ეთერი ბორჩაშვილი, 86 წლის, ჯოყოლო. პანკისის ხეობა

„სუ ტანჯვით გაზრდილი ვარ, ტანჯვით გაზრდილი… 6 წლისა ვიყავი დედა რო მომიკვდა. ჩვენ ნაკვეთში გაურბიოდი, „დედა მომიკვდაო“ ვღრიალებიდ, ისიც მახსოვს. 7 წლისა მიმიღო, მგონი, სკოლამ. ახლა კიდენ ჩაცმა არა მქონდა. დედაჩემის ტანისამოსი დახიეს, დაჭრეს, დააპატარავეს და რომ მაცმევდნენ, მე მოვკვდე, ვღრიალებდი დედაჩემის ტანისამოსს არ ჩავიცომო. პალტო ვის ენახნა, ჟაკეტი ვის ენახნა… მაინც ნიჭი მქონდა, ისეთი ნიჭი და ძალიან კარგად ვსწავლობდი. ფრიადი იყო მაშინ, ფრიადოსანი ვიყავი. 1 მაისს, პრაზდნიკები რომ იყო, კედელზე გამომაკრავდნენ ხოლმე, ფრიადოსანი არიო. მაშინ ძაან ძნელიც იყო, შუქი არ იყო და ბუხრის სინათლეზე ვსწავლობდი. სკოლაში არ წავიდოდი, თუ გაკვეთილი კარგად არ ვიცოდი. საერთოდ ნიჭი მქონდა, მაგრამ უპატრონობის გამო ვერ დავამთავრე სკოლა, მამაჩემმა დამანებებინა თავი. 5 კლასი დავამთავრე, მემრე წამიყვანეს და 9 წელი ხევსურეთში ვიყავით. მამა და ძმები იქ მწყემსებად იყვნენ, მე კიდენ მომვლელი ხომ მინდოდა და წამიყვანეს, რომ თვალ-ყურის ქვეშ ვყოფილიყავი, ბავშვი ვიყავი. იქ მარტო ბინის ყარაული ვიყავი, მე მაგათ საჭმელს არ ვუმზადებდი. მერე ჩემი ერთი ძმა ომში დაიკარგა, ომის დროს ცოლიც მოუკვდა და გოგოც ერთი წლისა. დარჩა ბიჭი ორი წლისა. მე ათი წლისა ვიყავი, ორი წლის ჩემ ძმისშვილს რომ ვზრდიდი. 19 წლამდინ გავზარდე და რო გავთხოვდი, ეგ კიდენ ჯარში წავიდა.

19 წლისა გავთხოვდი. მე სხვა მიყვარდა, მაგრამ ნათესაობამ დედისერთა არიო, ჩვენც დაგეხარებითო და გამათხოვეს. 7 შვილი მყავდა, 2 მომიკვდა… ახლა ყველა თავ-თავიანთვისა ცხოვრობენ, ჩემთან არავინაც არ არის, მარტო ღმერთია. ისე მიყვარდა ჩემი შვილები, სიტკბოს გულისთვის ფეხებთანაც ვიწვენდი ბალღებს და თავთანაც. დედამთილი მეხმარებოდა, ძალიან კარგი დედამთილი მყავდა. ავი ქალი კი იყო, კაცებს ეშინოდათ ჩემი დედამთილისა, მაგრამ მე მოთმინების ქალი ვარ, რაც არ უნდა ელაპარაკა და ელანძღნა, ყურს არ ვუგდებდი. ჰო, აი, გაჭირვებით გაზრდილი რო ვიყავი, ვიტანდი ყველაფერს.

რას ამბობ, ისე მიყვარდა, აი, ჩემი ბალღები რომ დადიოდნენ სკოლაში ღამე დავსვამდი, არც პურს ვაჭმევდი, არც ვაძინედი. მე მოვკვდე, ეხლაც ამიხენებენ ხოლმე, შენიო თავში წარტყმა არ გვავიწყდებაო. სანამ გაკვეთილს არ ჩამაბრებდნენ, თავს არ ვანებებდი. თვითონ ვჩეჩავდი, ან ვართავდი, ან რაღაცა საქმეს ვაკეთებდი. იმათ კიდენ არც ვაჭმევდი და არც ვაძინებდი, გაკვეთილი ჩამაბარეთ-მეთქი. მე მინდოდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ესწავლათ. ეხლა მყავს შვილიშვილი, სტუდენტია მეოთხე წელია. ისე მიყვარს, ისე მიყვარს სუ გაგიჟებით, რო ნიჭიერია და სწავლობს. ახლა კიდენ ერთი შვილიშვია, წელს მომივიდა მაგისი სურათი – დიპლომი ხელში აქვს, მენდალი კიდენ გულზე. პირველობა მიუღია ფეხბურთში. მაშ! ისეთი გამიხარდა, ისეთი გამიხარდა… აი, ის სტუდენტი მეტყხვის ხოლმე „ბაბო, რა გიხარიან, რო ეგრე გიყვარვარო“. როგორ არ მიხარიან-მეთქი, სტუდენტი მყავს შვილიშვილი! სწავლა მინდოდა, სწავლა მინდოდა… არა მქონდა დრო და პატრონი, ეეეჰ…

ჩემს სიცოცხლეში მე სიკარგე არ მინახნია. ბოდიშით კი, მარტო მეუღლე მყავდა კარგი, ოქრო მყავდა მეუღლე ხასიათით, ყველაფრით… მეტყოდა ხოლმე, ოღონდ ჩემ დედ-მამას სიტყვას ნუ შეუბრუნებო და შენი გაკეთებულ მე არაფერი არ მინდაო, მაშ. რას ამბობ, ისეთი კარგი იყო ისეთი, მაგისთვის ვარ მადლობელი, მთავარიც ეგ არი.“