვა გაფრთხილა. ამიტომ, ყველა მობილიზებული იყო ჩემი უსაფრთხოების დასაცავად უნივერსიტეტში. ის რომ არ განმეორებულიყო, რაც ამავე უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ერთ-ერთ ლექტორს დაემართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთანაც თამარმა დამაკავშირა და ისინი იცავენ ჩემს ინტერესებს. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ამდენი ჯგუფი, ორგანიზაცია თუ მოძრაობაა დღეს ქალთა უფლებების დამცველი. ეს ძალიან მიხარია და მაძლიერებს.

ჩემს ყოფილ ქმარს და მის ოჯახს არ უნდოდათ იმასთან შეგუება, რომ ვერ დამამონეს და ვერ გადამაკეთეს. ხედავდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავჯდებოდი სახლში დიასახლისად. მაგრამ იყო პერიოდი, როცა ჩემი მეუღლის წყალობით, აღარ მჯეროდა ჩემი პროფესიით სამუშაოს დაწყების. თუმცა ახლა, მით უმეტეს როცა ეს ყველაფერი გადამხდა და პრობლემებიც დავინახე, ალბათ, უფრო ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობას ავირჩევ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური