თაკო სალდაძე, 25 წლის, ქუთაისი/მინსკი

„ბელორუსიაში სწავლისას, ჩემი ხელმძღვანელი შემპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ ოპერაციაზე მეორე თანაშემწედ წამიყვანდა. როდესაც საოპერაციოში შევედით, სრულიად მომზადებული, ოპერატორმა შემომხედა და თქვა, რომ ქალს ვერ დაასწრებდა ოპერაციაზე, რადგან ოპერაციის სირთულიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ოპერაციის დაწყების წინ, მომხსნეს და ჩემი კანდიდატურა იმავე რანგის სტუდენტი ბიჭით ჩაანაცვლეს. „это нечестно“,- ვუთხარი ოპერაციის დასრულების შემდგომ ქირურგს და ავუხსენი, რომ სქესის მიუხედავად, ზუსტად ისევე შემეძლო საოპერაციო კავების დაჭერა, როგორც ჩემს თანაკურსელ ბიჭს. მით უფრო, რომ საქართველოში პირველი კურსიდან მქონდა ოპერაციებზე ასისტენტად მუშაობის გამოცდილება. და ვუთხარი, რომ თუ კიდევ განმეორდებოდა ჩემი მისამართით გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევა, აუცილებლად ვუჩივლებდი. მას მერე უკან არ დამიხევია.“

„ბავშვობიდან მაინტერესებდა ქირურგია. მაშინ ჯერ სახელიც არ ვიცოდი ჩემი მომავალი პროფესიის, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ოპერაციები უნდა მეკეთებინა ადამიანებისთვის. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის საკაბინეტო სამუშაო – მუდმივი ადრენალინი და ენდორფინების მოზღვავება – ეს მიზიდავდა ამ პროფესიაში. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე ექსტერნად და გამოცდილების მიღების მიზნით გავედი ეროვნულ გამოცდებზე. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი იმავე წელს ჩაბარებას, რადგან უკეთესად მომზადებას და თბილისში სწავლას ვგეგმავდი. თუმცა ჩემდა გასაოცრად ეროვნული გამოცდები წარმატებით გავიარე და გადავწყვიტე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა სწავლა.“

„ოჯახიდან წინააღმდეგობა არასდროს მქონია პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით. მახსოვს ერთი ფაქტი – მეორე კურსზე ვიყავი, როცა ქერად შევიღებე თმა. იმ პერიოდს დაემთხვა ჩემი კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა. მოხსენების დასრულებისთანავე, ერთ-ერთმა პროფესორმა მითხრა, რომ მე დავარღვიე სტერეოტიპი ქერა ქალებთან მიმართებაში, რადგან ქერა ქალი ზოგადად ქარაფშუტა ქალთან ასოცირდებაო. სხვათა შორის მას მერე კიდევ უფრო გამიძლიერდა ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევის სურვილი და კიდევ უფრო ქერა გავხდი“

ყოველთვის საქართველოში მესმოდა ექიმების მიერ, რომ ზოგადი ქირურგია ქალის საქმე არ იყო და სხვა პროფილით უნდა წავსულიყავი, რომ ქალი ასეთ შრომატევად და მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ვერ შეძლებდა.როდესაც პრაქტიკები დავიწყე ქუთაისის კლინიკებში, კაცების გარემოში მიწევდა მუშაობა, რადგან ქალი ქირურგი დიდი იშვიათობაა. ყველა კოლეგას უკვირდა და მეკითხებოდნენ ,,ქირურგია რომ გინდა, ოჯახის შექმნა არ გინდაო?!’’ მეც რომ იგივეს ვეკითხებოდი, პასუხად ვიღებდი, რომ ისინი კაცები იყვნენ. და მაშინვე უფრო დიდი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა და ჩემი ხისტი პასუხებით, კონტრ-შეკითხვებით, ახსნა განმარტებებით მიწევდა იმის მტკიცება, რომ შენი სიძლიერე არის მხოლოდ შენს განათლებაში, ცოდნაში, შრომაში და მონდომებაში, რომ პროფესიებში არ არსებობს სქესი….

ხშირად მომსვლია პოლემიკა იმ თემაზე, რომ ქირურგებს ეს პროფესია კაცების პროფესიად მიაჩნიათ. რჩევებს მაძლევდნენ, რომ სხვა მონათესავე პროფესია ამერჩია, რადგან ქირურგების ბაზარზე დიდი კონკურენციაა და პაციენტების უმრავლესობა პრიორიტეტს კაც-ქირურგს ანიჭებს, რადგან ქალის კომპენტენციაში ეჭვი ეპარებათ. ამ მცდარ მოსაზრებას ზურგს ის ფაქტი უმაგრებს, რომ ქალებმა გაცილებით გვიან მოიპოვეს უფლებები, მათ შორის განათლების და მით უფრო მედიცინაში განათლების, ამიტომ ისტორიულად ქირურგის პროფესიაში კაცები დომინირებდნენ და ეს პროფესია „მამაკაცურ პროფესიად“ მოიაზრება. გარდა ამისა არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს ქალს არ შეუძლია ფსიქოლოგიური სტრესების გამკლავება და რასაც ყველაზე ხშირად მოითხოვს ეს პროფესია, 6-7 საათი ფეხზე დგომა. ამ მოსაზრების საპირწონედ მინდა ვთქვა, რომ ქალების საშინაო შრომა არანაკლებ სტრესული და შრომატევადია. ბევრ ქალს დილიდან საღამომდე უწევს ფეხზე დგომა და უამრავი საოჯახო საქმის კეთება, თანაც ანაზღაურების გარეშე. ხშირად მიფიქრია, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დააწესოს ანაზღაურება დიასახლისებისთვის და ეს ცალკე პროფესიად აქციოს.“

„ასეთი ტიპის შეგონებებთნ გამკლავება ყოველდღიურად მიწევდა. თუმცა არასდროს შემპარვია ეჭვი ჩემს ძალებში და გაორმაგებული ძალისხმევით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ქალებსაც შეუძლიათ იყვნენ პროფესიონალი ქირურგები. უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ,,ჰიპერაქტიური, ჰიპერკრეატიული, კურსის და ფაკულტეტის მამოძრავებელი ძალა, ქალი- ემერჯენსი, ქალი – მსახიობი, ქალი- ქირურგი და „ნაწლავების მოტრფიალე“-ს ტიტულიც მივიღე. ერთი პერიოდი დავფიქრდი, ჯინის გამო ხომ არ ვილტვოდი ასე ამ პროფესიისკენ, რომ დამემტკიცებინა საზოგადოებისთვის ჩემი ძალები, ცოტა ეჭვიც კი შემეპარა იმაში, რომ ეს ხომ არ არის მთავარი მოტივატორი, მაგრამ იმხელა სიამოვნებას მანიჭებს თითოეული ოპერაცია, გადარჩენილი ადამიანები, რომ ესაა ჩემი მოწოდება“

„სტუდენტობის პერიოდში მე და ჩემმა მეგობრებმა – EMSA ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, რომლის მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ჯანმრთელობის საკითხებში ცნობიერების ამაღლება. საზღვარგარეთ მცხოვრები თანატოლებსა და მომავალ კოლეგებთან თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამასთან EMSA ქუთაისი ყურადღებას ამახვილებდა როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე, ისე საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებაზე უნივერსიტეტში. ასევე ვიყავი ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ განმანათლებელი. ვატარებდით საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან, სტუდენტებთან. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევდით ქალების ჯანმრთელობას და რეპროდუქციას, მათ უფლებებს. ამ მხრივ რეგიონებში სავალალო მდგომარეობაა, რაც განათლების დეფიციტის ბრალია. ქალები არ იცნობენ საკუთარ სხეულებს. აუცილებელია, რომ უკვე მე-10 კლასიდან სკოლებში დაიწყოს შემეცნებითი გაკვეთილები, რაც მოზარდებს აუხსნის როგორ უნდა დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, არასასურველი ორსულობისგან, რა ტიპის კონტრაცეპტივებია ხელმისაწვდომი და როგორ არის შესაძლებელი ოჯახის უკეთესი დაგეგმვა“

„საქართველოდან ბევრი სამედიცინოს სტუდენტი აგრძელებს სწავლას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რადგან საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემა უფრო ხისტია.საქართველოში მქონდა კარგი შემოთავაზებები, თუმცა გადავწყვიტე საზღვარგარეთ მიმიღო განათლება, უფრო მეტი გამოცდილება და პრაქტიკა, რაც ჩვენი ქვეყანა ნაკლებად იძლევა.

და ბოლოს, ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერი პროფესიის დაუფლება თუ მას ეს აინტერესებს უყვარს, მიზანს დაისახავს და ამ მიზნისთვის ყველაფერს გააკეთებს!

დიახ, დღეს მე ქირურგი ვარ 5-6საათის განმავლობაში მიწევს ხოლმე ოპერაციებზე დგომა და მე ეს არ მღლის!

დიახ, მე ქირურგი ვარ და ის კომენტარები რომ “ქალს ეს არ შეუძლია” მე ეს უფრო მაძლიერებს რომ დავუმტკიცო ამ ხალხის ნაკადს რომ ქალებს ეს შეუძლიათ და იმაზე მაგრად, ვიდრე ეს კაცებს გამოსდით.’’

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტოგრაფი: ნინა ბაიდაური