ეთუნა ნოღაიდელი, 31 წლის, თბილისი

“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია” – უთქვამთ ჩემთვის.

თუმცა, მე სულაც არ ვფიქრობ ასე. შვილისთვის ყოველმხრივ დაცული სივრცის შექმნა არ მგონია ჩემი, როგორც მშობლის ვალი. როცა 23 წლის ასაკში, 400 ლარი ხელფასით, თბილისში ქირით მცხოვრებმა მაინც გადავწვიტე შვილის გაჩენა, ფემინისტურ თეორიებზე წარმოდგენა ნაკლებად მქონდა. მაშინ მხოლოდ იმას ვცდილობდი, საზოგადოებრივი წნეხის მიუხედავად, საკუთარი თავისა და პრინციპების ერთგული დავრჩენილიყავი. ასე გაჩნდა ჩემი პირველი შვილი ქორწინების გარეშე, და დადგენილი წესრიგის დარღვევისთვის მემკვიდრეობით ჩემი გვარი და მამის გრაფაში ცარიელი ველი ერგო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ამ ველის შესავსებად იუსტიციის სახლში მე და ჩემი შვილის მამა ერთად მივედით. ოპერატორს საბუთები გადავეცით და საქმის არსი ავუხსენით. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ, მან ხმამაღლა წაგვიკითხა დოკუმენტის განახლებული ვერსია: ბავშვის სახელი და ჩემი გვარის ნაცვლად, მამის გვარი. უცებ საშინლად დავიბენი და ვერ მივხვდი, რატომ შეიცვალა გვარი. მერე გამოვფხიზლდი და გავუღიმე: „არა, გვარს არ ვცვლით“.

ანუ, რადგან მამობის დადგენის რეგისტრაციისთვის მივედით, ოპერატორმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ვცვლიდით გვარსაც. ამ შემთხვევაში „მამობა“ იყო ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც აუცილებლად გაჩნდა სხვა მნიშვნელობები, როგორიც იყო „გვარი“ და მოლოდინი, რომ მე იქ აუცილებლად ჩემი შვილის არსებობის „კანონიერ“ ჩარჩოში მოსაქცევად მივედი.

და რატომ ვუშვებთ უპირობოდ, რომ გვარი მაინცადამაინც მამის „უნდა“ იყოს? რატომ არ ვითხოვთ ქალები თანასწორობას, როცა საკითხი ჩვენი შვილების გვარს ეხება? გვარი ხომ ერთგვარი ბეჭედია, რომელიც მამაკაცის საკუთრების მოსანიშნად შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შვილებს დღესაც ქალი ზრდის, კვებავს, საფენებს უცვლის, ღამეებს უთენებს – ისინი მაინც მამის საკუთრებად ითვლებიან. სიმბოლური და პირდაპირი მნიშვნელობით.

მე კი აღარ მგონია, რომ ასეთი „წვრილმანები“ უმნიშვნელოა. სწორედ ასეთი სიმბოლოები ქმნიან შემდეგ ჩარჩოებს, რომლის მიხედვითაც ზოგი შვილი სასურველია, ზოგი კი – არა, ზოგი კანონიერია, ზოგი კი – უკანონო. გვარი პოლიტიკური საკითხია და დედის გვარის ტარება ამ ჩარჩოებთან ბრძოლის ნაწილი შეიძლება იყოს.“