თამარ ისაკაძე, 35 წლის, თბილისი
„ვფიქრობ, სწორედ ჩემს ოჯახში არსებულმა სტერეოტიპებმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი, შემესწავლა ბავშვთა ფსიქოლოგია და მებრძოლა ბავშვების უფლებებისთვის, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში გადატანილი ტრავმები მაინტერესებდა, ხოლო რაც მე თვითონ გავხდი დედა, მას შემდეგ მაინტერესებს ჰუმანური და ეგზისტენციალური საკითხები აღზრდასა და განათლებაში.
ჩემს სახლში ეგონათ, რომ ბავშვი რადგან პატარაა ვერ აზროვნებს, ამიტომ მის მაგივრად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ასევე ეგონათ, რომ ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, განსაკუთრებით, თუ ეს აზრი განსხვავებულია. დედაჩემს მუდმივად უჭირდა მიეღო ჩემი, რაიმე, თუნდაც წვრილმანი განსხვავებული შეხედულება. ჩემი განსხვავებული გემოვნება ან არჩევანი მის გონებაში, როგორც უარყოფითი მოვლენა, ისე იხარშებოდა. ამიტომ, რაღაც პერიოდი მახსოვს ჩავიკეტე და ჩემს აზრს აღარც ვაფიქსირებდი, იმის შიშით, რომ ნეგატიური კომენტარი ან გაკიცხვა არ მიმეღო.
ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ მუშაობა არ დავიწყე ერთ პროექტში. ეს იყო 2007-2008 წლები, პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღებთან მქონდა შეხება, ბავშვთა სახლში მყოფი ბავშვების საბავშვო ბაღებში ინტეგრაციის მიზნით. იქ ვნახე, რომ ბაღების უმრავლესობაში ყველაზე გავრცელებული თამაში, რომელსაც მასწავლებელი სთავაზობდა ბავშვებს იყო „სიჩუმის მეფე“. მასწავლებელი სკამებზე გაშეშებულ ბავშვებს ხელების უკან წაღებას სთხოვდა და ვინც დიდხანს გაჩერდებოდა უმოძრაოდ და მდუმარედ, ის იყო გამარჯვებული. ეს თამაში ვნახე რამდენჯერმე, ეს იყო საშინელება და ვთქვი, რომ ეს ტრაგიკული თამაში უნდა დამთავრდეს! ბაღის აღმზრდელებთან დიდხანს მქონდა საუბრები და შეხვედრები, იმ საკითხზე, რომ ბავშვი ბუნებით აქტიურია და განმავითარებელი თამაშების დაგეგმვაში ვეხმარებოდი. იმ პერიოდში ბავშვებზე და მათ უფლებებზე წარმოდგენა უფრო ნაკლები იყო, თუმცა ახლაც, ბავშვისთვის საკუთარი შეხედულების გამოთქმის სწავლება და არჩევანის თავისუფლება დემოკრატიული აღზრდის ფარგლებში ბევრ მასწავლებელში პროტესტს იწვევს. ბავშვების უფლებები ყოველ ჯერზე ირღვევა და ქვეყანაში არ გვაქვს ბავშვის ინტერესის დამცველი ძლიერი ინსტიტუტები.
2009 წლიდან დღემდე ინკლუზიური განათლების საკითხებზე ხშირად ვატარებ ტრენინგებს, დღეს მასწავლებელთა განწყობები ისეთი ხისტი აღარ არის, როგორც მაშინ. მე და ჩემი მეწყვილე, სამ დღიანი ტრენინგის ჩასატარებლად რომ მივდიოდით რეგიონებში, აქედან პირველ დღეს მასწავლებელთა აგრესიის ჩაცხრობას ვანდომებდით, უმრავლესობა ღიად აპროტესტებდა ინკლუზიური განათლების ტრენინგს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლაში ინკლუზიას. ასევე, დიდი აგრესია იყო გენდერული თანასწორობის შესახებ სკოლებში ჩატარებული ტრენინგების დროს.
სულ ვეკითხები ჩემ თავს, ვისი უფლებებია დაცული საქართველოში? ბავშვების? მოხუცების? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების? ქალების? ბავშვიანი ქალების? ან ვინ უნდა დაიცვას მათი უფლება? მე რასაც ვაკვირდები, მეტწილად, მათი უფლებები დარღვეულია და არა – დაცული. საუკუნეების მანძილზე, იმაზე, თუ როგორ იცხოვრონ ბავშვებმა, ქალებმა, მოხუცებმა, თუ შშმ პირებმა, გადაწყვეტილებებს კაცები იღებდნენ, ისინი ანაწილებდნენ რესურსებს, ბიუჯეტს, უფლებებს, თუ ვალდებულებებს. კაცების მიერ მართულ მსოფლიოში ქალებსა და ბავშებს ყველაზე ცოტა სარგებელი ხვდებოდათ. ისტორია გვეუბნება, რომ ისინი მუდმივად გამოდიოდნენ ქალების აქტიურობის წინააღმდეგ, საუკუნეების მანძილზე კაცის მიერ ცოლის/ქალის მოყვანა მისი და მისი ოჯახის მოვლა პატრონობასთან იყო გაიგივებული. აქტიური, თვითრეალიზებული და ჭკვიანი ქალები ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ. ეს სწორედ ის წრეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე შექმნა საზოგადოებამ, როგორც სტერეოტიპი, და თუკი გავაცნობიერებთ, რომ საზოგადოების აქტიური წევრები, გადაწყვეტილების მიმღებნი კაცები იყვნენ, ნათელი გახდება, თუ რომელმა საზოგადოებამ.
ადრე ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ სწავლას ჯობია გავთხოვდე, ოჯახში, სადაც ღირებულებები მხოლოდ „სილამაზე“ ან „დაქორწინებაა“, ძნელია დაამტკიცო, რომ სწავლა და დამოუკიდებლობა უფრო გაინტერესებს. საქართველოში უმეტესწილად მშობლები გოგოებს უყურებენ, როგორც „გასათხოვრად“ მოვლენილს. როცა პატარა ვიყავი ჩემი ოჯახის წევრებისგან სულ მესმოდა „მალე გაიზარდე, რომ გათხოვდე“, ან თუ რაიმეს ისე გავაკეთებდი, რაც მათ არ მოსწონდათ „შენ ვერ გათხოვდებიო“ მაშინებდნენ, და მერე, „უკვე სრულწლოვანი ხარ, გათხოვდი და ქმარმა შეგინახოს“. ეს ყველაფერი ძალიან მაბრაზებდა, მინდოდა, რომ ჩემი საკუთარი თავი მე თვითონ მეპოვა და არა ვიღაცასთან დაქორწინების შედეგად. მაშინ მივხვდი სტერეოტიპებს და საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს, როგორ შეუძლია გაანადგუროს ქალების ცხოვრება და ისინი პიროვნებებად კი არა, აჩრდილებად აქციოს.
რაც მუშაობა დავიწყე, იმის შემდეგ სულ ვიბრძვი, ძალიან დიდი ენერგია და ძალისხმევა, მჭირდება, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას, რათა დავარწმუნო ისინი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საზოგადოების თანასწორი, სრულუფლებიანი წევრები არიან. და ამ დარწმუნების პროცესში, ყოველთვის უნდა შევინარჩუნო კეთილგანწყობა და დიპლომატია ყველაზე აგრესიული და რადიკალური მოწინააღმდეგის მიმართაც, რათა უფრო მეტად არ „გავაბრაზო“ და თანამშრომლობაზე წამოვიყვანო. თუმცა, მიხარია, რომ პროგრესი იგრძნობა, რომ ყოველწლიურად და ყოველდღიურად შედეგებს თუ შევადარებთ, საზოგადოებრივი განწყობები უფრო მიმღებლური ხდება, იმედი მაქვს, განათლების სისტემა აღიარებს, რომ თანასწორობის კულტურას, სწორედ, განსხვავებული ადამიანების საზოგადოება ქმნის.
ჩემ ცხოვრებას, რომ გადავხედო, ბევრ სირთულეს აღმოვაჩენ, რაც გადამიტანია, თუმცა ამ სირთულეების გადალახვის გამოცდილებამ სინამდვილეში ძალიან გამაძლიერა და ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ წარმართა. მახსენდება 90-იანი წლები, როცა ძალიან ჭირდა ცხოვრება, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რომ თავი გაეტანა, სტუდენტობისას უნივერსიტეტში ხშირად ფეხით დავდიოდი და წიგნების ყიდვის ან ქსეროასლების გაკეთების ფულიც არ იყო, მაშინ არც სტუდენტური სამსახურები არსებობდა, რომ სწავლის ფული თავად მეშოვა. თუმცა, მე მჯეროდა, რომ თუ ჩემთვის საინტერესო სპეციალობას შევიძენდი გავხდებოდი დამოუკიდებელი და ბედნიერი. ყველაზე ძალიან ვიბრძოდი თავისუფლებისთვის, რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული სხვაზე ფინანსურად, ფინანსური დამოკიდებულება იგივეა, რაც პატიმრობა. რომ არა ჩემი აქტიურობა და განათლების მიღების სურვილი, დღეს ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ. მე იმ ადამიანების რიგს მივეკუთვნები, ვისაც მემკვიდრეობით საერთოდ არაფერი ერგო, არც რაიმე ღირებული ნივთი, არც ქონება. მაგრამ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, მე არავინ დამხმარებია, პირიქით ხელს მიშლიდნენ ჩემი ინტერესის შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში, მუდმივად ჩემს მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მე მაინც შევძელი ჩემი გზა მენახა.
ახლა ვცდილობ ჩემ შვილთან მქონდეს ძლიან მჭიდრო ემოციური კავშირი, ვიყო მისი მესაიდუმლე, მხარდამჭერი, მეგობარი. შევუქმნა დადებითი და სიყვარულით სავსე გარემო. ერთხელ სტატიაც დავწერე „ხშირად გავახაროთ ბავშვები“, ეს არის ჩემი მომდევნო წლების მიზანი, რომ ვილაპარაკო და დავწერო ბავშვების კეთილდღეობაზე, მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუქმნას ბავშვს არაძალადობრივი და არატრავმული გარემო, რასაც მე მოკლებული ვიყავი. რაც მინდა, ეს არის ის, რომ ბავშვების უფლებები იყოს დაცული და კარგად გააზრებული, პირველ რიგში ოჯახებში, საბავშვო ბაღებსა, თუ სკოლებში. მშობლებმა შესაძლოა ვერ უზრუნველყონ ფინანსურად ბოლომდე ბავშვების საჭიროებები, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ იმის რესურსი, რომ გააბედნიერონ ისინი სითბოთი და მოფერებით, ეთამაშონ, ესაუბრონ, პატივი სცენ მის განსხვავებულობას. ყველა მშობელმა შესაძლოა ვერ უზრუნველყოს შვილი ფინანსური მემკვიდრეობით, მაგრამ შეუძლია უზრუნველყოს ბედნიერი ბავშვობის მოგონებებით.“