ელენე განაია, 29 წლის, მესტია
“თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა გზის ფულად, მივხვდი, რომ საკუთარი შემოსავალი მჭირდებოდა, უნდა მებრძოლა საკუთარი ადგილისთვის და შეუპოვარი ხასიათი მაშინ ჩამომიყალიბდა. მახსოვს, რამდენი ვიწვალე სამუშაო ადგილის პოვნისას, ხან მერიის რიგებში ვიდექი, ხან სად ვაგზავნიდი “სივის,” ხან – სად. ბოლოს, ერთ-ერთ ბანკში დავსაქმდი გაყიდვების აგენტად. პარალელურად ვსწავლობდი.
გიორგი თბილისში გავიცანი, ერთ-ერთ წვეულებაზე. სვანეთში დაბადებული და გაზრდილი, წარმატებული სპორტსმენი იყო, არაერთგზის ჩემპიონი. 19 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. სვანური კოშკი მხოლოდ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მქონდა ნანახი. არ ვიცოდი, სად მივდიოდი და არც მაინტერესებდა. იმდენად სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდა, რომ მზად ვიყავი, ნებისმიერ ადგილას გადავსულიყავი საცხოვრებლად. თუმცა პირველ თვეებში თბილისში ვცხოვრობდით ქირით, სწავლისა და სამსახურისთვის რომ მიმეხედა.
პირველ ბავშვზე ორსულობის პერიოდში მესტიაში ამოვედით დასასვენებლად. ორსულობის გამო აკადემიურის აღება მომიწია და სამსახურიდანაც დეკრეტულ შვებულებაში გავედი. მაშინ გავიგე, რომ მესტიაში ბანკში რეორგანიზაცია იყო და სრულიად გიჟურად გადავწყვიტე, რომ აქ მეცადა ბედი. პრაქტიკულად, ერთ დღეში მოგვარდა ჩემი ამბავი. გასაუბრების დღესვე დამიბარეს ორკვირიან სტაჟირებაზე, თბილისშიც გავიარე ტრენინგი და მესტიაში ერთ-ერთი ბანკის ფილიალის სალაროს განყოფილება ჩამაბარეს. გიორგი ძალიან მიწყობდა ხელს, ეამაყებოდა, რომ თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ვიყავი. მთელი დრესკოდისა და ეტიკეტის დაცვით, “ქალბატონო/ბატონოთი” მივმართავდი კლიენტებს. ერთხელ მითხრეს – უიმე, შვილო, ჩვენთვის აქ “ბატონოთი” არავის მოუმართავსო. დიდი რიგებიც იყო, უნდოდათ, ჩემთან მოხვედრილიყვნენ. ამიტომ, ჩემი ასეთი დამოკიდებულებით, მალევე მოვხვდი ყველას თვალსაწიერში. გიორგის აქ ყველა იცნობდა და უყვარდათ, თანაც, ძალიან ლამაზი იყო და ვერ წარმოედგინათ, ვინ შეიძლებოდა, მის გვერდით ყოფილიყო. მახსოვს, ისიც კი ვუთხარი, რომ მალე, როგორც ელენეს ქმარს, ისე წარგადგენენ-მეთქი. ერთხელ, ერთ სოფელში, ზუსტად ასე მიმართეს, შენ ხომ ჩვენი ელენიკოს ქმარი ხარო.
ასე დაიწყო ჩემი და სვანეთის დაახლოება.
მარიამის დაბადების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად დავბრუნდი თბილისში. თან ღამის ცვლაში ვმუშაობდი. ამ დროს გავიგე, რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. ძალიან მიჭირდა, მაგრამ გიორგი მამხნევებდა და გვერდში მედგა. გიორგი ამსხვრევდა სტერეოტიპულ წარმოდგენებს სვანი კაცების შესახებ, ძალიან მიწყობდა ხელს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მეუბნებოდა, თავი დამენებებინა ყველაფრისთვის, თუ წამომცდებოდა, რომ დავიღალე.
ტასო რომ დაიბადა, სვანეთში უნდა მოგვენათლა. 24 ივნისი იყო, თბილისიდან გადმოვფრინდით, ეს ჩემი პირველი ფრენა იყო. თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა – გართულებული მშობიარობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები დავძლიე და ახლა მთელი ოჯახი ერთად ვიქნებოდით სვანეთში, დავისვენებდით. იმ დღეს შინაგანად ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი, არც კი მიგრძვნია, რომ რამეს შეეძლო დაერღვია ბედნიერების ეს შეგრძნება. საღამოს გიორგი მეგობრების სანახავად გავიდა. არადა, არ იყო მძიმე ავარია. 6 მგზავრიდან მანქანაში მხოლოდ გიორგი დაიღუპა. 24 წლის იყო.
მე მასთან ერთად მოვკვდი და მერე აღვსდექი. დასაწყისში იყო თვეები, როცა საერთოდ არ მეძინა. იმხელა ემოციები მქონდა ჩაქსოვილი ჩემს სიყვარულში, რომ წარმოუდგენელი სიმარტოვე და სიცარიელე ვიგრძენი. ჩემშიც მოხდა ეს გარდაცვალება. მეც შევიცვალე. განცდებთან ყოველთვის მარტო რჩება ადამიანი, სიტყვებით ვერც გადმოსცემ და ვერც მალამოდ მოგედება სხვისი ნუგეში, როცა პირდაპირი გაგებით, სული გტკივა. ეს ყოფა დავძლიე და ამოვედი ამ სიგიჟის მორევიდან. 24 ივნისს 8 წელი გავიდა და მე არცერთი დღე არ მიცხოვრია გიორგის გარეშე. ვგრძნობ, რომ ჩემთანაა. მართლა ყველაფერი ხორციელი ხომ არ არის?! ამ გრძნობამ დამტოვა სვანეთში.
სწავლის გასაგრძელებლად მომიწია თბილისში დაბრუნება ორი წლით. ბავშვები გიორგის მშობლებთან დავტოვე და თვეში ერთხელ ამოვდიოდი. მთელი ენერგია და ტკივილი ჩავდე სწავლასა და მუშაობაში და ამანაც ადვილად გადამატანინა ეს ტკივილები.
2014 წელს, მაგისტრატურაზე ჩაბარების მერე, ისევ დავბრუნდი სვანეთში და მას მერე აქ ვარ. ჩემი დაბრუნებიდან, მალევე, მესტიის მუნიციპალიტეტში ამიყვანეს მერის თანაშემწედ. ძალიან აქტიურად ჩავერთე ახალგაზრდულ საქმეებში, რაც კარგად გამომივიდა. მოულოდნელად, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების დეპარტამენტის უფროსად დამნიშნეს. გიორგის წასვლის შემდეგ, ის ენერგია და სიხალისე, რაც მქონდა და დავკარგე, ჩემმა შვილებმა და სვანეთის ახალგაზრდებმა დამიბრუნეს.
ახლა თითქმის ყველა პროექტში ვარ, რაც სვანეთში ხორციელდება. ევროკავშირის პროგრამაში, ენპარდ 3-ში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის კოორდინატორი ვარ, რითაც ძალიან ვამაყობ. ასევე, ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებსა და მესტიის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ვასწავლი ინგლისურ ენას უკვე 4 წელია. ამავდროულად, ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე – მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კონცეფცია ზემო სვანეთის მაგალითზე.
საკმაოდ აქტიური მოქალაქე ვარ და რაც მთავარია – უზომოდ შეყვარებული სვანეთზე.”
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია