ლია უკლება, 42 წლის, ქუთაისი

“პატარაობიდან ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე, მაგრამ გადამაფიქრებინეს ოჯახის წევრებმა. მშობლები მეუბნებოდნენ „რად გინდა მხატვრობა“, „ მხატვრობაში რა ყრია, მასწავლებელი უნდა გამოხვიდე“ და ა.შ. თან აკადემია მაშინ ელიტარულად ითვლებოდა და იქ მოხვედრა ფუფუნება იყო. მე ამ დროს ერთი სოფლელი ბავშვი ვიყავი და დიდი შანსი არ მქონდა იქ მოხვედრის. შესაბამისად, უარი ვთქვი. 4 წლისამ დარწუნებით ვიცოდი, რომ მე მხატვარი ვიყავი. მერე ვამბობდი ხოლმე, რომ აი, 24 წლისამ უკვე აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი საერთოდ, რადგან 16 წლის გავთხოვდი…

ია-ვარდით მოფენილი გზა არცერთი ქალისთვის არ ყოფილა და რეალისტები თუ ვართ, არც იქნება, ჯერჯერობით, საქართველოში. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაშიც არის და იყო ძალიან მტკივნეული მომენტები, რომლებზეც მართლა უნდა ვლაპარაკობდეთ ღიად. უზარმაზარი წნეხის ფონზე შევძელი, რომ საკუთარი თავი მეპონა, საკუთარი საქმე მეკეთებინა და მე ძალიან ბევრი ვიბრძოლე ამისთვის. ვიბრძოლე ოჯახთანაც, საზოგადეოებასთანაც და არსებულ სისტემასთანაც. მე არ დავნებდი იმ მოცემულობას, რაშიც მიწევდა ცხოვრება. ჩემი თაობის გოგოები ძალით გაგვათხოვეს, ასე ვთქვათ. ძალით გათხოვება არ ნიშნავს, რომ ოჯახმა დაგვაძალა. ჩემი თაობის გოგოების, ალბათ, 60% არის მოტაცებული და იძულებით ქორწინებაში იმიტომ, რომ 90-იან წლებში მოტაცებული გოგოს უკან დაბრუნება, ეს იყო სამყაროს დასასრული, არ ჰქონდა მნიშვნელობა სექსუალური აქტი მომხდარი იყო თუ არა. დღეს ნაკლებად ხდება ეს, თუმცა მაინც არის ისევ მოტაცების შემთხვევევბი. მეც მომიტაცეს, მაგრამ ჩემი ქმარიც 17 წლის იყო და დღემდე განიცდის იმას, რომ ასეთი ფორმით მოხდა ჩვენი დაქორწინება. სასურველი იყო, რომ ქორწინება მომხდარიყო ორივეს ნებით და თანხმობით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისიც იყო მსხვერპლი იმ შეხედულებების, რაზეც იდგა იმდორინდელი ახალგაზრდობის უმრავლესობა.

მე თინეიჯერობა ვერც კი მოვასწარი, უცებ თავს დამატყდა ოჯახი, შვილი 18 წლის ასაკში. უცხო გარემოში მოხვედრა ძალიან მძიმე პროცესია და დავკარგე თავი, მაგრამ არ მასვენებდა ფიქრი იმაზე, რომ მინდოდა რაღაც მეკეთებინა გარდა იმისა, რომ გამეზარდა შვილები და მომევლო ოჯახისთვის. მივაწყდი ძალიან ბევრ რამეს, ხან სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად, ხან ტელევიზიაში და რადიოში. რა არ ვცადე! ბოლო-ბოლო 36 წლის ასაკში მივხდი რა არის ჩემი საქმე და დავიწყე ხატვა. 6 წელია, რაც ვხატავ, ხო? და ეს 6 წელია ვარ ბედნიერი იმიტომ, რომ ვიპოვე ჩემი თავი და დავისვენე. ჰო, ვიპოვე ის, რაც მინდოდა და ეს ბედნიერება მთელს ამ წლებს გასდევს. მაგარია!

მე ფოთოლსაც კი ვერ დავხატავ, თუ ეს ფოთოლი რაღაცით არ მეხება. ამიტომ, სულ 50-55 ნახატი მაქვს 6 წლის განმავლობაში. ერთ დიდ საგამოფენო დარბაზსაც ვერ ავსებს იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია… მე არ ვარ კლასიკური გაგებით, აკადემია დამთავრებული მხატვარი, რომელსაც შეუძლია რუტინულად იმუშაოს. ეს შეიძლება ჩემი ნაკლია, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. შესაბამისად, ვაკეთებ მარტო იმას, რაც ჩემს გულთან და ემოციებთან არის ახლოს. იმ დროს, როდესაც ტილოს წინ დავდექი 36 წლის ასაკში, არანაირი გათვლა არ მქონია და არც იმაზე მიფიქრია, ეს ვის გულამდე მივიდოდა, ექნებოდა თუ არა ამას გამოხმაურება და ა.შ. უბრალოდ, ასე ავდექი და დავიწყე ხატვა. მაისის თვეში დავიწყე ზეთში მუშაობა მახსოვს და 6-7 თვეში უკვე გამოფენაზე დამიძახეს. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავი. ხომ გეუბნებით, არ ვიცოდი ამ ყველაფერს რატომ ვხატავდი და დამთვალიერებელი თუ მყავდა, ისიც არ ვიცოდი. მაგრამ, Facebook-ზე ნახეს ჩემი ნამუშევრები ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურიდან და მათ შემომთავაზეს გამოფენაში მონაწილეობა.

ჩემი ნამუშევრების შეფასებები, ანალიზი და ის, რომ მე ვარ ფემინისტი მხატვარი, დაიწყო ჩემი ერთ-ერთი ნახატის – „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ – გავრცელების შემდეგ. ამ ამბების შემდეგ, უფრო ფართო საზოგადებამ გაიცნო ჩემი ნამუშევრები. მე თვითონაც გვიან აღმოვაჩინე, რომ სულ ქალებზე ვხატავ. ჰო, ასე გამოვიდა, რომ მე ვმუშაობ მხოლოდ რელიგიურ პრობლემებზე და ქალთა პრობლემებზე. რატომ ვხატავ ამ თემებზე? ეტყობა ყველაზე მტკივნეულად ამ ორ პრობლემას განვიცდი. ეს მერე აღმოვაჩინე იმიტომ, რომ არაფერი დამიგეგმავს.

ჩვენ, საქართველოში დაბადებული ქალები, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ, მსგავსი ბიოგრაფიები გვაქვს და ის რაც ჩემია, ყველა ქალის შეიძლება იყოს. ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც ის პრობლემები არ ჰქონია დღის წესრიგში, რაც მე მქონდა. შესაბამისად, ის რაც მოდის გულიდან, მოდის ჩემი ბიოგრაფიიდან და ავად თუ კარგად ტილოზე გადმომაქვს. ეს ეხება ბევრს იმიტომ, რომ საზოგადო პრობლემაა და არა მხლოდ ჩემი. ხანდახან მგონია, რომ საკუთარი თავიდან და პრობლემებიდან ვერ ამოვედი, მაგრამ რადგან ეს პრობლემები სხვასაც ეხება, ესეიგი აღარ არის მარტო ჩემი.

ღვთისმშობელზე როდესაც ვმუშაობდი, მთლად ისეთი გულუბრყვილოც არ ვიყავი არ მეფიქრა, რომ ამას რეაქცია მოყვებოდა. მაგრამ, ცხადია, ამხელა მასშტაბის აგრესიაზე არ ვფიქრობდი და მეგონა, რომ მზად ვიყავი. მაგრამ ის რაც მოხდა, ამას წინასწარ ვერაფრით წარმოვიდგენდი. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის გამოფენის შემდეგ ისევ ამ ნახატის ირგვლივ ატეხილი ამბების გამო, იმხელა სტრესი მივიღე, რომ იმის მერე, პრაქტიკულად ვერაფერი გავაკეთე. დღემდე რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ. ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე კი არა, ჩემი შვილის უსაფრთხოების საკითხი იყო დიდი რისკის ქვეშ. წარმოიდგინეთ, რაღაც ნახატის გამო და თან როცა აბსოლუტურად სხვანაირად გიგებენ იმას, რისი თქმაც შენ გინდა. ისეთი ამბები შეთხზეს და ისეთები გამოიგონეს, გაოგნებული ვიყავი. მაგალითად ისიც კი დაიწერა, რომ მე ეს ნახატი საპატრიარქოს დაკვეთით გავაკეთე იმიტომ, რომ დაჩქარებულიყო კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, წარმოგიდგენიათ?!

მაგრამ, ამასთან ერთად იყო უდიდესი მხარდაჭერაც. არ დარჩენილა ადამიანი, ჯგუფი თუ ორგანიზაცია, რომელიც იმ ღირებულებებს იზიარებს, რასაც მე, რომ საჯაროდ არ გამოეხატათ თანადგომა. ერთია, რომ ეს იყო სოლიდარობა ადამიანის მიმართ, რომელიც, ასე ვთქვათ, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ხოლო მეორე, სოლიდარობა იმ პოზიციის მიმართ, რაც მე დავაფიქსირე და მათაც მიაჩნდათ სწორად. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ჩემი მეუღლისგან და ჩემი შვილებისგანაც მუდმივად, რაც არ უნდა ხდებოდეს.

ამ ცოტა ხნის წინ, წყალტუბოში სრულიად უწყინარი თინეიჯერი გოგოს ნახატი გავაკეთე დიდ კედელზე და დამთავრებიდან რამდენიმე დღეში წაშალეს. მერე მითხრეს, რომ ეს სწორედ იმიტომ წაიშალა, რომ ლია უკლებას ნამუშევარი იყო…”