მაგდა კალანდაძე, თბილისი
„იმის გამო, რომ ქვიარ აქტივისტი ვარ, მეტწილად თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა არანაკლები სიძლიერით განმიცდია ჩაგვრა და გარიყვა. შეიძლება, პირველი ვარიანტი უფრო დიდი დოზითაა, რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან ძლიერია ეს ჩაგვრა და დამთრგუნველია გარიყულად ყოფნა.
ვიყო ქვიარი ნიშნავს, რომ ჩემთვის არ არსებობდეს შეზღუდვა არანაირი სახით; ლაპარაკი არ მაქვს იმ ტიპის შეზღუდვებზე, რომლებიც იმ ადამიანებისგან მოდის, ვისგანაც აღიარება არაფერში მჭირდება, რომლებსაც, თუ მოვინდომებ, საერთოდ არ დავინახავ. საქმე ეხება ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ჩემს მეგობრებს, ჩემი ოჯახის წევრებს, თუნდაც ჩემს, უბრალოდ, ფეისბუქ მეგობრებს – ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თვითშეზღუდვები, რომლებსაც, როცა აჟღერებენ, ავტომატურად მეც შესაბამის თამაშის წესებში ჩაბმული მოვიაზრები და ჩემს ყოველ სიტყვას, ქმედებას მაინც ვიღაც ჩარჩოებში განიხილავს. ამდენად, ჩემთვის, ვიყო ქვიარი, ნიშნავს, რომ როგორი რბილი და შეფუთულიც არ უნდა იყოს ეს კონტროლი – ემოციების, მათი გამოხატვის ფორმების, გარეგნობის, ხშირად იმისაც კი, თუ როგორ და სად ვატარებ თავისუფალ დროს… ხშირად „რჩევის“ სახით მოწოდებული და გამართლებული სხვადასხვა გამოცდილებებითა და ნარატივებით – მე ეს ყველაფერი გულწრფელად სისულელედ მიმაჩნია. იმიტომ კი არა, რომ ქვიარ აქტივიზმი ამის ასე ფორმულირებას მოითხოვს, გულწრფელად არ მადარდებს, არც კი მაფიქრებს.
ბევრჯერ მითქვამს, ნეტავ როგორია ცხოვრება, როცა ერთ დღესაც გაიღვიძებ და იმაზე შფოთავ, ნეტავი რა აზრისაა სხვა შენს ამა თუ იმ ქცევაზე, ცხოვრების რიტმზე, სიტყვებზე.
რა თქმა უნდა, მეც მქონია ასეთი ცხოვრება, თუმცა, განცდის დონეზე უკვე ვეღარ ვიხსენებ, როგორი იყო. ფაქტები მახსოვს. მახსოვს ის, რომ ჩემს მცდელობას, ვყოფილიყავი ისეთი, როგორსაც ჩემგან მოითხოვდნენ, შედეგი არ მოჰქონდა. რა შედეგი მინდოდა დამდგარიყო – ის, რაც ყველას გვინდა: ვყოფილიყავი მოწონებული. უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩვეულებრივი ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ზესტაფონში მქონდა სკოლა დამთავრებული და მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ ვსწავლობდი, მეგობრული და კეთილი ვიყავი, რა ვიცი – კიდევ რა მოეთხოვებათ ასეთ დროს ადამიანებს?… – აღიარება ვერაფრით მოვიპოვე. არადა მახსოვს, მინდოდა.
მერე ისე მოხდა, რომ DAAD-ის სტიპენდია ავიღე და თვენახევრით წავედი გერმანიაში. ვერ ვიტყვი, რომ გერმანიამ მომენტალურად გამათავისუფლა, მაგრამ ამ გარემოს მოვწყდი და ეს კარგი აღმოჩნდა. შეიძლებოდა, გერმანიის ნაცვლად ზესტაფონში დავრბუნებულიყავი და იგივე შედეგი დამდგარიყო. გეოგრაფია დიდად არაფერ შუაშია.
როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მე ვერ მხედავენ, აბსოლუტურად არაფერში მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო კარგად. ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს დათმობაც იყო. ან უბრალოდ გადავწყვიტე, რომ სხვანაირად არ გამოდის. დავიწყე მარტო ცხოვრება, დავიწყე წერა, დავიწყე სხვა ადამიანებთან კონტაქტების დამყარება (და იქვე გაწყვეტაც). ერთი სიტყვით, იმის კეთება, რისი განმკარგავიც მხოლოდ მე ვიყავი, მეორე მხარე აღარ მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ როგორც კი თვითკმარი გავხდი, აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ჩემკენ წამოვიდა; როგორც კი აღიარება საკუთარი თავისგან მივიღე, ეგრევე გაჩნდნენ მეგობრები, მტრები, ყურადღება, აგრესია, ჩხუბი, სიხარული… ერთი სიტყვით, ის ყველაფერი, რაც ადამიანების ცხოვრებაში ზოგადად ხდება. ამის მერე, უნივერსიტეტში სწავლასაც დავანებე თავი. ეს ჩემი პროტესტის ნაწილი იყო მაშინ. სამი კურსი დავხურე “ხუთებზე”, მერე კი უბრალოდ მივდიოდი უნივერსიტეტში, მაგრამ არ შევდიოდი ლექციებზე; გამოცდებზე აუდიტორიაში ვმჯდარვარ და მითქვამს, რომ არ მინდა ჩაბარება. არ მინდა ნიშანი. რა თქმა უნდა, მიყურებდნენ, როგორც, მაგალითად, ეკლებიან კატას, რომელიც თან გაშინებს და გაფრთხობს, მაგრამ თან გარშემო უვლი და გაინტერესებს, როგორია, ხელით გინდა, შეეხო. თუმცა, მთლად ახლოსაც ვერ მიდიხარ. ასე რომ, ჩემთვის შემდგომში ქვიარობასთან მიახლოებული პირველი განცდაც ეს იყო: სულ ერთია, რა ნიშნით აღმოჩნდები უცხო გარშემომყოფებისთვის – ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა უნდა ისწავლო, მარტო დარჩენა შენი ყველაზე დიდი კომფორტის ზონა უნდა იყოს.
როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, ქვიარ აქტივიზმის ყველაზე ნეგატიური გამოცდილება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებია – ტკივილისა და განადგურების საფრთხე. უახლოესი და მძაფრი იყო ახლახანს – პოლიცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დაგვესხა, როდესაც 17 მაისს, დილით სტენსილებს ვაკეთებდით. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, სამოქალაქო ტანსაცმელში, შავ ქურთუკებსა და ჯინსებში გამოწყობილი ეს ტიპები იმ ექსტრემისტთა ნაწილი იყვნენ, რომლებიც არაერთხელ გამოგვკიდებიან და პირველი 40-45 წამი, როცა პოლიციელი მიმათრევდა, ვფიქრობდი, რომ ვიღაცას მოსაკლავად მივყავდი. ეს დრო ძალიან ბევრია ამაზე საფიქრალად. ეს არის გამოცდილება, რომელზეც არამარტო ლაპარაკი, არამედ გახსენებაც კი, სხეულით შეგრძნება, თუ რა და როგორ იყო, ძალიან მიძნელდება.
როგორც ფემინისტი აქტივისტისთვის, ასევე, ძალიან მძიმეა ჩემთვის ინტერნეტის და სოციალური ქსელების ინტენსიურად მოხმარებით მიღებული გამოცდილებები. ყოველდღე მიწევს ქალების მიმართ მჩაგვრელი, მომხმარებლური, გამანივთებელი სტატიების თუ პოსტების კითხვა და იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ჩემზე იწერება, ნებისმიერ ჩვენგანზე. ხვალ ქუჩაში გახვალ და იგივე ადამიანები გვერდით ჩაგივლიან, რომლებიც შენზე წერდნენ, რომ დებილი ხარ, უუნარო ხარ, საჭესთან არ უნდა იჯდე, სახლში უნდა ეგდო და ა.შ.; შენზე ამბობს ამას და არა ვინმე სხვაზე. რამდენი წიგნიც არ უნდა გქონდეს წაკითხული, როგორ პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდე, რამდენი დროშა და ფემინისტური პლაკატი არ უნდა დაიჭირო ხელში – ეს შენ ხარ. შენზე ლაპარაკობენ, შენზე წერს ამას ასიდან ოთხმოცდაათი. ეს ყოველდღიური ტრავმაა, რომელიც არანაკლებ მსტრესავია საბოლოო ჯამში. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ფიზიკური ძალადობის გამოცდილება უფრო დიდ ძალას გძენს, უფრო მეტი წინააღმდეგობის სურვილს გიჩენს, გაქვს ბერკეტები, რომ მოძალადეს პასუხი აგებინო, ხოლო ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ხელ-ფეხ შეკრული ხარ, ვერაფერს აკეთებ, ზიხარ მონიტორთან და აგინებთ ერთმანეთს, ბოლოს შეწინააღმდეგების აზრსაც ვეღარ ხედავ და უბრალოდ კითხულობ, კითხულობ, როგორ არავინ მიგიჩნევს ადამიანად, როგორ სძულხარ მათ, ვისთან ერთადაც ყოველდღე ერთსა და იმავე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გიწევს.”