ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი
8 წლის წინ, საღამო ხანს, საკუთარ სახლში, პურის ცხობისას, ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს. 5 ტყვიის შედეგად, გამჭოლი ჭრილობა მქონდა მუხლის, ფერდისა და თავის არეში.
გასროლამდე, ფანჯრის ჩამტვრევის ხმა გავიგონე, რასაც მალევე ავტომატის ჯერის ხმა მოჰყვა. ტკივილი არ მიგრძვნია, ძალიან ახლოდან იყო ნასროლი. მხოლოდ საკუთარი თმის ნაწილი დავინახე, რომელიც ტყვიამ მოჭრა და ძირს დააგდო. ცოტა ხანში სისხლის გუბეც შევნიშნე და მაშინ მივხვდი, დაჭრილი ვიყავი. მახსოვს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ლალი, შენ არ ხარ სასიკვდილოდ დაჭრილი, უნდა გამაგრდე-მეთქი. მოვიკრიბე ძალა და საშველად ქმარს მოვუხმე, რომელიც მეზობელს მშენებლობაში ეხმარებოდა. სვანეთში 2 სასწრაფოს მანქანა ჰყავდათ და ორივე გასული იყო გამოძახებაზე. ამიტომ მეზობლის მანქანით გადამიყვანეს საავადმყოფოში.
მესტიის ექიმებმა კი გადამარჩინეს, მაგრამ შედეგად მარჯვენა ხელი დამრჩა უფუნქციოდ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მომენიჭა.
ამ ინციდენტის გამოძიება ჩემი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. ეჭვი მაქვს, შეგნებულად არ მოკიდეს ხელი ამ საქმეს. დღემდე არ ვიცი, ვინ შემოიპარა სახლში, ჩაამტვრია შუშა და გამიმეტა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ – მეუღლე და ორი შვილი მყავს. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვის შეეძლო, ჩემი მოკვლა განეზრახა. ამდენი წელია, ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიმიღია.
მე და ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვედით. ღამე წამოვედით და 50 კილომეტრი ფეხით ვიარეთ ტყე-ტყე. ყველა კუთხეში ჩასაფრებულ მტერს ვხედავდით და სიკვდილს ველოდებოდით. მაგრამ მშვიდობით გამოვასწარით და ჩემი მაზლის სახლში, ლენჯერში დავსახლდით.
მოგვიანებით, ორი შვილი შემეძინა.
ნათია 26 წლის წინ რუსეთში გავაჩინე. ჯანმრთელი ბავშვი კი იყო, მაგრამ 6 თვის ასაკიდან კრუნჩხვები დაეწყო. იქაურმა ექიმებმა არ მიმაქცევინეს ყურადღება, გაიზრდება და გაუვლის, გენეტიკური იქნებაო. მოგვიანებით, უკვე საქართველოში ჩამოსვლისას, მძიმე ფორმის აუტიზმი დაუდგინდა. წლების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ნათიას არც სამედიცინო მომსახურება მიუღია, არც რამე სახის თერაპია. მეც არ მქონდა ინფორმაცია, რა უნდა გამეკეთებინა, სად უნდა მიმეყვანა. 26 წელია ნათია სახლიდან არ გასულა. სკოლაში არასდროს უვლია და სახლში ვცდილობდით, ელემენტარული უნარები მიგვეცა. ან სად უნდა მეტარებინა? სვანეთში სულ რაღაც 2 წელია სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნეს. მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს აქამდე, მაგრამ უკვე ყველანაირი მკურნალობა დაგვიანებულია. უჭირს უცხო გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება, ამიტომ ეს ცენტრი ბევრით ვერაფრით დაგვეხმარა.
სახელმწიფოსგან შშმ პირების პენსიას და სოციალურ შემწეობას ვიღებთ მხოლოდ. ესაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი და ნათიას სტატუსი აუცილებლად საჭიროებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, რაც სვანეთში არ არსებობს. უკვე წლებია სახელმწიფოს ვედავები, ზუგდიდში, როგორც დევნილებს და როგორც შშმ პირებს, ბინა მოგვცენ, მაგრამ ჯერ ვერაფერს მივაღწიეთ. ამბობენ, რომ რადგან ლენჯერში გვაქვს თავშესაფარი, ბინა აღარ გვეკუთვნის. მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებენ, რომ მე და განსაკუთრებით, ნათიას, ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება გვჭირდება, რაც აქ არ არსებობს.
მეც სახლიდან არ გავდივარ, ვერ ვტოვებ ჩემს შვილს. ჩემი ქმარი და უფროსი ბიჭი მეხმარებიან საოჯახო საქმეში, რადგან მარჯვენა ხელს თითქმის ვერაფერში ვიყენებ. ჩემს ბიჭს რამდენიმე ხნის წინ მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ატროფია) დაუდგინდა. ადგილობრივი გამგეობა დაგვეხმარა და მკურნალობის თანხები დაგვიფარა, მაგრამ ჩვენ სისტემატურად გვჭირდება მკურნალობა. სულ ვფიქრობ, მშობლებს რამე რომ დაგვემართება, ნათიას რა ბედი ელის, ვინ მიხედავს ბავშვს, რომელსაც ამ მძიმე დიაგნოზით 26 წელია არანაირი თერაპია არ გაუვლია.
ერთი პერიოდი ვიფიქრეთ, რადგან სვანეთის მიმართ ტურისტების ინტერესი იყო, ერთი ოთახი გაგვერემონტებინა და შემოსავალი მიგვეღო. ბანკიდან ავიღეთ შარშან შეღავათიანი სესხი და გავაკეთეთ საერთო საცხოვრებელი ტურისტებისთვის. ახლა არც ტურისტია და ეს ვალიც ჩვენი სოციალური დახმარებიდან და პენსიებიდან უნდა ვიხადოთ.
ჩემს უფლებებს ნელ-ნელა ვსწავლობ და ვიბრძვი. ჩვენი მდგომარეობა ითხოვს, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასთან ახლოს ვცხოვრობდეთ და თუ ბინა არ მომცეს, სტრასბურგში გავაგზავნი საჩივარს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენც გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ღირსეულად.
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
ინტერვიუ ჩავწერეთ ლენჯერის იზოლაციამდე რამდენიმე კვირით ადრე. იმედს ვიტოვებთ, რომ ლალისა და მისი ოჯახის საჭიროებები კარანტინის პირობებში დაკმაყოფილებული იქნება (შენიშვნა „ქალები საქართველოდან“).