თამუნა კუპატაძე, 38 წლის, სოფელი შუქრუთი

თამუნა კუპატაძე, 38 წლის, სოფელი შუქრუთი

შუქრუთელების პროტესტის 193-ე დღე

,,ეს კომპანია – „ჯორჯიან მანგანეზი“, მარტო სახლ-კარს კი არა, ყველაფერს გვინგრევს, მათ შორის, საკარმიდამო მიწებსაც, სადაც გვაქვს ვაზი და მოგვყავს მოსავალი. ყველაფერს ანადგურებენ, რითაც ადამიანები ირჩენენ თავს სოფელში.

„ვახტა“ ჰქვია, მადანს რომ გამოიღებენ და გვირაბებად რჩება სიცარიელე. პატარა, შეჭრილი გვირაბები კი არ არის, დარბაზებადაა მიწის ქვეშ სივრცეები და ეს იწვევს ნგრევის შეუქცევად პროცესებს. აი, ამ სიცარიელის თავზე ვცხოვრობთ ჩვენ. გამოჟონილი ინფორმაციით, თავად კომპანიამ დახურა ეს ვახტები, რადგან ექსპერტი ჰყავდათ მოყვანილი, რომელმაც მუშების გაყვანა ურჩია მომატებული საფრთხის გამო. სხვათა შორის, ეს მუშები ჩვენ გვიცხადებენ სოლიდარობას ახლა და მაღაროში აღარ შედიან სამუშაოდ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რაც ხდება ჩვენი სახლებისთვის.

სოფლის სახლების უმრავლესობა მასობრივად გადახრილია, შიგ უზარმაზარი ორმოებია და უკიდურესად სავალალო მდგომარეობაა. ჩემი სახლი 30 წლის წინ არის აშენებული, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ იცხოვრება – უამრავი ბზარია და სახლის შესასვლელი კიბის ძირში დაახლოებით 7 მეტრის რადიუსის გვირაბია ჩავარდნილი. ეს გვირაბი ჩვენი ძალებით დავაბეტონეთ, რომ ბავშვები არ ჩაცვენილიყვნენ შიგნით. ყველასთან იგივე მდგომარეობაა.

კომპანია სოფელში მცხოვრებ ადამიანებს არაფრად გვაგდებს. სოფლის მცირე ნაწილს რაღაც გაურკვეველ კონტრაქტებზე მოაწერინა ხელი, საიდანაც ხელმოწერების ნაწილი გაყალბებულია. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ადამიანის საშუალებით, რომელსაც საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამო ჰქონდა ჩვენი პირადი ნომრები, უამრავი ადამიანის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. გაყალბებულია, მაგალითად, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. ჩემი ხელმოწერაც აქვთ თურმე, მაგრამ მე ხელი არაფერზე მომიწერია სინამდვილეში. ასევე, სიაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გონებრივი ჩამორჩენა აქვთ და წერა-კითხვა არ იციან.

2021 წელსაც გავაკეთეთ დიდი აქცია და გადავკეტეთ მაღარო. ყურადღება რომ არ მოგვაქციეს, ამერიკის საელჩოსთან წამოვედით, პირები ამოვიკერეთ და ასე ვისხედით იქ. რაც შეიძლება გაკეთებულიყო ადამიანების მხრიდან, გარდა იმისა, რომ არ მოვკვდით, ყველაფერი გავაკეთეთ მაშინ. 27-ე დღე იყო შიმშილობის, სასწრაფოს თანამშრომლები მოდიოდნენ და კუჭზე გვიღებდნენ, ნაჭამი გვქონდა თუ არა. ხელისუფლება მაშინაც არ ჩარეულა.

ალბათ, ამერიკის ელჩის გამო, ,,ჯორჯიან მანგანეზი“ გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე და ხელშეკრულებები გაგვიფორმა. ჩვენ მაშინ ადვოკატი გვყავდა და გარკვეული პირობები ჩაიდო, რომლის მიხედვითაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ უნდა შეფასებულიყო და დაანგარიშებულიყო ჩვენს მფლობელობაში არსებული ქონება. შესაბამისი კომპენსაციებიც ამის მიხედვით უნდა მიგვეღო.

სამხარაულიდან კომისია რომ მოვიდა, თან მოჰყვა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი მირიან ბიჭიკაშვილი. ამ მირიან ბიჭიკაშვილს თანდასწრებით, სამხარაულმა შეამოწმა ჩვენი ქონება. ამის მერე სამხარაულს რამდენიმე თვე ვსდიეთ, ჩვენი შეფასების შედეგები რომ გაგვეგო და იცით, რა მიზეზს გვეუბნებოდნენ? დამკვეთი თქვენ კი არ ხართ, „ჯორჯიან მანგანეზია“ და პასუხებზე მას მიაკითხეთო. 2024 წელია და დღესაც არ ვიცი, ჩემი შეფასება რაა. კომპანიამ ის ხელშეკრულება დაარღვია და ყველაფერი მოგვატყუა. მათთან ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. ვიცით, რომ ისევ მოგვატყუებენ ან შანტაჟზე წამოგვაგებენ და შეიძლება ხვალ დაგვიჭირონ იმიტომ, რომ მაფიოზებს ვებრძვით.

ამ სოფელს სკოლაც კი აღარ აქვს. სამხარაულის დასკვნაა მოსული, რომ სკოლა უნდა დაინგრეს. ბავშვებს მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში სიარული მოუწევთ, ზოგს კი ქალაქში გადაჰყავს. ახალაშენებული ტაძარია და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან უამრავი ბზარი აქვს. საფლავებს კი ყოველ აღდგომას თავიდან ვაკეთებთ, ყოველ წელს ერთი მეტრით დაბლა ჩამოდის. იმ საფლავებში ისევ არიან თუ არა ჩვენი მიცვალებულები, ისიც არ ვიცით. ასევე, კერძო მაღაზიები და შენობები, რაც იყო, დემონტაჟს ექვემდებარება. ვიცით, რომ სამხარაულიდან მეპატრონეებთან უკვე მისულია ეს დასკვნები. ალბათ, არჩევნებამდე გააჩერებენ და მერე ყველაფრის დემონტაჟს დაიწყებენ ისე, რომ არც ამ მესაკუთრეებს აუნაზღაურებენ რამეს. წარმოიდგინეთ, სოფელს არც სკოლა, არც ბაღი, აღარც ეკლესია და სასაფლაო აქვს, მაგრამ ამაზე პასუხი არავის მოეთხოვება.’’


მთავრობის დუმილი
,,დღეს უკვე მე-19 დღეა, ბიჭები შიმშილობენ, რათა ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ისეთ რთულ მდგომარეობაში არიან, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირთ და ჩვენი მეთვალყურეობა მუდმივად სჭირდებათ. ძალიან მძიმეა, როცა ამაზე რეაგირება არავისგან ჩანს.

პრემიერს უთქვამს ტელევიზიით, მე მაგ ხალხს არ შევხვდები, კომპანიას ვესაუბრე და ვიცი, რომ კომპენსაციები გადახდილიაო. გამოდის, რომ სახელმწიფო სრულ იგნორს გვიკეთებს. ამის ფონზე, მაქვს ეჭვი, რომ მათ საარჩევნო კამპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს, ამიტომაც არიან კომპანიის მხარეს. სახელმწიფო ასეთ ამბებში თუ არ ერევა და არ გვეხმარება, მაშინ ნურც გადასახედების ასაკრეფად მოვა ჩვენთან. სახალხო დამცველმა კი მანამდეც იცოდა ჩვენი ამბავი, მაგრამ აქ რომ ჩამოვედით, 26-გვერდიანი განცხადებით მასაც მივმართეთ. დეტალურად ავუხსენით ჩვენი გაჭირვება, მოთხოვნები და ამ დრომდე მისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ახლა აქ, პარლამენტის წინ ყოფნა – კიბეებზე ყოფნას გვიშლიან, არც კარავს გვაშლევინებენ და არც ლეიბებს გვადებინებენ. იმედია, იმისთვის არ დაგვიჭერენ და დაგვაპატიმრებენ, რომ პარლამენტის წინ ვსხედვართ. სხვა დანაშაული ჩვენ არაფერი მიგვიძღვის, გარდა იმისა, რომ ტირან კომპანიას ვებრძვით ცარიელი ხელებით და სიმართლით.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩვენ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ისეთი ცუდი კომენტარები წერია ჩვენზე, ზოგჯერ ვფიქრობთ, ასეთი ადამიანები რანაირად ცხოვრობენ საქართველოში. მაგრამ ვიცით, რომ კომპანია აწერინებს ამას საკუთარ თანამშრომლებს. ამიტომ, ისეთი ადამიანები გვინდა, რომლებიც სიმართლეს გააშუქებენ და რეალობას მოჰყვებიან. ჟურნალისტები კი მოდიან, მაგრამ „პოსტ ტვ“ და „იმედი“ ისე საშინლად გვაშუქებენ, ტელევიზია ასეთი მიკერძოებული თუ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ ვიფიქრებდი. გვაშავებენ აქციის მონაწილეებს და დამტკიცებულად შემიძლია თქმა, რომ ამ ტელევიზიებს “ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს.

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს. გამოარკვიოს მტყუან-მართალი, იქნებ მართლა არარეალურ რამეს ვითხოვთ და დასაჭერები ვართ. ხომ არის ამის გამორკვევის საშუალებები, ხომ არის ბანკის ანგარიშები და ხომ არის ფაქტი სახეზე, რომ ადამიანებს სახლები აღარ აქვთ?!”


შუქრუთელების მოთხოვნები
,,მე შუქრუთში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ყველა ახლობელი და მეგობარიც ამ სოფლიდანაა. ჩემთვის დიდი სტრესია იმის წარმოდგენა, რომ აქ ცოტა ხანში მხოლოდ ნასახლარები დამხვდება. ჯერ ჩემმა მშობლებმა იშრომეს და ააშენეს, იმის მერე მე მოვაკელი ჩემს შვილებს, რომ სახლში რაღაც პირობები შემექმნა და ამ მილიარდიანმა კომპანიამ რატომ უნდა წამართვას ისე, რომ არაფერი გადამიხადოს? სამართალი ხომ არის?!

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ქონების რეალური შეფასება გაკეთდეს და ამ შეფასების მიხედვით, კუთვნილი კომპენსაციები გადაუხადოს კომპანიამ ოჯახებს. მაგალითად, შეფასდეს მე რა ქონებაც გამაჩნია – 250 კვ.მ. სახლი, ვენახები, მიწის ნაკვეთები ხეხილით და ა.შ. მე და ჩემი მეუღლე სხვაგან არ ვმუშაობთ. ეს მიწები იყო ჩემი შემოსავლის წყარო, რითაც ორ შვილს და ოჯახს ვარჩენდით. კომპანიის შეფასებით, კომპენსაცია იმდენად მიზერულია, რომ მე პირადად ორ წელიწადში ვაზი და ღვინო რომ გამეყიდა, მაგდენს ისედაც ავიღებდი. ახლა მათ ჩვენი ქონება ისე გაანადგურეს, რომ საარსებო წყარო აღარაფერი დაგვიტოვეს და კომპენსაციის გადახდაც არ უნდათ. ხატის წინ დავიფიცებ, რომ ერთი ვაზის მტევანიც კი არ მომიწყვეტია. აღარაფერია, იმიტომ, რომ ვენახამდე მისასვლელი გზა აღარ არის, ვერ მივდივარ, რომ შევწამლო ან მოვკრიფო. იმ გზებზე, რომლებიც ჩემს ნაკვეთებამდე მიდიოდა,უზარმაზარი ნაპრალებია და მიწა 5-10 მეტრით არის ერთმანეთისგან უფსკრულამდე დაცილებული.

„ჯორჯიან მანგანეზს“ ხელშეკრულება გავუგზავნეთ და ვთავაზობთ, რომ გადაგვიხადონ ის, რაც გვეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია ჩვენი სახლების დატოვება, გადავცემთ ყველაფერს და გავეცლებით აქაურობას. კომპანია ჩვენთან მოლაპარაკებებზე არ მოდის და ამას ხელს არ აწერს.

ჩვენ ახლა უკვე ისეთ პროცესში ვართ შესულები და ადამიანები უკვე იმდენი დღეა შიმშილობენ, რომ ამ პროტესტს ვეღარ შევწყვეტთ. ამიტომ, არც ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები – ან კარგით დასრულდება ეს ამბავი, ან ცუდით. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?!”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციური