ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„მე 12 წელი 550-ე ქარხანაში ლაბორატორიაში ვმუშაობდი რუსთავში, ანალიზებს ვაკეთებდი. სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. კოლექტივიც ძალიან თბილი და საინტერესო იყო, რომ წამოვედი გული დამწყდა ძალიან, მაგრამ რომ გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა, ჩემი მუშაობა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შვილი რომ წამოიზარდა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შარი მომდეს ამდენი ხანი დეკრეტში არ უნდა გასულიყავიო და ვეღარ დავბრუნდი.

ბინა დავკარგე რუსთავში. ამიტომ მე და ჩემი შვილი, ბიჭი ქირით დავბინავდით. შემდეგ, ისე მოხდა, რომ დააშავა და დაიჭირეს. განათლება კი აქვს, რუსეთში დაამთავრა ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 3 წელი მიუსაჯეს და წელიწადნახევარი ციხეში იჯდა, იმდენი განცხადება დავწერე გამოუშვეს, მაგრამ რად გინდა, ხელ-ფეხი შეკრული აქვს, პირობითი აქვს მისჯილი. არანაირი გასაქანი არ აქვს, გეგონება ისევ ციხეშია, სამუშაო არ აქვს და არაფერი აქვს, რა უნდა ქნას არ ვიცი?!

გული მიკვდება, მე აქ ვარ და არაფერი მაკლია, მაგრამ ჩემი შვილი? ხან ვისთან ათენებდა და ხან ვისთან. ახლა ქირით ცხოვრობს, მაგრამ როგორ გადაიხდის, ამაზე ფიქრმა მომკლა.

მარტში 4 წელი გახდება, რაც აქ ვარ, მაგრამ გული მაქვს დამძიმებული შვილის გამო. რატომ არ შეიძლება მთავრობა რამით დაეხმაროს და შეღავათები გაუკეთოს?! ციხიდან ც ჰეპატიტი გამოჰყვა და ანალიზებში 350 ლარი მოსთხოვეს. საიდან მოიტანოს ეს თანხა?! 46 წლის გახდა და რომ შეხედო არაფერი აკლია, მაგრამ, რა უნდა ქნას?! ცოლიც ვერ მოჰყავს, სანამ ნორმალურ სამუშაოს არ ვნახავ, მანამდე მის კისერზე ხომ არ ვიქნებიო? მაგრამ როდისღა? რანაირად?“