ესმა გუმბერიძე, 22 წლის, თბილისი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ.

მე რომ ისეთი ოჯახი არ მყოლოდა, როგორიც მყავს, მართლაც პრობლემური შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი უნივერსიტეტში სწავლა. ჩვენ ქუთაისიდან ვართ და ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, როდესაც მე სკოლაში უნდა მივსულიყავი. თავიდან მარტო ქართული ენის სახელმძღვანელო გვქონდა ბრაილით. დანარჩენს ყველაფერს დედაჩემი მიკითხავდა. ასე რომ ვთქვათ, ადაპტირებული განათლება უსინათლოთა სკოლაშიც კი, ძალიან პირობითი იყო და დედაჩემმა ბევრი ჩადო ჩემს განვითარებაში. მახსოვს პლასტელინისგან, ასანთისგან თუ სხვადასხვა რაღაცეებისგან მიკეთებდა ნახაზებს და ასე მიხსნიდა სახლში თვითონ. უკვე მერვე-მეცხრე კლასში როდესაც ვიყავი, ნაწილი სახელმძღვანელოების ბრაილით შემოვიდა, ნაწილი – აუდიო. მე როდესაც ვხედავდი, რომ შედეგი მქონდა, მეტი მოტივაცია გამიჩნდა რაღაც გამეკეთებინა.

ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად კერძო მასწავლებლებთან არ მივლია, მე თვითონ მოვემზადე. ის საგამოცდო კრებულები რასაც ეროვნული ცენტრი გამოსცემს, ბრაილის შრიფტითაც იბეჭდება. პრობლემა ის არის, რომ გამოდის მხოლოდ იმ წლებში, როდესაც უსინათლო ბავშვი აბარებს. შესაბამისად, ყველა წლის კრებული არ იყო. მოკლედ, როცა ყველა კრებული ამოვწურე, რაც ბრაილის შრიფტით იყო, მერე დედაჩემს დავყავდი ხოლმე საჯარო ბიბლიოთეკაში და იმ კრებულებს მიკითხავდა, რომელიც ბრაილის შრიფტით არ იყო. და აი, ასე ჩემით და დედაჩემის დახმარებით მოვემზადე. მაგრამ ის, ვისაც ოჯახი რეგიონში ჰყავს, აქ რომ ისწავლოს, სად იცხოვროს?! ნათესავთან? კი, მაგრამ გამოდის, რომ გარემო რადგან არ არის ადაპტირბული და უნარებიც არ აქვს ზოგ შემთხვევაში, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვას, ნათესავი ან მეგობარი უნდა დაყვებოდეს უნივერსიტეტში. მე ახლაც ჩემს მშობლებს დავყავარ უნივერსიტეტში და სხვაგანაც. მერიამ კი დააფინანსა უსინათლოთა კავშირის გამცილებლის პროექტი, მაგრამ სულ 3 გამცილებელია თბილისში და რამდენიმე ასეული უსინათლო. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ მე ინდივიდუალურად მათ დავყავდე ყოველდღე უნივერისტეტში. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან რთულია შშმ პირისთვის თბილისში მარტო ცხოვრება. მისთვის უმაღლესი განათლების მიღების გამო, მთელი ოჯახის გადმოსვლა კი, ხშირად, ვერ ხერხდება.

თავიდან თავისუფალ უნივერსიტეტში მოვხვდი 100% გრანტით. ძალიან გაკვირვებული ვიყავი ჰარვარდ დამთავრებული პრორექტორისა და სხვა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან თავდაპირველი დამოკიდებულებით, რომ თუ გინდათ ამან ისწავლოს, წაიყვანეთ ევროპაში. ჩვენ არ გვაქვს აქ იმხელა რესურსი, მას ცალკე ლექტორები დავუქირავოთო. ეს იყო, ჩემი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი. ჩვენ ავუხსენით, რომ ცაკლე ლექტორის დაქირავება არანაირად არ იქნებოდა საჭირო, რომ მათ აკრედიტაცია აქვთ გავლილი, რაც ავალდებულებთ ყველა სტუდენტს შეუქმნან საჭირო პირობები, მათ შორის მეც. თავიდან მე თვითონაც მქონდა კომპლექსი, არ მინდოდა ფული დაეხარჯა ჩემს გამო უნივერსიტეტს და ვთქვი, რომ თანაკურსელ მოხალისეებს ვთხოვოთ და იქნებ მათ წამიკითხონ-თქო. ასეც დავიწყეთ, მაგრამ ამან არ იმუშავა. მერე მივედი ადმინისტრაციასთან, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ წამკითხველი დამიქირავეთ, სხვა გზა არ არის მეთქი. მაშინ ამიყვანეს წამკითხველი, რომელიც მხოლოდ ჩემთან მუშაობდა და სახლშიც დადიოდა.

თსუ-ში გადმოსვლა კი ძირითადად იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ გაცვლითი პროგრამები იყო, ტერიტორიულადაც უფრო ახლოსაა და თანხაც აღარ მექნებოდა გადასახდელი იმიტომ, რომ 100% დაფინანსებით ვარ. თსუ-ში გადმოსვლამდე უკვე კარგად ვიცოდი, რომ ვალდებულები არიან მე ინკლუზიური გარემო შემიქმნან და დეკანის მოადგილესაც ავუხსენი ეს ყველაფერი. თსუ-შიც არ არის ელექტრონული ლიტერატურა, არც აუდიო. ამიტომ, ადმინისტრაციამ უზრუნველყო ის, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს აქვთ შეთავსებული ჩემთვის წაკითხვის ფუნქცია. გვაქვს შემუშავებული ცხრილი, მოვდივარ ბიბლიოთეკაში და მიკითხავენ იმას, რასაც მე ვეტყვი და რაც მჭირდება. იქიდან რაც მნიშვნელოვანია, მაგალითად, კოდექსების მუხლები, ვიწერ კიდევაც დიქტოფონზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, უბრალოდ ვისმენ და გამოცდებს ვაბარებ ჩემი ლეპტოპით. ეს არის ინდივიდუალური მიდგომა და არა სისტემური, რადგან იურიდიულ ფაკულტეტზე, რამდენადაც ვიცი, არც ყოფილა არასდროს უსინათლო სტუდენტი. რა თქმა უნდა, მოუხერხებლობაა ის, რომ მხოლოდ განსაზღვრულ საათებში შემიძლია აქ მოსვლა და მეცადინეობა. ჩემი სახელმძღვანელო რომ მქონდეს, როცა მინდა მოვისმენ – ღამე, დღე თუ შაბათ-კვირას… მაგალითად, ლექცია თუ მიცდება, აქ ვერ მოვალ და ვერ ვიტყვი, რომ ორი საათი მაქვს თავისუფალი და წამიკითხეთ, თუ წინასწარ არ შევათანხმე.

ასევე მოვითხოვე, რომ გამოცდა ზეპირად კი არა, კომპიუტერით უნდა ჩავაბარო, რადგან მე ხომ ეს განათლება იმიტომ მინდა, რომ მომავალში რაღაც გავაკეთო?! და მე თუ კაზუსი (იურიდიული ამოცანა) არ ამოვხსენი წერილობით, ასეთ ცოდნას ვერ გამოვიყენებ. სხვათაშორის ეს რომ ავუხსენი, მერე IT სპეციალისტი გამომიყვეს, რომელმაც რაღაცეები მასწავლა კომპიუტერზე. უნივერსიტეტში კიდევ ერთი ბარიერი ის არის, რომ ჩემით ვერ ვირჩევ საგნებს, რადგან ბაზა არ არის ადაპტირებული. IT სპეციალისტს ვკითხე, რომ იქნებ შესაძლებელია და მასწავლოთ ამ ბაზის გამოყენება მეთქი. თავიდან მომიშორეს, არ არის ადაპტირებულიო და არ მასწავლეს. ამიტომ, საგნების არჩევაში ადმინისტრაციის თანამშრომლები მეხმარებიან.

ყველა უნივერსიტეტში ასე არ ხდება, სამწუხაროდ. მაგალითად, ბევრ ჩემს კლასელს დღესაც მშობელი უკითხავს. მე ვეუბნები, რომ მოითხოვეთ თქვენი ადმინისტრაციისგან ეს წამკითხველი, რადგან უნივერსიტეტია ვალდებული და არა მშობელი. ყველგან ასეა, შენ თუ არ მიხვალ და არ მოითხოვ, თვითონ არ გთავაზობენ. თსუ-შიც ასე იყო, თავისუფალ უნივერსიტეტშიც და ბევრგან. მოკლედ, შენ უნდა ამოიღო ხმა, სხვა გზა არ არის. თსუ-ში არ არსებობს შშმ პირების საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი ან თუნდაც ერთი პასუხისმგებელი პირი. სულ 8 შშმ პირი სწავლობს, რაც მე ვიცი, სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სახვადასხვა შეზღუდვებით და სხვადასხვა საფეხურზე.

ჩემს ოჯახში არასოდეს ყოფილა იმაზე ლაპარაკი, რომ მე ვერ შევძლებ სწავლას, მე ვერ შევძლებ მუშაობას ან რაღაცას ვერ მივაღწევ. დედაჩემმა ძალიან სხვანაირად გამზარდა. სულ მეუბნებოდა, მერე რა, წადი დირექტორს უთხარი, მინისტრთან მივიდეთ… და ასე სჯეროდა, რომ ბრძოლას აქვს აზრი. ამიტომაც იყო ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი, რომ მე უნივერსიტეტში მოვედი. ეს მერე ხალხმა ამიხილა თვალი, რომ მთლად ჩვეულებრივიც არ არის.

მიუხედავად სირთულეებისა, ჩემთვის სწავლა არ აღმოჩნდა ბარიერი. მე ამას ვახერხებდი სკოლაშიც და ვახერხებ უნივერსიტეტშიც. ვმონაწილეობ გაცვლით პროგრამებშიც – სკოლის დროს ამერიკაში ვიყავი ერთი წლით, ახლახანს გერმანიაში ნახევარი წლით. რასაც ახლა ვუყურებ, დასაქმება და შემდგომი კარიერული ზრდა ნამდვილად იქნება დიდი ბარიერი ჩემთვის. ხშირად მიფიქრია, რომ ადვოკატობას ჩვეულებრივად შევძლებ, რადგან მეყოლება ასისტენტი, რომელიც დამეხმარება. მაგრამ, სანამ აქამდე მივალ, მე ზუსტად ეს საფეხურები უნდა გავიარო – სტაჟირებები, ასისტენტობა… რაც გულისხმობს ქაღალდებით ხელში სირბილს წინ და უკან, რაღაცეების მოძიებას, რასაც მე ვერ შევძლებ არაადაპტირებული გარემოს გამო. ამიტომ, ეს სტაჟირება, რაც არის ერთ-ერთი საფეხური, სერიოზულ პრობლემებს ქმნის ჩემთვის კარიერაში ამჟამად”.