მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„მე ვარ მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის. მყავს ერთი შვილი, რომელიც ერთი წლის ხდება მალე და მეუღლე. ვცხოვრობ თბილისში და განათლებით ვარ სპეციალური პედაგოგი. ნორვეგიაში ვსწავლობდი სპეციალური პედაგოგის სპეციალობას. მანამდე ბაკალავრი დავამთავრე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის სწავლა უნივერსიტეტში თბილისში და მერე იმიტომაც უფრო მეტად მომინდა, რომ მაგისტრატურაში საზღვარგარეთ მესწავლა რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, სადაც გარემო უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩემთვის. ფაქტობრივად არაფერი არ იყო და ახლაც რომ ჩავაბარო, ზუსტად იგივე სიტუაცია დამხვდება. ლექტორები აქეთ მე მეკითხებოდნენ – როგორ უნდა ჩააბარო გამოცდა და როგორ უნდა გამოგკითხოთო. პირველად ნახეს უსინათლო სტუდენტი ჩემი სახით და არანაირი მზაობა არ ქონდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. არაფერი არ იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი – არც ფიზიკური გარემო და არც ტესტები. ძირითადად ზეპირად ვაბარებდი ლექტორებს გამოცდებს. არც ჩემს მერე შეცვლილა იქ სიტუაცია, როგორც სხვა სტუდენტები ყვებიან. ერთადერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კომპიუტერში ხმოვანი პროგრამა ჩაწერა და ბრაილის პრინტერი იყიდა. ეს პრინტერი მხოლოდ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაშია და გამოყენებადიც არ არის, როგორც ვიცი, დგას ფორმალურად.

ზოგადად ძალიან ბევრი ბარიერი არსებობს შშმ პირების მიმართ, ქალის მიმართაც ხომ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და როცა იკვეთება ეს ორი ერთმანეთთან, კიდევ უფრო რთულია. ბავშვობაში, მაგალითად, ჩემი ოჯახი მე და ჩემს დას, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, აბსოლუტურად თანასწორად გვზრდიდნენ და თანაბრად გვთხოვდნენ. არც მეტი და არც ნაკლები მოლოდინი ჩემგან არ ქონიათ და ვიყავი დამოუკიდებელი – როგორც ის დაძვრებოდა ხეებზე და მოაჯირებზე, ისე დავძვრებოდი მეც, ანუ არანაირი შეზღუდვა თუ ბარიერი ოჯახის მხრიდან არ მქონია. მერე უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდი და იქაც თავისუფლად ვგრძნობდი თავს, აი, სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, რაც უფრო დავიწყე გაპრანჭვა, გამიჩნდა მეტი ინტერესი და მეტი რაღაცეები დამჭირდა, მით უფრო შევიზღუდე. ოჯახიც უკვე სხვანაირად უყურებდა ამ ყველაფერს. ქალებს სულ რაღაცეებისგან იცავენ თითქოს, მაგრამ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოსთვის, კიდევ მეტი შეზღუდვა იყო. მერე როცა უკვე შეყვარებულიც მყავდა, მანდაც პრობლემები მქონდა იმიტომ, რომ ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდნენ ოჯახის წევრებმა, გარემოდან გამომდინარე და იმიტომაც, რომ მანამდეც ასე იყვნენ მიჩვეულები. ამიტომ, მინდოდა თუ არ მინდოდა, მე რაღაცეები უნდა მეთქვა. სხვა გზა არ იყო, ანუ არ შემეძლო, რომ არ მეთქვა და ეს არც მათთვის ყოფილიყო უცნაური და არც ჩემთვის. ეგ პერიოდი ნამდვილად ძალიან რთული იყო. უსინათლო კაცებისთვისაც გარემო იგივეა, ანუ არაადაპტირებული, მაგრამ მათთვის ამდენი ბარიერი არ არის მაინც. თუნდაც, მუდმივად თქვას ზუსტად სად მიდის და რამდენი ხნით. საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთია, ძალიან ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის ქუჩაში ვიღაც სრულიად უცხო ადამიანს – შენ მარტო რატომ გიშვებენ, მშობლები არ გყავს? ჰო, გონიათ, რომ არ უნდა ვიყო დამოუკიდებლად გარეთ.

მახსოვს, ნორვეგიაში გასულა ერთი თვე ისე, არ გამხსენებია, რომ ვერ ვხედავ. ჩვეულებრივ სტუუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობი, მყავდა ორიენტაციისა და მობილობის ტრენერი, რომელმაც მასწავლა გარემო თავიდან რომ ჩავედი. მერე უკვე აბსოლუტურად ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. პირველად რომ გავიაზრე, რამდენი ხანია არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ვერ ვხედავ და არც არავის უგრძნობინებია ეს, ძალიან გაოცებული ვიყავი.

ძალიან გამიმართლა, თუ არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მეუღლესთან სრულიად თანასწორად ვგრძნობ თავს, ანუ ისიც ისე აკეთებს სახლში ყველაფერს, როგორც მე. ერთი ფაქტორი ალბათ ისიც არის, რომ ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ანუ მცირემხედველია და ჩემი პრობლემები, რაც უსინათლოობიდან გამომდინარეა, კარგად ესმის. მაგრამ, რაც შეეხება ქალის მიმართ ქმრის დამოკიდებულებას, რაც ხშირად არასწორი და უხეშია საქართველოში, მაგ მხრივ პრობლემები ნამდვილად არ მაქვს, საბედნიეროდ.

ეხლა მე ვმუშაობ ჩემი და ჩემი დის დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ჩვენ ვმუშაობთ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების პრობლემებზე – განათლება, რეაბილიტაცია, გარემოს ხელმისაწვდომობის მიმართულებებით. ის პრობლემა ნამდვილად არის უსინათლო გოგონებშიც, რომ ნაკლებად აქტიურები არიან გარეთ. უფრო მეტი ბარიერია გოგონებისთვის და ვიღაცეები უბრალოდ ნებდებიან. თან როდესაც არც სწავლის დროს შეეწყოთ ხელი… აი, ვიცნობ ახლაც ახალ სკოლადამთავრებულ გოგონებს, რომლის მშობლებიც ამბობენ რომ მას განათლება არ სჭირდება. ერთი უსინათლო იყო, რომელსაც ბებია ზრდიდა და ამბობდა, რომ მე ოჯახში ჩემებს ვერ ვაგებინებ, რომ ამ ბავშვმა თბილისში ისწავლოს და ბინის ქირა გადაგვიხადონო. რაიონიდან არიან. ეს რომ ბიჭი იყოს, უფრო დაგვტოვებდნენო. მაგრამ, რადგან გოგოა, დაამთავრა სკოლა, წავიდა და თავის რაიონში ზის ახლა სახლში. ოჯახები ვერ იაზრებენ, რამდენად ათმაგად და ასმაგად უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებად აქცევენ თვითონ, ვიდრე რეალურად იქნებოდნენ ეს გოგონები სწორი აღზრდის პირობებში.”