მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა

1991 წლიდან ომში ვიყავით და ჩვენივე სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებდით თითოეულ გოჯ მიწას. ჩემი მეუღლეც ამას შეეწირა 1992 წელს.

ვიცოდით, რომ წინა დღეს ერედვზე თავდასხმა მოხდა და იქიდან ტყვეები წაიყვანეს. ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ქართველებისგან ვიყავით ჩაშვებული რამდენიმე ოჯახი, აქტიური ლიდერები ვინ სად ვცხოვრობდით და მეორე დღეს დისევშიც შემოვიდნენ. ღამის სამ საათზე ბეტერეებით წრე ისე დაარტყეს ჩვენს სახლს, ვერაფერი გავიგეთ და მძინარეებს დაგვესხნენ თავს. სტუმარი გვყავდა თბილისიდან – ჩემი მეუღლის მეგობარი ბიჭი, სამი ბავშვის თვალწინ ისიც წაიყვანეს და ჩემი მეუღლეც. თავიდან, მე რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევდი და ჩემს ქმართან ახლოს არ ვუშვებდი, მეც მომკიდეს ხელი და ბეტეერში ჩამაგდეს, მაგრამ ბოლოს სახლში დამტოვეს. იმავე ღამეს ერედვში წასვლა გადავწყვიტე – მინდოდა, შემეტყობინებინა, ბიჭები წაიყვანეს დისევიდან-მეთქი. თავდამსხმელებს მაშინვე უფიქრიათ, ეგ ქალი არ მოისვენებსო და სოფლის გასასვლელში ორი ბეტეერით მყარაულობდნენ. გავედი თუ არა, მომკიდეს ხელი, ჩამაგდეს ბეტეერში და მეც ცხინვალში წამიყვანეს. 5 დღე ვიყავი ტყვეობაში იმავე ციხეში, სადაც ჩემი მეუღლე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ ერთმანეთი არ გვინახავს. საშინელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ვყავდი. ყოველდღე მდუღარეწყლიან დიდ ქვაბს მაყურებინებდნენ და მეუბნებოდნენ – აი, აქ უნდა მოგხარშოთო. ჩემ გამო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო, ამიტომ, აღარ მოუნდათ იმ ამბის გატანა, რომ „რუსებმა ქალი მოკლეს“ და ჩემი გაშვება გადაწყვიტეს. საპყრობილედან „მომიპარეს“ და ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში გადმომაგდეს ცხინვალის მისადგომებთან. დილის 5 საათი იყო, როცა სიცივემ გამომაფხიზლა იქ დაგდებული. ერთმა ქალმა ხბო გამოიყვანა ბაღში დასაბმელად და მან მიპოვა. თურმე, სადღაც ერედვის ბაღებში ვიყავი, მე არაფერი მახსოვდა, იქ როგორ მოვხვდი. პატარა ლიახვის ხეობაში მაშინ ყველა მიცნობდა, მაგრამ ფეხშიშველი, თმაგაშლილი და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, ვერ მიხვდნენ, ვინ ვიყავი. ამ ამბის შემდეგ იმდენად ცუდად გავხდი, რომ ერთი თვე თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში გავატარე.

ჩემი მეუღლე მას მერე აღარ მინახავს, ცხინვალის ციხეში არაადამიანური წამებით მოკლეს. მას არანაირი დანაშაული არ ჰქონდა, სულ იცავდა ქართველსაც და ოსსაც, კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და ამას თავად ოსებიც ამბობდნენ. როცა ხეზე დაკიდებულს აწამებდნენ, ისევ ოსებს აღმოხდათ თურმე – ეს ხომ ჩვენი ანდროა, რას უშვრებითო?! რატომ აწამეს, იცით? მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ საქართველოს კი არა, ოსეთის მიწაზე იყო, თან რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები მიჰქონდათ – ამაზე დაიჩოქე და აკოცეო. საქართველოს დროშას თუ მომიტანთ, მხოლოდ მის წინაშე დავიჩოქებო, ის პასუხობდა. ერთი თვე სასტიკ წამებაში ჰყავდათ და ამის შემდეგ, მისი სხეულის მხოლოდ მესამედიღა მივაბარე მიწას. მე რაც გადავიტანე, ძალიან რთულია, მაგრამ უზომოდ მიყვარდა ჩემი მეუღლე და გავითავისე, რომ ჩემი სხეულის ერთი ნახევარი მე ვიყავი, მეორე ნახევარი კი – ჩემი მეუღლე. ახლაც კი მისი შთაგონებით ვცოცხლობ და ჩემს შვილებსაც, როცა რამე ეტკინებოდათ და ტირილს იწყებდნენ, ასე ვეუბნებოდი – „მარჯვენა არის დედა, მარცხენა მამა. არ იტიროთ, თქვენ დედაც გყავთ და მამაც.“ ამ ყველაფრის მერე, მაინც დისევში დავრჩი საცხოვრებლად სამი მცირეწლოვანი შვილით – უფროსი 9 წლის იყო და ყველაზე პატარა – ორწლინახევრის. ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, ჩამსვამდნენ ხოლმე მანქანაში, დამატარებდნენ და ბევრს მესაუბრებოდნენ. ალბათ, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე ამ ამბავს ვერ გადავიტანდი.

ზუსტად მაშინ იქმნებოდა გამგეობები და არჩევნებიც დაინიშნა. მე ყოველთვის ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საჯარო ცხოვრებაში და ამას ყველა ხედავდა. ამიტომ, შემომთავაზეს – იქნებ, შენი მეუღლის საკრებულო შენ ჩაიბაროო (ავტ. ქმარი დისევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო). არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და 1993 წელს გამგებლად ამირჩიეს, სადაც 2006 წლამდე ვიმუშავე. სულ საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა და ვერც წარმომედგინა, მე ჩემი ხალხის გვერდით არ ვყოფილიყავი. ჩვენ იქ გავიზარდეთ და თითოეული გოჯი მიწა გვიყვარს. გეფიცებით, ახლაც ისე მენატრება ჩემი სოფლის, თუნდაც, იმ ტალახიან ქუჩებში გავლა…

ჩვენ სულ სროლებსა და ბრძოლაში ვცხოვრობდით, მაგრამ 2008 წლის ომი მაინც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თან, ყველასთვის მოულოდნელი. უკვე საჰაერო დაბომბვები რომ დაიწყეს, იძულებულები ვიყავით, 9 აგვისტოს სოფელი დაგვეტოვებინა. სრული ქაოსი იყო, სახელმწიფო არავის ეხმარებოდა და ჩვენი ძალებით ვცდილობდით თავის გადარჩენას. მაშინდელ გუბერნატორ ვარძელაშვილთან რომ მივედით დახმარების სათხოვნებლად, აქეთ შეურაცხყოფა მოგვაყენა – ვინ გითხრათ, რომ ომია, უკან დაბრუნდითო. გორში ჩასული, 10 აგვისტოს მე ისევ სოფელში მივბრუნდი. მოხუცები იყვნენ იქ დარჩენილები და რამდენიმე ადამიანმა დავაორგანიზეთ მათი გამოყვანა. მოხუცები კი გამოვუშვით დიდი მანქანით, მაგრამ ჩვენ რომ ვბრუნდებოდით, რუსებმა დაგვიჭირეს. ისევ ტყვედ ჩავარდნა მელოდა, მაგრამ გზაში მანქანა გადაუტრიალდათ, ჩვენ დრო ვიხელთეთ და გამოვიქეცით. ტყვიავში რომ ჩამოვედით, საწყალი შიშველი სამხედროები გამორბოდნენ, ბომბდამშენები კი სამხედრო ტექნიკასა და გაქცეულ ჯარისკაცებს ჰაერიდან ბომბავდა. ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ხომ არ გვაქცევდა სახელმწიფო ყურადღებას, მაგრამ არც ამ სამხედროებს მიხედა. ბოლოს ჩვენც მათ გამოვყევით და დღემდე თვალებიდან არ ამომდის ერთი კადრი – თბილისისკენ როცა მოვდიოდით და სამი დაჭრილი სამხედრო მეწვა კალთაში, გორის გასასვლელში მიწაზე დაგდებული დაჭრილი ბიჭი დავინახე. „წამიყვანეთ, წამიყვანეთ!“-ო ყვიროდა ისე განწირულად, ეს ხმა ახლაც ხშირად ჩამესმის და მზარავს. ვერ გავაჩერეთ, რადგან უკან ბომბდამშენი მოგვყვებოდა, რომელმაც შავშვებამდე გვდია და თან ბომბებს გვიყრიდა შორიახლოს. თბილისში რომ ჩამოვედით, იმდენად დაბნეული ვიყავი, აზრზე რომ მოვედი, საბურთალოს ნაცვლად, რუსთავის გზაზე ვიდექი. ტაქსმა რომ გამიჩერა, შოკისგან მისამართს ვერ ვიხსენებდი. იმ ღამეს ძლივს მივაღწიე სახლამდე განადგურებულმა.

ამ ომის შემდეგ, ჩვენს ხეობაში ვეღარასდროს დავბრუნდით. ერთი წელი დიდ დიღომში, საბავშვო ბაღში ვცხოვრობდით. ამ ერთი წლის შემდეგ კი კოდაში ჩაგვასახლეს, სხვადასხვა სოფლებისა და თემების მოსახლეობა შერეულად. ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მაგალითად, ჩვენ საკმაოდ შეკრული თემი ვიყავით და მობილიზება შეგვეძლო, რაც, ალბათ, მთავრობას არ აწყობდა. აქ ჩამოსახლებული სხვადასხვა სოფლისა და თემის დაქსაქსული მოსახლეობის ერთმანეთთან ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მახსოვს, აქ ყოველდღე ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო. კოდაში ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა ბევრი სხვა რამის გამოც. არავის გვქონდა სამსახური და არც სხვა სამუშაო. მე თან ორი სტუდენტი მყავდა სარჩენი, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბოლოს, ქალებმა ეზოს ცოცხებისთვის სპეციალური მცენარის შეგროვება დავიწყეთ და მისგან დამზადებულ ცოცხებს 80 თეთრად ვაბარებდით. ერთი წელი ამით გაგვქონდა თავი. შემდეგ ეს სათემო განათლების ცენტრები რომ გაიხსნა, აქ დავიწყე მუშაობა და მეგონა, ახლად დავიბადე. ამან გადამარჩინა – სხვაზე ზრუნვა მეხმარებოდა, ჩემი თავისთვისაც მეშველა. ამ ცენტრში გაიარა მთელმა ჩვენმა დასახლებამ ადაპტაცია, ასევე ბევრმა შეიძინა სხვადასხვა ცოდნა და უნარები. ეს ზრდასრულთა განათლების ცენტრია და ბევრი პროგრამა გვაქვს, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ყველამ იცის ჩემ გარშემო, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, ამ ცენტრის დამსახურებაცაა.

ომის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. ეს დედამიწა იმხელაა, რომ ყველას დაგვიტევს, ოღონდ მშვიდობა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს ქართველი ხარ თუ ოსი? საქართველოში თუ ცხოვრობ, ესე იგი შენიცაა ეს ქვეყანა. ჩვენს რეგიონში, თითქმის არ არსებობდა ოჯახი, ქართველებს და ოსებს რაიმე ნათესავური კავშირები არ ჰქონოდათ ერთმანეთთან. ჩემი დედამთილიც ოსი იყო და სხვა არაჩვეულებრივი ოსი ნათესავებიც მყავს. ამ ომში ოსებიც იგივენაირად დაზარალდნენ, როგორც ჩვენ. მესმის, რომ 90-იანი წლების შემდეგ წამოსულ ოს ახალგაზრდობას ჩვენ ვგონივართ აგრესორები და არა რუსები, რადგან სხვა პროპაგანდით გაიზარდნენ. მაგრამ წინა თაობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ ერთად როგორ ვცხოვრობდით. ოსებმა და ქართველებმა ერთმანეთს არ უნდა დავაბრალოთ ის, რაც დანაშაულის სახით ორივე მხარეს მოხდა. ამ ომში ქართველებიცა და ოსებიც მსხვერპლი ვიყავით.

ამდენი უბედურება რადგან გადავიტანე და ოსებმა ქმარი მომიკლეს, ვერავის წარმოედგინა, რომ შვილებს მათი სიძულვილით არ გავზრდიდი. მთელი ექვსი თვე შევიფარე ერთ-ერთი ოსი, ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ. ვიცი, ამის გამო ბევრი ცუდსაც ამბობდა ჩემზე, მაგრამ ამის არ შემშინებია. ამ კონკრეტულ ადამიანს არაფერი დაუშავებია ჩემთვის გარდა იმისა, რომ ოსი იყო. ჩემს შვილებსაც ყოველთვის ვასწავლიდი, რომ მთავარია, სამართლიანად მოექცნენ ადამიანებს და სხვის ნაცვლად პასუხი არავის აგებინონ. შვილებში ოსების სიძულვილს არასოდეს დავუშვებდი და ამიტომ, მათ ისევე აქვთ მეგობრული ურთიერთობა ბევრ ოსთან, როგორც მე.

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური