მაია გოჩაშვილი, 45 წლის, ცხინვალი/წეროვანი

„მე დევნილობის „პირველ ტალღაში“ მოვყევი, 91 წელს წამოვედი ცხინვალიდან და მას მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. დედა მყავს ახალგორის რეგიონიდან, შესაბამისად, იქაც დავკარგე ჩემი საყვარელი ადგილი. 2008 წლის ომის შემდეგ ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად.

დავიბადე და გავიზარდე ცხინვალში. იქ ვსწავლობდი სკოლაში. ცხინვალის ინსტიტუტში მხოლოდ ორი წელი ვისწავლე და იმ საშინელი კონფლიქტის შემდეგ გადმოვედი თბილისში და რამდენიმე წელი დეიდასთან ვცხოვრობდი. სხვადასხვა ადგილებში მიწევდა მუშაობა და 1995 წელს, როდესაც ქვეყანაში მძიმე სიტუაცია იყო და არაფერი სასიხარულო და განსაკუთრებული არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მოვხვდი მოძრაობაში, რომელსაც ქვია „რწმენა და სინათლე“. ეს მოძრაობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და აერთიანებს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს და მოხალისე მეგობრებს. თბილისში ასეთი ორი სამეგობრო არსებობს და მიხარია, რომ ერთი ასეთი სამეგობრო არსებობს წეროვანის დევნილთა დასახლებაშიც. როცა ამ მოძრაობის შეხვედრაზე პირველად წავედი, ისე ვიყავი განწყობილი, რომ რაღაც უნდა მესწავლებინა და გამეკეთებინა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის. პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება მე თვითონ ვისწავლო ბევრი რამ. გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანებს, მიუხედავად მათი შეზღუდულობისა, მრავალი ტალანტი გააჩნიათ! მაგრამ მათი მთავარი ტალანტია – მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ! შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხარ! სამაგიეროს არაფერს ითხოვენ, მხოლოდ შენთან მეგობრობა სურთ და უნდათ, რომ მათი ცხოვრების ნაწილი გახდე. თითქოს თვალი ამეხილა, ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო გახდა ამ ადამიანების სილამაზე და ბედნიერი ვარ, რომ უკვე 20 წელია ერთმანეთის გვერდით ვართ და ვმეგობრობთ!

სამეგობროს შეხვედრას ვმართავთ თვეში ერთხელ და საკმაოდ საინტერესოდ ვატარებთ დროს -ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს სხვადასხვა თემაზე, ვმღერით, ვცეკვავთ, ვდგამთ მონოსპექტაკლებს, აღვნიშნავთ ერთმანეთის დაბადების დღეს, მივირთმევთ ნამცხვარს, ჩაის… ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შეხვედრებით არ შემოიფარგლება, ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს, ერთად ვსეირნობთ, დავდივართ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე…

შეხვედრების გარდა, წელიწადში ერთხელ გვაქვს ბანაკი, სადმე საინტერესო ადგილას მივდივართ და რამდენიმე დღე, როგორც ოჯახი, ერთად ვცხოვრობთ. ერთად ვამზადებთ სადილებს, ერთად ვალაგებთ სახლს, დავდივართ პიკნიკზე და ასე ვატარებთ 5-6 დღეს. სულ იყო ფიქრი, რომ „მე ვაკეთებ ამ მოძრაობისთვის“, მაგრამ გარკვეული დროის მერე დგება ისეთი მომენტი, როდესაც ამჩნევ, რომ ეს მოძრაობა არის შენთვის, ის გეხმარება. სიმართლე გითხრათ, 90-იან წლებში ,,რწმენა და სინათლე“ ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გამხდარიყო, უფრო მშვიდი და გარდა ამისა, შემეძინა ძალიან ბევრი მეგობარი. არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც. დღეს ეს ადამიანები, ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.

2008 წლის ომის შემდეგ ბებიას, რომელიც ახალგორიდან იყო, მისცეს სახლი წეროვანში. ვინაიდან ის ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, მე და დედა ბებოსთან გადმოვედით საცხოვრებლად. შემდეგ მამაც ავად გახდა… ბებოც და მამაც თითქმის ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ… ვიჯექი სახლში, არაფერი მინდოდა… ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს, ნანასგან (ნანა ჩქარეული) გავიგე, რომ არის პროექტი, რომელიც რამდენიმე ქალს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ტიხრული მინანქარი. რაღაცნაირად სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს იმიტომ, რომ ვთვლიდი, ამას მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებოდა, ხატვა უნდა შეგძლებოდა, რომ მიხვიდე და რაღაც სილამაზე შექმნა ვერცხლში. ამიხსნეს, რომ ეს სრულებით არ არის აუცილებელი. სიმართლე გითხრათ, ისე გამიკვირდა, იცით?! თავიდან ძალიან გამიჭირდა ტიხრის ხელში აღება, მაგრამ სამი ნამუშევრის გაკეთების შემდეგ, მივხვდი, რომ შემიძლია რაღაცის გაკეთება. მოკლედ, ძალიან მსიამოვნებდა სწავლის პროცესი და პროექტის დასრულების შემდეგ, მე დამტოვეს სახელოსნოში, როგორც თანამშრომელი და უკვე სამი წელია აქ ვმუშაობ.

თამამად ვიტყვი, გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ყველაზე კარგი სამსახური, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმიტომ, რომ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს დროში, მაგრამ, როგორც წესი, ყოველდღე ერთი და იგივე დროს მოვდივარ და ერთი და იგივე დროს მივდივარ, ეს არის ღამის 11 საათი, ხანდახან 12-ზეც შეიძლება წავიდე. ამას იცით რატომ ვამბობ? ხალისით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მართლა მიყვარს ეს საქმე და მუშაობისას ისე სწარაფად გადის დრო, ვეც ვიგებ.

ამ ნამუშევრებს ვყიდით. გარდა ამისა, გვაქვს ვორკშოფები, განსაკუთრებით უცხოელები ესწრებიან და მათთან ერთად ვაკეთებთ სხვადასხვა სამკაულებს. ვასწავლით მათ თავისი ხელით ამ სილამაზეების კეთებას. ასეთი საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ. ჩვენს ნამუშევრებს აქაც ვყიდით, სახელოსნოში და გარდა ამისა, თბილისში ლესელიძის 53 ნომერში, მაღაზიაში ვაბარებთ. ასევე, ფეისბუქზე გვაქვს გვერდი „იკორთა“, საიდანაც შესაძლებელია შეკვეთის მიღება.“