ოქტომბერი 3, 2020 In თემები, იმერეთი, კ-პ, რეგიონები, ხანდაზმული ქალები
ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური
ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც ძალიან დიდი მუსიკოსია. ნიკამ შემამოწმა, მოვეწონე და ჩემთან მუშაობა დაიწყო. მოკლედ, პირველი მუსიკალური სასწავლებელის მისაღებ გამოცდებზე გავედი, რომლის კომისიის თავმჯდომარე სულხან ცინცაძე იყო. გამოცდას, ასევე ესწრებოდა პროფესიონალი მუსიკოსების მაშინდელი ე.წ. „ბომონდი.“ სხვათა შორის, ძალიან წარმატებულად დავუკარი იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი და დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი. მაშინ გაიხსნა საკომპოზიტორო ფაკულტეტი და მეც ამ ფაკულტეტზე მიმიღეს, სადაც სულ ბიჭები სწავლობდნენ და მარტო ერთი გოგო ვიყავი. შალვა მშველიძის კლასში გამანაწილეს, რომელიც არის მოვლენა და ეპიკური მუსიკის ფუძემდებელი საქართველოში. სხვათა შორის, წარმოშობით ისიც ხაშურელი იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ გენიოსებს უკვე აღარ ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში, რას ასწავლიან, ვერ გავიგეთ და ამ თვალსაზრისითაც, ქვეყნიერება ცუდ დღეშია.
მუსიკალური სასწავლებლი წარმატებით დავამთავრე, უკვე მქონდა საფორტეპიანო პიესებისა და რომანსების ჩემი კრებულებიც. იმ პერიოდში, ჩემს სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა და როგორც კომპოზიტორი, კონსტანტინე პევზნერთან და იოსებ ტუღუშთან ვმუშაობდი, რომლებიც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელები იყვნენ. ამ ორკესტრში მღეროდა არაჩვეულებრივი მომღერალი ჯილდა დათუაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ძალიან ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ცოტა ფუქსავატურად მოვიქეცი – თავში ამივარდა რაღაცები, სულიერი მოთხოვნილებები მეორე პლანზე გადავიტანე და გართობა პირველ ადგილზე დავაყენე. ყველაფერი მივატოვე თბილისში და 17 წლის, ხაშურში დავბრუნდი. რუსულ სკოლაში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად. ბავშვებთან მუშაობასთან ერთად, უკვე საგუნდო ნაწარმოებების შექმნა დავიწყე. მას მერე, 54 წელია, პედაგოგიურ საქმიანეობას ვეწევი. რაიონის თითქმის ყველა სკოლაში მიმუშავია და ინსტრუმენტმოკიდებული სოფელ-სოფელ დავდიოდი. წარმოიდგინეთ, ამ სოფლებში ბავშვებს ფიცჯერალდსა და ლუი არმსტრონგს ვასმენინებდი და ვასწავლიდი. ჩემი მისია განმანათლებლობაა და ეს როლი ძალიან მომეწონა.
მალევე, 20 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. მამაჩემის დაკრძალვის წინა დღეს ვიმშობიარე და მის დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. სიყვარული ისეთი რამეა, ეტყობა, ამით ყველას არ აჯილდოებს უფალი და ეს უნარი ჩემი შვილის მამასაც არ აღმოაჩნდა. ისე გამოვიდა, ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით… მიუხედავად იმისა, რომ 1971 წელს შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და მაშინ ეს არ იყო ადვილი ჩემი რეპუტაციისთვის, არაფერს ვნანობ. ბავშვი შემრჩა და თან, იმდენად გადაფარა ამ ჩემმა მუსიკალურმა შესაძლებლობებმა სხვა ყველაფერი, ვეღარ მებრძოდნენ. პირიქით, მე რასაც ვიტყოდი, ისე კეთდებოდა ყველაფერი რაიონში, რაიკომის მდივნებს ინსტრუმენტებს ვათრევინებდი აქეთ-იქით. ამანაც გამიტაცა, რომ აქ მე ვმართავდი ყველაფერს. რაც მთავარია, ჩემს ოჯახს მიღებული ჰქონდა ეს ამბავი და ბავშვს ძალიან ელოდებოდნენ. მახსოვს, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მამაჩემმა, რომელიც ბოლოს უსინათლო იყო, დედაჩემი ბავშვისთვის ემალის ქოთნის საყიდლად გააგზავნა, მაშინ ძნელად იშოვებოდა. მე სულ ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ჩემი შვილი დედაჩემმა გაზარდა. არაჩვეულებრივი დედა მყავდა, რომელსაც წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ოთხი ენა იცოდა. უნივერსიტეტი მაშინ ახალი გახსნილი იყო და იქ სამწლიანი საბუღალტრო კურსები რომ გაიარა, ხაშურში გაანაწილეს სამუშაოდ. ახლა სადაც ვცხოვრობ, აქ 12 წელი იცხოვრა ქირით დედაჩემმა. ამიტომ გადმოვსახლდი მე ამ სახლში.
ანსამბლი „ცხრა მუხა“ დავაარსე, რომელიც 25 წლისაა და შემოვლილი გვაქვს მთელი ევროპა. გზები და ქვეყანა რომ ჩაკეტილი იყო, მე მაშინაც დავდიოდი და დავწანწალებდი ბავშვებთან ერთად. კაპიკებს ჩვენ ვაგროვებდით, თუ რამე მქონდა მეც მიმქონდა და ასევე, ვისთანაც ფული მეგულებოდა ხაშურში, ჯიბეებიდან ვაცლიდი, რომ ბავშვები დამეფინანსებინა და საზღვარგარეთ წამეყვანა. აბა, რა უნდა მექნა მაშინ?! ასე დავდიოდით 20 წელი და მოვლილი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპა, იტალია, თურქეთი და ა.შ. ერთხელ, ამ მოგზაურობების გამო, ვალები დამრჩა, მეც აღარაფერი მქონდა გასაყიდი და ანზორ ბურჯანაძესთან შევედი, ქატო მომეცი-მეთქი. გაუკვირდა, ფქვილი არ გინდაო? მოკლედ, 4 ტონა ქატო და 10 ტომარა ფქვილი მაჩუქა. ვიდექით მერე და ამ ქატოს ვყიდდით, რომ ეს ვალი გაგვესტუმრებინა. შეიძლება ცუდია, როცა შენს თავზე არ ფიქრობ, მაგრამ მე ჩემი პირადი მოთხოვნებით არავის ვაწუხებდი, მხოლოდ ბავშვების წაყვანის გამო ვითხოვდი დახმარებას. ასეთი მოგზაურობების დროს ხალხი მდიდრდებოდა და მე სულ ვალებით ვბრუნდებოდი.
სხვებთანაც შევსულვარ იმავე თხოვნით. ერთხელ, მგონი, ბულგარეთში მივდიოდით, ჯაბა იოსელიანთან შევვარდი – შენი არ მეშინია, ჯაბა, სოფლელი ბავშვები უნდა წავიყვანო, ქვეყნის გარეთ რაღაცები ვაჩვენო და რამე ქენი, დამეხმარე-მეთქი. იმან, ეს ჩემზე გიჟი ყოფილაო და ჩემს თვალწინ დარეკა, ლიანა ტატიშვილი მოვა და ყველაფერი გაუკეთეთო. მართლა მოგვცეს მაშინ 1000 დოლარი და ბავშვები ასე წავიყვანე. კურიოზული შემთხვევებიც მქონია. ავთანდილ მარგიანის სახელზე წერილით ხელში, როგორც იქნა, ”იმელის” შენობაში შევაღწიე და ვდგავარ, რომ მარგიანს წერილი მივცე. ისევ ბავშვების წაყვანა მინდოდა საზღვარგარეთ და ფული არ მქონდა. ვხედავ, რომ შევარდნაძე მოდის და მიღიმის. მეც გავუღიმე და თან ერთმანეთი მოვიკითხეთ, პარალელურად, თავი გადამიტრიალდა იმაზე ფიქრით, რომ ხელში წერილი მარგიანის სახელზე მეჭირა, არადა მინდოდა, მისთვის მიმეჩეჩებინა და თან, მასთან უფრო მეტი შანი იყო, საქმე მომეგვარებინა. მოკლედ, ბევრი ასეთი მომენტი ყოფილა და ჩემი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს გამომიყენებია ის თანხები, რასაც ასე ვაგროვებდი. პირიქით, იქით მიმქონდა და უამრავი რამე გავყიდე სახლიდან.
ამ ყველაფერს მძიმე ამბებიც ბევრი ახლდა. სირიიდან მოვდიოდით და მხედრიონის დრო იყო, საშინელი სიტუაცია გზებზე – „გათრიაქებული“ მხედრიონელები იარაღით ხელში იდგნენ. 35 ბავშვი და 10 მშობელი მომყავდა ავტობუსით. სირიაში კაპიკები ღირდა ყველაფერი და მშობლებმა სხვადასხვა პროდუქტით დატვირთეს ავტობუსი. გაგვაჩერეს და ერთ-ერთი ავტომატიანი კითხულობს, აქ ლიდერი ვინ არისო. მე ვარ-მეთქი და არც მიყურებს ისე გამოაცხადა „ავტობუსი უნდა დაიცალოს!“ არა, ავტობუსი არ დაიცლება, ვერც შიგნით შეხვალ, ბავშვები მე მაბარია და უკან მშვიოდობით უნდა დავაბრუნო-მეთქი. ჩემს შვილს დავუძახე, გვერდით დავიყენე და ავტომატიანს ვუთხარი, თუ რამე ანგარიშსწორება გინდა, აგერ მე და აგერ ჩემი შვილი-მეთქი და თან, მათივე უწმაწურ ენაზე მივმართე, ვინც ახლა არ მესროლოს-მეთქი. ამის მოსმენაზე გაგიჟდა, ვინ არის ეს ქალიო. მოკლედ, დიდი ცოდვის ტრიალი იყო და მთლიანი „აბოიმა“ დაცალა ჩვენი ავტობუსის საბურავებზე. მე ძალიან უშიშარი ვარ, მაგრამ ავტობუსში რომ შეგეხედათ, ყველა გადაფითრებული და გაოგნებული იყო. აი, ასეთი რამეებიც ხდებოდა და ყველას უკვირდა, ეს ერთი ბეწვა ქალი რამდენს ვახერხებდი. ეს არ იყო მარტივი ცხოვრება და ერთხელ, თურქეთშიც დამრჩა სამი ბავშვი. მოკლედ, ჩვენ ღამე დავდიოდით ხოლმე და მე ავტობუსში ჩამეძინა. გზად რაღაცაზე ჩავიდნენ, ბავშვებს ყურადღება არ მიაქციეს და ისე გამოვიარეთ 500 კილომეტრი, არ ვიცოდით, რომ ბავშვები იქ დარჩნენ. ეს ის პერიოდია, ბავშვებს რომ იტაცებდნენ და ორგანოებს ყიდდნენ. წარმოიდგინეთ, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. უკვე პოლიციაში განვაცხადეთ და ყველგან ვეძებდით. ბოლო იმედად, საკონსულოში დავრეკე და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებმა საკონსულო იცოდნენ და იქამდე თავად მივიდნენ.
ჩემთვის ნაცნობი იყო ის დაპირისპირებები, შუღლი და შური, რაც ხელოვნების სფეროში არსებობდა. მაგრამ მე ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავდა ამ წრიდან, რომლებიც ძალიან მაფასებდნენ. ამიტომ, არაფერს ვნანობ გარდა იმისა, რომ კონსერვატორია არ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში გენიოსები მასწავლიდნენ და მოგვიანებით, ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე.
სხვადასხვა შანსი მქონია ამ ქალაქიდან წასვლის და მაინც ბოლომდე ხაშურში დავრჩი. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე ჩემი მეგობარია და რამდენჯერმე მთხოვა, წავსულიყავი და მისთვის რუსული რომანსების თანხლება გამეკეთებინა, მაგრამ იყო მიზეზები და ვერ წავედი. თან, ის სხვა სამყაროა და მე სხვაგან ვცხოვრობ, მაგრამ ფოლკნერს მაინცა ვკითხულობ, ჰემინგუეისაც და თანამედროვე ლიტერატურასაც. თბილისელების მიმართ ცუდად კი არ ვარ განწყობილი, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არ არის და არც ერთადერთი კულტურული ცენტრია. ხაშურს 140 წლის სახალხო თეატრი აქვს, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და ვინ აღარ ჩამოდიოდა. სხვათა შორის, მამიდაჩემებიც ამ სცენაზე მსახიობობდნენ.
დიახ, რაიონებშიც მიმდინარეობდა და მიდის კულტურული ცხოვრება. ჩემნაირი ხალხი რომ არ დარჩეს რეგიონებში, რა ეშველებათ ბაშვებს, რა ეშველება ქალაქს?!
ერთხელ, ჩემი მასწავლებელი ედგარ დავლიანიძე შემხვდა. კაიროში მივდივარ, კონსერვატორია იხსნება და იქ კონცერტმეისტერად ხომ არ წამოხვიდოდიო. იმის გამო, რომ დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო და შვილი მყავდა, რომელიც ფეხზე უნდა დამეყენებინა, ჩემი იქ მუშაობით კი, შეიძლება მისი მომავალი დამეკარგა, უარი ვუთხარი. ასევე, ჩემმა მეგობარმა, ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა, თემურ ახობაძემ, რომელიც „სტენვეი ჰოლის“ სოლისტი იყო და ბარაკ ობამას ორივე ინაუგურაციაზე დაუკრა, 20 წლის წინვე შემომთავაზა, წავსულიყავი მასთან ამერიკაში, სადაც ერთ საათში 150 დოლარს მიხდიდნენ. ორი თვე მომცეს მოსაფიქრებლად, მაგრამ მივხვდი, რომ ხაშურს ვერ დავტოვებდი ერთ კვირაზე მეტხანს და იქ შეიძლება ნოსტალგიით მოვმკვდარიყავი. ამიტომ, არასოდეს მინანია, რომ არ წავედი.
პედაგოგიურ მოღვაწეობას ისევ ვაგრძელებ და ახლა ექსპერიმენტულ ანსამბლთან ვმუშაობ სამუსიკო სკოლაში. ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია და მე არ ვარ უკმაყოფილო. ცოტა ისეთი ცხოვრება მქონდა, ცა ქუდად რომ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ამიტომ, ბოლოში ასეთ სერიოზულ სახეს თუ მიიღებდა ჩემი მიღწევები და დამსახურებას მომანიჭებდნენ, არც ველოდი.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური