ეკა წულუკიძე, 39 წლის, სოფელი ფარი, სვანეთი

“18 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე.

ფილოლოგიურზე, დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენს სოფელში ვაკანსია: ერთბავშვიან კლასში ქართულის გაკვეთილები უნდა ჩამეტარებინა. აქედან დაიწყო ჩემი მასწავლებლობის ისტორია. თავიდან, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ პროფესიას, ვერ ვხედავდი საკუთარ თავს ამ სფეროში და მერე ნელ-ნელა ისე შემიყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა, რომ ახლა ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან.

ჩემი საქმიანობა მხოლოდ საგნის სწავლებით არ შემოიფარგლება. სოფლის მასწავლებლობა არაა მარტივი. იქ, სადაც არაფერი ხდება, ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობა ორმაგად გიმძაფრდება. მალევე მივხვდი, რომ ბავშვებში ღირებულებების შეცვლა და გამყარება უნდა დამეწყო. ამისთვის შევქმენი პატარა სამოქალაქო კლუბი, რომლის მიზანი იყო, ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლა რიგი საკითხებისადმი. პირველად გარემოსდაცვითი თემებით დავიწყეთ. 2013 წელი იყო და მაშინ აქ საერთოდ არავის ადარდებდა ეს საკითხი. ვსაუბრობდით სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემებზე და მოსახლეობაც აგვყვა. დავინახე, რომ ამ საკითხში ჩართვა მთელი მოსახლეობის გაერთიანებით უნდა მომხდარიყო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ შევქმენით ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია და მოვიპოვეთ გრანტი. ამის შედეგად, დავიწყეთ მუშაობა ნაგავსაყრელების აღმოფხვრაზე, შევიძინეთ ურნები და უპრეცენდენტო რამ მოხდა: პირველად შედგა სამოქალაქო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა – მემორანდუმი გავაფორმეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ჩვენი სოფლისთვის გამოიყო ნაგავსაყრელი მანქანა. მახსოვს, ამ მანქანას ამწევი არ ჰქონდა და ხელით ვტვირთავდით მე და ბავშვები ნაგავს. ასე შეიცვალა ქცევა ჩვენი სოფლის მოსახლეობამ გარემოს დაცვის მიმართულებით.

სვანეთში ახალგაზრდებს საკუთარი თავის პოვნა უჭირთ. გაუმართავი საგანმანათლებლო სისტემის გამო, ბევრი ბავშვი რჩება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის მიღმა. სოციალური ფონი ისეთია, რომ ბავშვს ვერ აიძულებ, სკოლაში იაროს და ისწავლოს. შედეგად, ახალგაზრდები განწირულები არიან უპერსპექტივობისთვის. დღეს სოფლის სკოლებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ახალგაზრდებს სკოლა ვერ ამზადებს ცხოვრებისეული უნარებით, რაც მათ მომავალში დაეხმარება თვითრეალიზებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა ეხმარებოდეს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა სწავლის სწავლა, ეფექტური თვითპრეზენტაციის უნარი, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირება.

ჩვენი სკოლების ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისაა, რომ დღეს სკოლები ფაქტობრივი ცოდნის გადაცემის რეჟიმში არიან. ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი ბავშვის პიროვნების განვითარებაში. არიან ბავშვები, რომლებიც არ სწავლობენ, მაგრამ ძალიან ძლიერები არიან სხვადასხვა აქტივობებში. ისეთ ნიჭს დაინახავ მათში, რომ გიკვირს, რატომ არ აქტიურობენ გაკვეთილებზე. არადა მასწავლებელზეა დამოკიდებული, როგორ გასაღებს მოუძებნის, როგორ გახსნის ბავშვს და შეძლებს მისი უნარების ხელისგულზე ამოტანას. არ არსებობს უუნარო ბავშვი, არსებობენ მასწავლებლები, რომლებმაც არ იციან, როგორ იურთიერთონ ბავშთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი დაეხმაროს ბავშვს საკუთარი თავის პოვნაში. მე არ მაინტერესებს, სიტყვასიტყვით იცოდეს ბავშვმა ნაწარმოები. მთავარია, მის მიღმა დაინახოს მისთვის საინტერესო დეტალი, აღმოაჩინოს ახალი. ხშირად, აზროვნებაში თავისუფლების მიცემაა სწავლის მოტივატორი ბავშვებისთვის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ეუხერხულებათ გაკვეთილზე მოუმზადებელი მოსვლა.

მახსოვს, ვაჟა-ფშაველას გავდიოდით. ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელსაც შეეძლო, კარგად დაეზეპირებინა პოემები, შევთავაზე, აეშენებინა ხევსურული სახლის მაკეტი ქვით. ძალიან კარგად გაართვა თავი დავალებას. მეტიც, აღმოაჩინა, რომ თურმე, ხელობა აინტერსებდა და ამის ნიჭიც ჰქონდა. ვურჩიე, პროფესიული განათლების კუთხით წასულიყო და მოხდა ისე, რომ მიიღო პროფესიული განათლება და ახლა არაჩვეულებრივი ხელოვანია. პრაქტიკულად, ერთადერთია რეგიონში, რომელიც უძველეს სვანურ ხის ნივთებსა და საკრავებს ამზადებს. თავის დროზე ბიძგი რომ არ მიმეცა, შეიძლება, საკუთარ თავში ეს უნარი ვერც კი აღმოეჩინა.

იყო წლები, როცა წიგნი საოცნებო საგანი იყო სკოლაში, ბავშვებს არ ჰქონდათ თანამედროვე ლიტერატურა, მაღალი პოლიგრაფიული წიგნები, არ ტარდებოდა წიგნიერების ხელშემწყობი აქტივობები. სოფელში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ლიტერატურა. დავაორგანიზე შემოწირულეობები და შევქმენით ლიტერატურული კლუბი. დაინტერესება დიდი არ იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, სწავლისა და მუშაობის სინთეზი გამომეყენებინა – ბავშვებთან ერთად მოვხატეთ კედლები, მოვაწყვეთ შიდა სივრცე და ნელ-ნელა მათაც გაუჩნდათ კლუბის მიმართ კუთვნილების განცდა. დღითიდღე ვხედავ, არაფორმალური განათლების ფონზე, როგორ იცვლიან ბავშვები აზროვნებას, უვითარდებათ მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა.

მიხარია, რომ მოვახერხე და მათი დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შეცვლა შევძელი. ამ ღირებულებით ეს ბავშვები არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არამედ იმ თემის კეთილდღეობაზეც, სადაც ცხოვრებენ.
ვფიქრობ, მასწავლებლის როლი იმაშიც მდგომარეობს, რომ დასაქმების პერსპექტივის სწორი მიმართულება მისცეს ბავშვებს. ძალიან არაპოპულარულია ჩვენთან პროფესიული სწავლება, ძირითადად, მშობლებს აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება. ამ კუთხით დავიწყე ცნობიერების ამაღლების კამპანია. გავაკეთე სოციალური საწარმო, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან სხვადასხვა სახელობო ცოდნას. ამ ეტაპზე, ჩემი სამომავლო გეგმაა, ინოვაციური ცენტრის შექმნა, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან პროგრამირებისა და რობოტექნიკის კურსს, კვოტაც დავაწესე – 70 სტუდენტიდან, 35 გოგონა იქნება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიც.

2017 წელს გავხდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ასევე, ჩემი განვლილი გზის შეფასებისა და გადაფასების შესაძლებლობა. ამ აღიარებამ დამარწმუნა, რომ სწორი გზით მივდიოდი და ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მასწავლებლი ვიყავი, არამედ მათი თანამოაზრე.

მუდმივად განვითარების პროცესში ვარ. ვცდილობ, უახლესი ცოდნები მივიღო და ეს ცოდნა იმ პედაგოგებს გავუზიარო, რომლებსაც ამაზე ხელი არ მიუწვდებათ. ცხადია, ეს ყველაფერი არაა ჩემთვის მარტივი. 4 შვილი მყავს. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, საოჯახო საქმეების კეთება მიწევს და პრაქტიკულად, ის საათები, როცა უნდა დავისვენო, ოჯახში ვმუშაობ. ბევრი მასწავლებელი აბსოლუტურ ენთუზიაზმზე მუშაობს, იმდენად დაბალი ანაზღაურებებია. მაინც მგონია, პედაგოგი უნდა იყო შინაგანად, რომ გესმოდეს ის პასუხისმგებლობა, რაც მასწავლებელს აქვს თაობების მიმართ.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია