თეონა ბაბუციძე, 20 წლის, სოფელი ქვემო აჩაბეთი/წეროვანი და სალომე მინდიაშვილი, 20 წლის, სოფელი ქემერტი/წეროვანი

„(სალომე) იმის გამო რომ ვართ დევნილები და განვიხილებით მოწყვლად ჯგუფებად, აქ, წეროვანში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის ზამთრიდან დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. მე და თეონა ინგლისურში ვემზადებოდით ერთად და ის სულ იძახდა, რომ არ მესმის ხალხის, რომელიც სკოლის გარეთ კიდევ რაღაცით არის დაკავებულიო. მასზე პასიურ ადამიანს არ ვიცნობდი, მაგრამ შემდგომ, დროთა განმავლობაში ისეთი გარდატეხა მოხდა მასში, რომ უკვე აქეთ მოდიოდა ახალი პროექტის გაკეთების იდეებით.

(თეონა) ახლა ვცდილობ გავიხსენო, რამ განაპირობა და გამოიწვია ეს ცვლილება, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ვფიქრობ, რაღაც ეტაპები უნდა გამევლო, რომ გამეანალიზებინა პასიურობის უსარგებლობა და მეტი უნდა გაკეთებინა იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოცდილება მიმეღო. სალომე ჩემი ანტიპოდი იყო აბსოლუტურად. მე, ძირითადად, წიგნებში ვიყავი ჩარგული და სალომე წიგნებით და კიდევ სხვა საქმიანობით იყო დაკავებული.
შემდეგ ერთ-ერთი პროექტზე გადაიკვეთა ჩვენი გზები. „ირის ჯგუფის“ ორგანიზებული მრავალფეროვნების სკოლაში ვიყავით ერთად და მგონია, რომ ძალიან კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით იმიტომ, რომ ძალიან პროდუქტიულად ვიმუშავეთ ერთად 5-6 წლის ბავშვებთან. 10 დღის განმავლობაში ამ ბავშვებთან ვორქშოფებს ვატარებდით. სალომეს კიდევ ჰქონდა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ჩემთვის ეს სრულიად ახალი სამიზნე ჯგუფი იყო.

(სალომე) როგორც წესი, თუ ვიგებთ, რომ რაიმე პროგრამაა გამოცხადებული და შეგვიძლია განაცხადი შევიტანოთ, აბსოლუტურად ყველგან ვცდილობთ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა. ვერ ვიტყვით, რომ წეროვანში ცხოვრება ერთფეროვანია, ყველა რაღაცით იხალისებს ცხოვრებას, მაგრამ ვცდილობთ სოციალური თვალსაზრისით, მაქსიმალურად გამრავალფეროვნოთ. ვცდილობთ, უნივერსიტეტის და სახლის გარდა სხვა საქმიანობით დავკავდეთ და ჩვენი შესაძლებლობები აქ, წეროვანში გამოვავლინოთ.

(თეონა) ამ პროექტებით, პირველ რიგში, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ იმიტომ, რომ მე და სალომე ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ, იქნება ეს იდეების გენერირება სხვადასხვა პროექტებზე, თუ სხვა მრავალ თემაზე საუბარი. ყველაზე მეტად, სალომესგან ვსწავლობ სტრესულ მდგომარეობას როგორ გავუმკლავდე. ერთ-ერთი პროექტის დახურვისას იმდენი პრობლემა წამოიჭრა, რომ შოკში ვიყავი და პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებდი, რომ გადამეჭრა ეს პრობლემები. თუმცა სალომემ იმოქმედა და გამოსავალი ვიპოვეთ.

(სალომე) მეც მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ თეონასთან მუშაობა არის ძალიან მაგარი იმიტომ, რომ ვერ ვხვდები ამდენი პასუხისმგებლობის გრძნობა საიდან მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია იმით, რომ იურიდიულზე სწავლობს და პარალელურად საადვოკატო ბიუროში გადის სტაჟირებას, მაინც, გამორიცხულია რამე დავგეგმოთ და ამ გეგმას თეონამ შეუშალოს ხელი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოხალისეობრივად და არანაირი ანაზღაურება ამისათვის არ გვაქვს. აი, აქ მექმნება ხოლმე სერიოზული პრობლემები. შეიძლება არც მჭირდება სხვისი დაფასება, მაგრამ ელემენტარულად გაგება მჭირდება. რადგან მე ყველაფერს მოხალისეობრივად ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არამატერიალური სარგებელი უფრო ღირებულია ჩემთვის. სწორედ ამ არამატერიალურ სარგებელს ვერ იგებენ და სულ მეუბნებიან „მოგცლია!“. მეხუმრებიან ხოლმე, ხელფასი რომ შემოგთავაზონ შეიძლება უარი თქვა, ისე მიეჩვიე მოხალისეობასო. მაგრამ არა! მოხალისეობიდან სულ სხვა სარგებელს იღებ. უკვირთ რატომ ვაკეთებ რამეს და მეუბნებიან „CV უნდა აჭამო ბავშვებს?“.

(თეონა) ჩემი და სალომეს პრობლემები მაგ საკითხში ძალიან ჰგავს ერთმანეთს იმიტომ, რომ მეც ენთუზიამზე ვაკეთებ რაღაცებს. მინდა და ვაკეთებ. სულ მეუბნებიან „ენთუზიამზე როდემდე უნდა იარო, ჰონორარზე არ ფიქრობ?“, „ხელფასი ხომ გინდა, ოჯახზე როდემდე იქნები ჩამოკიდებული?“. „CV უნდა აჭამო ბავშვებს?“ – ამ ფრაზას ბიჭებსაც კი ეტყოდნენ, მაგრამ ისინი ნაკლებად აქტიური არიან სამოქალაქო ატივიზმის კუთხით. ისინი პირდაპირ ისეთი საქმიანობით ინტერესდებიან, რომელიც ჰონორარს მოუტანს. მართალია მინახავს ბიჭები, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულები არიან, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გოგოები. ყველა სიტუაციაში გოგოების უფრო დიდ აქტიურობას ვაწყდები, ვიდრე ბიჭებისას. ჩემი გამოცდილება ასეთია.

ჩვენი აქტივიზმის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ვთვლი, რომ წეროვანს ახალი აქტივობები გარკვეულწილად სჭირდება იმისთვის, რომ განვითარება არ შეწყდეს. თავის დროზე ვიღაცამ ჩემს განვითარებაზე იზრუნა და ჩემი შემდგომი თაობის, ახალგაზრდების განვითარებაზეც უნდა იზრუნოს ვიღაცამ. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა 15-16 წლის გოგოებთან, რომლებიც საინტერესოები და საყვარლები არიან, მაგრამ თუ არაფერი ექნებათ იმისათვის, რომ განვითარდნენ, დარჩებიან საინტერესოებად და საყვარლებად იმ ეტაპზე, რომელზეც არიან. მე არ მინდა ეს მოხდეს.

(სალომე) ეს 15-16 წლის გოგოები ჩვენი მხარდაჭერას ხედავენ. გვითხრეს კიდევაც ერთხელ, რომ ჩვენ მათი ზურგი ვართ. მათთვის მოტივაციაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ფიქრობენ „თუ თქვენ გამოგდით, ჩვენც გამოგვივა„ და თვითონაც შეძლებენ სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებას. ეს არის ყველაზე მაგარი სოციალური სარგებელი, რაც ჩვენი მოხალისეობიდან შეიძლება მივიღოთ.

(თეონა) ახლა მიზნად დავისახეთ, რომ წეროვანს უნდა შევაყვაროთ დოკუმენტური ფილმები. ჩვენ ვართ „სინედოკის“ ადგილობრივი კოორდინატორები წეროვანში. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმების ჩვენებას.

(სალომე) “სინედოკის” წარმომადგენლებთან გავიარეთ კონსულტაციები თუ რომელი ფილმები ვაჩვენოთ წეროვანში. არის ფილმები რაღაც თემებზე, რომელთა მისაღებად საზოგადოება არ არის მზად. რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ღირებულებები გადააფასონ იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ფილმის ჩვენება, ფილმი მათ მენტალობამდე უნდა მივიდეს. ამიტომ, გვირჩევნია სოციალურ თემებზე და იმ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რასაც ადგილობრივ დონეზე ეჯახებიან.“