ისკრა ოსვალდ, 93 წლის, თბილისი
„ომი! რა საშინელი სიტყვაა და წარმოიდგინეთ მისი გადატანა როგორი იქნებოდა. 1941 წლის 22 ივნისი იყო. მე მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ხეზე რადიო იყო დამონტაჟებული და აცხადებდა სიახლეებს. იმ დილასაც გამოაცხადეს, რომ ფაშისტურმა გერმანიამ გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიწყო ომი. იმ დღესვე გამოცხადდა მობილიზაცია. ჩვენ კლასელ ბიჭებს, რომლებიც მაშინ 17 წლისანი იყვნენ, უკვე უწევდათ ჯარი და უკლებლივ ყველას მომზადება დაიწყეს ფრონტისთვის. ზოგი მათგანი იმ დღის მერე არც გვინახავს, ომის დროს დაიღუპნენ.
გოგოები დავრჩით ქალაქში და განვაგრძეთ ცხოვრება. ჩვენს სკოლაში, თბილისის საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (ახლანდელი 23-ე საჯარო სკოლა), სამხედრო გოსპიტალი განათავსეს. ჩვენ სხვა სკოლაში გადაგვიყვანეს და რადგან ბევრ ბავშვს ერთ შენობაში მოუწიათ სწავლა და ამდენი ადგილი არ იყო, სამ სმენად დაიყო სასწავლო პროცესი. ჩვენს კლასს მესამე სმენა მოუწია. საღამოს 5-6 საათზე გვეწყებოდა სწავლა და 10-11 საათზე გვიმთავრდებოდა. მაგ დროისთვის შუქებს აქრობდნენ, რომ მტრის თვითმფრინავებს მიზანში არ ამოეღო დასახლებული ადგილები, არც ერთი სახლიდან არ გამოდიოდა შუქი. ამიტომ, ლამფის შუქზე გვიტარდებოდა გაკვეთილები, მაგრამ ხანდახან ნავთიც არ იყო. მაშინ ვისხედით სიბნელეში, ვსაუბრობდით ომის საშინელებებზე და მერე ვბრუნდებოდით სახლში. პური ტალონებით გვქონდა და საკვები არ გვყოფნიდა. მახსოვს, ჩვენს კლასის დამრიგებელს მოჰქონდა ხოლმე პური და რიგრიგობით გვირიგებდა მოსწავლეებს: ერთ დღეს მე მომცემდა, სხვა დღეს სხვას და ასე.
მაგრამ წარმოიდგინეთ, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, და იმედით ვუყურებდით მომავალს. იცით, რომელ ფრაზას ვამბობდით ყველაზე ხშირად? „აი, ომი, რომ დამთავრდება…“ ასე იწყებოდა თითქმის ყველა ჩვენი ოცნება.
მანამდე კი ჩვენი დილა იმით იწყებოდა, რომ დილიდან მივდიოთ გოსპიტალში, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ. ჩვენი მოვალეობა იყო საფენების გარეცხვა, საკვების მიცემა და მათთვის საინტერესო ამბების მოყოლა, რომ გაგვემხნევებინა ისინი. ჯარისკაცებს წერილების დაწერაშიც ვეხმარებოდით, ზოგი დედას უგზავნიდა, ზოგი – ცოლს, ზოგიც – შეყვარებულს. ვცდილობდით წერილები შეგვალამზებინა და არ მოგვეყოლა ის მდგომარეობა, რაშიც ჯარისკაცები იყვნენ. ზოგი უმძიმესად იყო, მაგრამ მაინც იმედიან წერილებს ვუწერდით და ვუგზავნიდით ოჯახებს. ზოგჯერ ტყუილიც საჭიროა…
ქალებიც მიდიოდნენ ფრონტზე. სხვათა შორის ჯარისკაცებს ცოლებიც მიყვებოდნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ, ზოგი სანიტრად მუშაობდა, ზოგი ექიმად, ზოგიც იარაღით იბრძოდა. ამათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, ჩვენ ეს ამბები გადმოცემით მოგვდიოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. უნივერსიტეტში ჩვენთან ერთად ლტოლვილები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთიდან, რადგან ნაცისტური გერმანია განსაკუთრებით პოლონეთს უტევდა და ხალხი იძულებული იყო გაქცეულიყო სხვა ქვეყნებში, რომ ფაშისტების სასიკვდილო ბანაკებში სიკვდილს გადარჩენოდა. ამ ხალხს გემებით უშვებდნენ თავშესაფრებში, ზოგი გემი იბომბებოდა და ვერ აღწევდა დანიშნულების ადგილას. ერთი ასეთი გემი სულ ბავშვებით იყო სავსე, მათ შორის ებრაელებიც იყვნენ. სწორედ ეს გემი შემოვიდა საქართველოში. ეს ბავშვები სტუდენტებმა გადავინაწილეთ სახლში. მე პოლონელი დები, კარმენი და კლარა წავიყვანე სახლში. მათი მშობლები ბანკირები იყვნენ პოლონეთში და როგორც ჩანს პირველივე შეტევაზე, ბანკი დაიბომბა და მშობლებიც ამ დროს დაეღუპათ. კლარა და კარმენი საკონცენტრაციო ბანაკს ბეწვზე გადაურჩნენ თურმე და მერე საქართველოს შეაფარეს თავი.
ომის პერიოდში ყველას ძალიან გვიჭირდა. მახსოვს ჩვენი პროფესორები, შაბათ-კვირას ბაზრობებზე იდგნენ, ახლანდელ სპორტის სასახლესთან და სახლიდან გამოტანილ ნივთებს ყიდდნენ, რომ საჭმლის ფული ეშოვნათ. ომის მესამე წელს ამერიკამ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარება. ისეთ ტომრებში გვაწვდიდნენ შაქარს, რომ შაქარს შაქრად ვხმარობდით და ტომრებისგან ტანსაცმელს ვიკერავდით, ისეთი თეთრი და კარგი ხარისხის ტომრები იყო, რომ გადასარევი ტანსაცმელი გამოგვდიოდა.
სტუდენტობის პერიოდში რვეულები არსად იშოვებოდა, ამიტომ იძულებული ვიყავით ლექტორების მოყოლილი ლექციები დაგვემახსოვრებინა. ერთი ჩვენი ამხანაგი მუშაობდა საკონსერვო ქახანაში, მეორე – ლიმონათის, ეტიკეტებს აწებებდნენ ქილებსა და ბოთლებზე. ჰოდა მოქონდათ ეს ეტიკეტები და ამას ვხმარობდით რვეულების მაგივრად. მეორე მხარეს ვაკეთებდით ჩანაწერებს.
ომი რომ დამთავრდა, ისეთი სიხარული იყო, ენით ვერ აღგიწერთ. მთელი ხალხი ქუჩაში იყო გამოსული, ზოგი ტიროდა, ზოგი მღეროდა, ერთნამეთს ეხვეოდნენ.
ახლა 92 წლის ვარ. 1 თვეში 93 წლის ვხდები. ჩემი მოგონებები დეტალურად მაქვს აღწერილი. გარდა ამისა, ყოველ კვირა ერთ ახალ წიგნს მაინც ვკითხულობ და ცალკე ბლოკნოტში ამ წიგნის მოკლე შინაარსს და რეცენზიას ვწერ. კატალოგივით მაქვს შექმნილი, ასე შეუძლიათ ახალგაზრდებმა შეიტყონ ახალი წიგნების შესახებ და თუ დააინტერესებთ, მერე წაიკითხონ. ომის თემატიკაზე წიგნები მომწონს. განსაკუთრებით თანამედროვე თვალით დანახული ომია საინტერესო, შეცდომების გადააზრება რომ ხდება. მაგრამ არ ვიცი, რატომ ხდება, რომ მაინც ყოველთვის ერთსადაიმავე შეცდომას უშვებს მსოფლიო და ომები თავისი სისასტიკით ისევ მეორდება…“