თამუნა გვარიშვილი, 18 წლის, ბათუმი

„ვფიქრობ, ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. რამოდენიმე წლის წინ დღიურებს ვწერდი, არდადეგებზე გაკეთებული ჩანაწერების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ყველგან ერთსა და იმავეზე ვწუწუნებ – ჩემი უმცროსი ძმა მთელი დღე ზღვაზეა, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ტელევიზორს უყურებს ან მეგობრებთან ერთობა. მე საყვარელი საქმიანობისთვის ნაკლები დრო მრჩება, რადგან ჭურჭელს ვრეცხავ ან სახლს ვალაგებ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დედაჩემის სახლში არყოფნისას მე მეკისრება, როგორც გოგოს. ჩემს ძმას დღის ბოლოს არავინ გაუბრაზდება გაუფენელი სარეცხის გამო. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება გოგონებს და ქალებს იმის საშუალებას გვართმევს, რომ დრო სურვილისამებრ, უფრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

თუმცა, უსამართლობა იქნება არ აღვნიშნო, რომ ჩემი მშობლები აბიტურიენტობისას და ახლაც, როცა ჩემი მეცადინეობის შედეგი დაინახეს, ხელს მიწყობენ და ცდილობენ არაფერი დამავალონ, თუმცა ჩემი ძმის პასუხისმგებლობა საოჯახო საქმეებზე მაინც არ გაზრდილა. მშობლებიარასოდეს მინიშნავენ სახლში დაბრუნების დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მენდობიან და თვლიან, ამას თვითონაც სწორად გადავწყვეტ, თუმცა დაახლოებით საღამოს 10 საათიდან რეკვას იწყებენ, რომ გაიგონ სად ვარ და როდის დავბრუნდები. ჩემი ძმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანია, ღამის 10 საათიც არაა გვიანი სახლიდან გასასვლელად და მეგობრებთან შესახვედრად. ღამ-ღამობით მაღაზიაშიც მას უშვებენ, მე გოგო ვარ და იმიტომ.

განცდა, რომ ბიჭები მხოლოდ თავიანთი სქესის გამო სარგებლობენ პრივილეგიებით ოჯახს გარეთაც მიჩნდება. ყველაზე მეტად მაღიზიანებს მათი გონებრივი შესაძლებლობების ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლოდ განდიდება. სკოლის პერიოდში ზოგიერთი მასწავლებლის მიერ ისინი უფრო მეტად იყვნენ წახალისებულნი, რომ კლასგარეშე აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მათემატიკურ ოლიმპიადებს და შეჯიბრებებს ეხებოდა. მაგალითად, ერთხელ სკოლაში ერთ-ერთი პროექტიდან მოთხოვნა მოვიდა მონაწილეებზე. რადგან პროექტი მათემატიკის თემას შეეხებოდა, ჩვენმა მასწავლებელმა გამოაცხადა, ამ პროექტში ბიჭების გონება მჭირდებაო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ პროექტი რეალურად პატარა მათემატიკური სპექტაკლის დადგმას მოითხოვდა, რაც ბიჭებმა სულელურად და მათთვის შეუფერებლად ჩათვალეს. საბოლოო ჯამში ამ სპექტაკლში მონაწილეობა ისევ გოგოებმა მივიღეთ, ისევ და ისევ სტერეოტიპული შეხედულებით, რომ თეატრი გოგოების საქმეა და მათემატიკა – ბიჭების. ზოგჯერ ჩემი კლასელი ბიჭები მედალოსან გოგონებსაც კი ზემოდან გვიყურებდნენ, რადგან, მასწავლებლებმა და ზოგადად, საზოგადოებამ მათ შთააგონა, რომ გოგონები ყველაფერს დიდი შრომისა და ყოველდღიური მეცადინეობების ფასად აღწევენ, ბიჭებს კი იგივე შედეგის მიღება გაცილებით უფრო მარტივად შეუძლიათ და გოგონებივით რომ იმეცადინონ გენიოსები იქნებიან. უნივერსიტეტში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. ჩემი აზრით, ლექტორები უნდა აფასებდნენ შრომას, რომელიც გამოცდების ჩასაბარებლად, უნივერსიტეტში ჩასარიცხად გავწიეთ და გათხოვებისაკენ არ უნდა მოგვიწოდებდნენ, მითუმეტეს ამის სანაცვლოდ მუქთა ნიშნებს არ უნდა გვთავაზობდნენ. ჩემი აზრით, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს დემოგრაფიული კრიზისი, განათლება მაინც უმნიშვნელოვანესია.“