კატო მიქელაძე, 46 წლის, ემიგრანტი ნიუ-იორკი, აშშ

კატო მიქელაძე, 46 წლის, ემიგრანტი ნიუ-იორკი, აშშ

,,არასოდეს მიფიქრია ემიგრაციაზე, შესაბამისად, არც ეს გადაწყვეტილება მიმიღია ერთ დღეში. წამოსვლამდე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მქონდა განცდა, რომ შეკრულ წრეზე ვტრიალებდი: აქციიდან-აქციამდე, მუდმივი შეგრძნებით, რომ საფრთხეში ხარ. მუქარა, დაუცველობის განცდა, პროტესტი, უიმედობა…

საქართველოდან არც უმუშევრობას გამოვექეცი და არც ფინანსურ პრობლემებს. ვიყავი რეალიზებული და ყოველთვის იმ საქმეს ვემსახურებოდი, რომელიც მიყვარდა და რისიც მჯეროდა. ამის პარალელურად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, აქტიურად ვიყავი ჩართული შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, მათი ოჯახების პრობლემების მოგვარებაში. მეგობართან ერთად ერთ-ერთი დღის ცენტრის ბაზაზე სოციალური საწარმო-სამკერვალოც დავაარსე. საკმაოდ წარმატებული სტარტაპი გვქონდა და ისე მოხდა, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ქვეყანაში პირბადის დეფიციტი იყო, ჩვენი საწარმო სახელმწიფო უწყებებს და სტრატეგიულ ობიექტებს ამარაგებდა პირბადეებით. ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული პროდუქტი იყო პირბადეები და ტანსაცმელი პრინტით: “20% of my country is occupied by Russia”. ერთ დღესაც ხელისუფლების მაღალჩინოსანი გვესტუმრა და ,,მეგობრულად” მიგვითითა, ეს პრინტი ამოგვეღო წარმოებიდან, რაც ჩემთვის დაუშვებელი იყო. საწარმოდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ასეა, თუ მეამბოხე ხარ, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი ვერ რჩები, ბევრი რამის დათმობა გიწევს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და შენ ამას რაიმე ფორმით აპროტესტებ, არცერთ ხელისუფალს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მიგითითოს, რას გრძნობდე ოკუპანტის მიმართ!

სწორედ ამიტომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე! უნდა წავიდეთ, რომ აღარავინ მოგვთხოვოს, ბოდიში მოვუხადოთ რუსეთს! უნდა წავიდეთ, რომ საკუთარ სამშობლოში დაცულობის შეგრძნება გვქონდეს, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრების შესაძლებლობა მივცეთ.

როგორც ემიგრანტი, პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ სანამ მათი შვილები საჯარო სკოლებში არ დადიან, სანამ პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენი ფული არა აქვთ, სანამ ყოველი მეხუთე ბავშვი დილას სკოლაში მშიერი მიდის, ნუ შეეცდებიან დაგვარწმუნონ, რომ მათი მმართველობის პერიოდში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა, რომ ეკონომიკა დუღს.

კატასტროფულად გაზრდილ ემიგრაციის მაჩვენებელზე დაფიქრებას ვურჩევდი ხელისუფლებას, იმ ადამიანების თვალებით შეხედონ რეალობას, თავის და ოჯახების გადასარჩენად, სახლების დატოვება რომ მოუწიათ.

ემიგრაცია სევდაა… მუდმივი დანაშაულის განცდა, რომ გაიქეცი სამშობლოდან, რომელიც, წესით, ყველაზე დაცული ადგილი უნდა იყოს, დედამიწაზე.”