თამთა კახაბერიძე, 18 წლის, სოფელი კირნათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
„პატარაობაში, სკოლის ასაკამდეც, ჩემი გარეგნობის გამო (ღია, გრძელი, ხვეული თმა მქონდა) ყოველთვის რეაქციები იყო ჩემზე „ვაიმე, რა საყვარელია, ბარბის თოჯინას ჰგავს…“, „ეს როგორი რაპუნცელია“ და ა.შ. მეც რა თქმა უნდა მიხაროდა. რომელ ზღაპარსაც წავიკითხავდი, მინდოდა იმ ზღაპრის გმირი ვყოფილიყავი და ხან კონკია ვიყავი, ხან რაპუნცელი და ხან მძინარე მზეთუნახავი. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, როცა „თოვლის დედოფალი“ წავიკითხე. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და მივხვდი, რომ არც რაპუნცელობა მინდოდა, არც თოვლის დედოფლობა და არც მძინარე მზეთუნახავობა. მინდოდა „თოვლის დედოფლის“ გმირი გერდა ვყოფილიყავი. ეს გოგო მომწონდა იმიტომ, რომ სხვა ზღაპრის გმირებისგან განსხვავებით, ის იყო თამამი, მტკიცე ხასიათის, ძლიერი, რომელმაც რა არ გადალახა ფიზიკურადაც და გონებრივადაც, რომ გადაერჩინა მისი მეგობარი ბიჭი. აქამდე წაკითხულ ზღაპრებში, გმირები სხვების გულს ლამაზი თმებისა და თვალების ფახურის გამო იპყრობდნენ, პრინცების ნახევარი სამეფოს სანაცვლოდ იყიდებოდნენ ან საერთოდ კოშკში იყვნენ გამოკეტილი და რაშზე ამხედრებულ უფლისწულებს ელოდებოდნენ. ამ შემთხვევაში გოგო იყო აქტიური, რომელმაც ბევრი წინაღობა გადალახა. მაშინ მივხვდი, რომ უფრო მეტი საერთო გერდასთან მქონდა. მინდოდა მეც მისნაირი ვყოფილიყავი.
ფემინიზმზე და გენდერულ თანასწორობაზე თინეიჯერობაში, 13-14 წლის ასაკში დავიწყე ფიქრი. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მახსენდება რამდენიმე ფაქტი, როდესაც მძაფრად მქონდა შეგრძნება, რომ დამჩაგრეს ბიჭებთან შედარებით. მე-3-ე ან მე-4-ე კლასში ვიქნებოდი, როდესაც სკოლაში გადაწყვიტეს, რომ გოგონებს სკოლაში შარვლებით არ უნდა გვევლო. მახსოვს, რომ აგრესია გამიჩნდა, დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ბიჭებთან შედარებით და ვაპროტესტებდი, რომ მაშინ ბიჭებსაც რამე შეზღუდვა დაუწესეთთქო. მიუხედავად იმისა, რომ სულ კაბებით დავდიოდი და მიყვარდა კაბების ჩაცმა და მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა იმ მასწავლებლის, რომელმაც ეს ინიციატივა შემოიტანა, მიზანმიმართულად მომდევნო რამდენიმე დღე სულ შარვლით დავდიოდი სკოლაში. ყველას გაუკვირდა ჩემი პროტესტი იმიტომ, რომ ყოველთის ბეჯითი, მასწავლებლების ფავორიტ მოსწავლედ ვითვლებოდი.
დედაჩემთან მქონდა ამის გამო დაძაბული ურთიერთობა იმიტომ, რომ თვითონაც მასწავლებელია და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მართალია, ეს წესი მალევე გააუქმეს იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, მაგრამ ეს ფაქტი მახსენდება პირველ შეგრძნებად იმისა, რომ დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ჩემი მხრიდან პროტესტის გამოხატვის პირველი შემთხვევა იყო.
უფრო დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, როცა რაღაცეების კითხვა დავიწყე ფემინიზმზე, სხვადასხვა გადაცემები ვნახე ტელევიზიით. მაგრამ ყველაზე დიდი ძვრა მაშინ მოხდა ჩემში, როდესაც მე-9-ე კლასში ჩემი კლასელი გოგო გათხოვდა. მაშინ გაზეთ „ბათუმელების“ მედია-სკოლის მოსწავლე ვიყავი, სადაც ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემატური თემები უნდა მოგვეფიქრებინა, რომლებზეც შემდგომ ვიმუშავებდით. როცა ჯგუფში ნაადრევი ქორწინების პრობლემა გავახმოვანე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრმა ჩემს ირგვლივ, ვინც მედია-სკოლაში ჩემთან ერთად სწავლობდა, იცოდა მსგავსი ფაქტების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ მწვავე პრობლემა იყო ჩვენს რეგიონში. აჭარის რეგიონი მეორე ადგილზეა საქართველოში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ადრეული ქორწინების ფაქტები. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ეს იყო ბიძგი.
ჩემი ცოდნა შემოიფარგლება იმით, რასთანაც პრაქტიკული შეხება მაქვს. მე ვიყავი „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრი, სადაც თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგებს ვატარებდით, აჭარის სხვადასხვა რეგიონში დავდიოდით და სკოლის მოსწავლეებს, ჩვენს თანატოლებს ტრენინგებს ვუტარებდით სხვადასხვა თემებზე. ჩემი მიმართულება ყოველთვის იყო „გენდერული თანასწორობა“ და „გოგონათა განათლება“. ამ შეხვედრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი იმიტომ, რომ ეს იყო თემა, რომელიც დაპირისპირებას იწვევდა იმიტომ, რომ გვეუბნებოდნენ „თქვენ რომ ქალაქიდან მოდიხართ აქ (ხულო, შუახევი, ქედა) და გვასწავლით გენდერულ თანასწორობას, ჩვენ აქ ჩვენი წესები გვაქვს!“ ამიტომ, ხშირად ჩემ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იყო. მე ვეუბნებოდი, რომ მეც სოფელში ვცხოვრობ, მეც აქვე ვცხოვრობ თქვენს გვერდით, მაგრამ მათთვის მაინც მიუღებელი იყო.
შეიძლება იქამდე პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ადრეული ქორწინების პრობლემებს, მაგრამ ჩემი კლასელის დაქორწინების შემდეგ უფრო მივაქციე ამას ყურადღება. ყოველ წელს, ჩემი სოფლიდან რამდენიმე გოგო თხოვდება ადრეულ ასაკში. მარტო ჩემი სოფლის მაგალითიც საკმარისია შეშფოთებისთვის.
ხშირ შემთხვევაში, ამ გოგოებს ძალით არ ათხოვებენ. მშობლები გადაწყვეტენ, რომ „კარგი ბიჭია“ და შემდეგ გოგოებიც თანხმდებიან ხოლმე. ძირითადად ის პრობლემაა, რომ გოგოებს სწავლა არ აინტერესებთ, მიზეზი აქვთ „რაღაზე დავამთავრო სკოლა, რაღას ველოდო“ და ა.შ. მშობლებს ეს უხარიათ. უხარიათ, თუ გოგო სოფელში კი არა, ქალაქში გათხოვდება. ძირითადად, გოგოები საკუთარი სურვილით თხოვდებიან და შემდეგ მშობლებიც ხელს უწყობენ.
ჩემი ოჯახი მეორე უკიდურესობაა. პრიოტირეტი ყოველთვის სწავლა იყო. ჩემი მშობლები ყველანაირ საქმეს გვერდით მადებინებდნენ, ოღონდ მესწავლა. მე შემეძლო მთელი დღე სწავლა მომემიზეზებინა და სხვა არაფერი მეკეთებინა სახლში. ჩემს მეგობრებს კი, ვფიქრობ, სახლში რომ მიდიან აქვთ რაღაც საოჯახო მოვალეობები, ყანაში ან ბაღჩაში მუშაობა. ეს ყველაფერი მათი ყოველდღიური მოვალეობაა. ჩემთვის ასეთი მოვალეობა არ არსებობდა და რამეს თუ ვაკეთებდი, საკუთარი სურვილით ვაკეთებდი. პირიქით, მშობლები აქეთ მეუბნებოდნენ, გამოცდები გაქვს და ისწავლეო.
რამდენიმე წლის წინ რომ გაჩნდა პროექტი „მამა, წიგნი წამიკითხე“, ძალიან მიხარია ამ პროექტის არსებობდა და თვალ-ყურს ვადევნებ. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა იმიტომ, რომ, როგორც წესი, მზრუნველი მამები გვაკლია ხოლმე. როცა მამების წერილებს ვკითხულობდი, დავფიქრდი იმაზე, რომ ბავშვობაში მე ეს პრობლემა არ მქონია, მამაჩემი სულ მიკითხავდა წიგნებს. ჩემთვის მთავარი მოტივაცია, რომ რაღაც მესწავლა, წიგნი წამეკითხა იყო ის, რომ მერე ამას მამაჩემთან განვიხილავდი. მე გამიმართლა.
ჩემს მეგობრებთან შედარებით, ყოველთვის გამონაკლისი ვიყავი იმაში, რომ თუ სადმე წასვლა გვინდოდა ერთად, ან რამის საყიდლად წასვლა, ან რამის დაგეგმვა ერთად, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ჰქონდათ ის დამოკიდებულება „მამა თუ გამომიშვებს“. დედასთან ყოველთვის ახლოს იყვნენ. ყოველთვის მიკვირდა, როცა დედები ეუბნებოდნენ შვილებს „მამაშენს კითხე“. ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელი იყო, დედები საკუთარ ავტორიტეტს, ასე ვთქვათ, აკნინებდნენ. მე არასოდეს პრობლემა არ მქონია მამაჩემთან, დედა უფრო კონსერვატორია. თუ რამეში მშობლების თანხმობა მჭირდებოდა, პირველი მამაჩემს ვეუბნებოდი.
შეიძლება მამაჩემისთვის ბევრი რამე მიუღებელი და გაუგებარია, რასაც ვაკეთებ ან ადრე ვაკეთებდი, მაგრამ მან იცის მე თვითონ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. მან ასევე იცის, რომ სხვა ადამიანი ვარ, სხვა მიზნები მაქვს, სხვა გემოვნება და ის ამას პატივს სცემს.
ჩემი აზრით, სკოლა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია გენდერული სტერეოტიპების გასამყარებლად. ყოველთვის პრობლემები მქონდა სკოლაში მასწავლებლებთან განსხვავებული აზრის გამო. თუმცა, რახან დედაჩემიც მასწავლებელი იყო, ხშირად ვცდილობდი ანგარიში გამეწია მისთვის. 13-14 წლის ასაკში, როცა გავაქტიურდი და მივხვდი, რომ ჩემს სოფელში არ იყო ის გარემო, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვავლენდი, რაღაცეები სხვანაირად მესწავლა, დავიწყე ბათუმში სიარული და სხვადასხვა აქტივობებში ჩავერთე. ამიტომ, სკოლის მერე დავდიოდი ბათუმში, საიდანაც სახლში გვიან ვბრუნდებოდი. სოფელს ამაზე „პრობლემა“ ჰქონდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ „პრობლემას“. მეკითხებოდნენ სად დავიოდი ასე გვიან. მეც ვპასუხობდი, რომ ხან დეიდასთან მივდიოდი და ხან მამიდასთან. სიმართლე რომ მეთქვა, რომ რაღაც ორგანიზაციაში მივდიოდი ტრენინგზე, დამიწყებდნენ დაკითხვას „რა ორგანიზაციაა?“, „რა ტრენინგია?“ ათასი კითხვა მოჰყვებოდა. ძალიან მეზარებოდა ამ ყველაფრის ახსნა იმიტომ, რომ მაინც ვერ გაიგებდნენ ისე, როგორც მე მინდოდა გაეგოთ. დედაჩემს ეუბნებოდნენ, შეიძლება აღარ დაბრუნდეს სახლში, წიგნების მაგივრად ჩანთაში ტანსაცმელს ჩაალაგებსო იმიტომ, რომ ეგონათ პაემანზე დავდიოდი. თუმცა, პაემანზე რომ წავსულიყავი, რატომ იყო ეს პრობლემა, ესეც საკითხავია?! მეც თანდათან შევეგუე, მაგრამ თავიდან მაინც მიჭირდა, რომ ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და ჭორაობდა, მაგრამ 4 წელი ამ რეჟიმში რომ ვიყავი, თვითონაც შეეჩვივნენ.
ყოველთვის ვცდილობდი რეაქცია სხვადასხვა საკითხებზე ჩემს თანატოლებთან გამომეხატა, ამეხსნა რაღაცეები, მათი აზრი მომესმინა, მეკამათა, მაგრამ თითქმის არასდროს მიკამათია, მაგალითად, სოფლის ავტობუსში, სადაც ყოველთვის მესმოდა სექსისტური დამოკიდებულება. ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ჩემი თანატოლები დამცინოდნენ „რა ფემინიზმი, რა გენდერი“. მაგრამ რაღაც დროის მერე ყველამ იცოდა, რომ ვიყავი ფემინისტი. მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ „აი, ეს ფემინისტურად როგორ არის, რას ფიქრობ ამაზე?“ თუმცა, ძირითადად ირონიულად იყვნენ განწყობილი, გარდა რამდენიმე ჩემი მეგობრისა, რომლებიც პატივს სცემდნენ ჩემს არჩევანს.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო წიგნების გენდერული დაყოფა. მაღაზიებში განყოფილებებია „წიგნები გოგონებისთვის“ და „წიგნები ბიჭებისთვის“. როგორ მოუვიდა ვინმეს აზრად, რომ რაღაც წიგნი არის გოგოებისთვის და რაღაც ბიჭებისთვის!? გოგოების განყოფილებაში ვარდისფერყდიანი წიგნები იყიდება „როგორ ჩავაცვათ პრინცესებს“ და ა.შ. ახლა დეიდაშვილთან ვცხოვრობ და მისი პატარა შვილებისთვის ყოველდღიურად მიწევს ახსნა, რომ ვარდისფერი მაინცდამაინც გოგოს ფერი არ არის, რომ შეიძლება გოგოც გამოვიდეს პილოტი, რომ შეიძლება ბიჭმაც დააუთოვოს და ა.შ. მეუბნებიან, შენ უკეთ იცი, თუ ამ წიგნის ავტორმაო, „წიგნში წერია და შენ მასწავლი?!“ ნუ, არ ვიცი, მე უკეთ ვიცი, თუ იმ წიგნის ავტორმა, მაგრამ ვთვლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ძალიან მაწუხებს.“