მარიტა ჭანიშვილი, 14 წლის, თბილისი

მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები
——————————————————————
“ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ისევ ძველ, საბჭოთა დროში არიან ჩარჩენილები. ამგვარი დამოკიდებულებები მგონი, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი პირველად რომ გაგვეცნო, ბიჭებს უთხრა, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიექციათ მისი საგანისთვის ყურადღება, რადგან ეს საგანი, როგორც წესი, ბიჭებს უფრო გამოადგება ცხოვრებაშიო. სახლში რამე რომ გაფუჭდეს, თქვენ უნდა მიხედოთო. მსგავს რამეებზე ბავშვებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. პირიქით, გოგოებისა და ბიჭების უმეტესობაც ამ აზრზეა. თან, მასწავლებელს რომ შეეპასუხო, ან რაიმე განსხვავებული აზრი გამოთქვა, შეიძლება ამის გამო პრობლემაც შეგიქმნას. რამდენჯერაც რაიმე გამიპროტესტებია და განსხვავებული აზრი გამომითქვამს, სულ წინააღმდეგობას ვიღებ. შეიძლება ბავშვებს დასჯისაც ეშინიათ და ამიტომ არიან ჩუმად, მაგრამ ხშირად ალბათ მასწავლებლების მსგავსად ფიქრობენ ისინიც. ერთხელ კლასის დასალაგებლად მარტო გოგოები დაგვტოვეს. მე მეზარებოდა დალაგება და მახსოვს ერთ-ერთმა კლასელმა მითხრა – „აბა, რომ გათხოვდები ქმარმა უნდა დაგილაგოს სახლი?!“.

განათლების ხარისხი
————————————————
“სწავლის ხარისხი დღევანდელ განათლების სისტემაში საკმაოდ დაბალია. დღეს, სამწუხაროდ, სკოლა საჭირო განათლებას არ აძლევს ბავშვებს და ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი იძულებულია დამატებით მოემზადოს კერძო მასწვლებელთან. ასე ვარ მეც. რამდენიმე საგანში ვემზადები. თუმცა, გარდა კერძო მასწავლებლებთან სიარულისა, ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია სხვა წიგნებიდან და ინტერნეტიდან მივიღო – ვისმენ ლექციებს, რომ უკეთესად გავიგო კონკრეტული საკითხი, მაგალითად, მათემატიკაში ან ბიოლოგიაში. ასევე, სხვადასხვა ტიპის ცდებს ვუყურებ, რადგან ასეთ ცდებს სკოლაში არასდროს ვატარებთ. ასეთ ლექციებს რომ ვისმენ, ვხვდები, რამდენად სხვანაირი და ჩვენზე უკეთესი მიდგომები აქვთ კონკრეტული საგნების მიმართ საზღვარგარეთ. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ბავშვებს ხშირად გვბეზრდება გაკვეთილებზე ჯდომა და მოსმენა. ალბათ ამიტომაც ეკარგებათ მერე მათ სწავლის მიმართ ინტერესი. ამ ვიდეობში კარგად ჩანს როგორ არიან ბავშვები ჩართულები გაკვეთილის პროცესში, გამოთქვამენ აზრს, სვამენ კითხვებს, ატარებენ ცდებს, ამზადებენ ვიდეო პრეზენტაციებს, და ა.შ. საქართველოში კი გაკვეთილის ახსნის დროს, ძირითადად, მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს და ზედმეტი შეკითხვებით ხელი არ უნდა შეუშალო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ მედიას სწავლისთვისა და განვითარებისთვის ნაკლებად იყენებს. ამიტომაც, ძირითადად ფიქრობენ ისე, როგორც მაგალითად მათი მშობლები და განსაკუთრებით სჯერათ მასწავლებლების, რომლებიც ასწავლიან, რომ გოგომ სახლი უნდა ალაგოს, ბიჭმა კი ფული შემოიტანოს ოჯახში. და რომ ფიზიკა და მათემატიკა ბიჭების საგნებია. გოგოებს კი ნაკლებად სჭირდებათ.”

ფობიები სკოლაში
——————————————
“ერთხელ, კლასში გოგოები ისხდნენ ჩახუტებულები. მასწავლებელმა მათ მთელი კლასის წინაშე შენიშვნა მისცა, გოგოები ასე არ უნდა ეხუტებოდნენ ერთმანეთსო. იცით, ეს რაღაცნაირი შეურაცხყოფა იყო ამ გოგოებისთვისაც და თუნდაც მაგალითად, ლგბტ თემისაც. მასწავლებლის ეს რეპლიკა რომ გავაპროტესტე, გამიბრაზდა და უხეშად წამომაგდო მერხიდან. იმ კონკრეტულ გაკვეთილზე, ამ მასწავლებელმა ბევრ ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა. მაგალითად, ერთ-ერთს უთხრა, ფეხზე ადექი, გამოდი, რომ კალორიები დაწვაო. მეორეს ეუბნეობოდა, თმა ისე გაქვს, ვედრო გაკლია და დამლაგებელი იქნებიო. ჩემს კლასელზე რომ აღარაფერი ვთქვა, ასე ხომ მაგალითად, დამლაგებლებსაც შეურაცხყოფას აყენებდა. ძალიან ხშირად, მასწავლებლები ბავშვების გარეგნულ მონაცემებზე ამახვილებენ ყურადღებას. კლასში შემოსულმა მასწავლებელმა შეიძლება ასეთი რამ თქვას – „აბა, ადექით და გეტყვით, ვინ გახდით ან ვინ გასუქდით“, ან თუ საჭმლით ხელში დაინახეს ბავშვი, შეიძლება მთელი კლასის წინაშე უთხრან – „შენ სულ როგორ უნდა ჭამდე?! გეტყობა, რომ ჭამა გიყვარს.“. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემხელა გოგოები ხშირად ჭამაზე უარს ამბობენ ან გულს ირევენ, რომ არ გასუქდნენ.

სამწუხაროდ, ჰომოფობია ჩემს თაობაში სერიოზული პრობლემაა. ამასწინათ, ერთი ტრანსგენდერი ცემეს ბათუმში და ეს ამბავი ზოგიერთ ჩემს ნაცნობს ძალიან გაუხარდა. ისინი თვლიან, რომ ეს ადამიანები ამგვარი მოპყრობის ღირსები არიან. ჰგონიათ, რომ ლგბტ ადამიანი ავადმყოფია, რომელსაც აქვს მენტალური დაავადება და რაღაცა ვაქცინებით უნდა ვუმკურნალოთ მათ. ერთ-ერთმა თქვა, რომ ეშინია ლგბტ ადამიანების გამო კაცობრიობა არ გადაშენდეს. რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს სამოთხეში მოხვედრის შანსი არ აქვთ. ასეთი დამოკიდებულებების გამო ვბრაზდები ხოლმე, მაგრამ ეს ფობია იმიტომ ჩნდება, რომ მათ არ აქვთ სწორი ინფორმაცია ამ თემებზე. სიტყვა „გეისაც“ ისეთი ზიზღით ამბობენ ხოლმე, თითქოს ბინძურ ნაგავზე საუბრობდნენ. ამიტომაც, ყველა ბავშვი ცდილობს ერთმანეთს დაემსგავსნონ – ყველა გოგო იყოს ფემინური, რომელსაც მოწონს მაკიაჟი, ხოლო ბიჭების დიდ ნაწილს მხოლოდ ვიდეო თამაშები მოსწონს და ე.წ. კაი ბიჭურ ცხოვრებაზე ლაპარაკობენ. ასეთია წესები. ამიტომ, ცდილობ იყო ისეთი, როგორიც სხვას უნდა, რომ იყო და ეს იმისათვის, რომ მიგიღონ და გემეგობრონ. ხშირად, ალბათ, ამ შიშის გამო ვერ იღებენ ადამიანები ხმას ლგბტ თემის წარმომადგენლების დასაცავად. შიშობენ, რომ მათ თუ დაიცავებ, ისინიც დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდებიან.

რაც შეეხება რელიგიას, სკოლაში ხშირად ამბობენ, რომ ერთადერთი ღმერთი იესო ქრისტეა, რომ ყოველდღე ეკლესიაში თუ არ ვივლით, ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებით ამ ყველაფერს ამბობენ, მაგალითად, ჩემი მუსლიმი კლასელის თანდასწრებით. მასწავლებლები მას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. მას ენის ბარიერიც აქვს, რადგან ქართულად გამართულად ვერ საუბრობს. ამიტომ, განათლების პრობლემაც ექმნება, მაგრამ ერთხელ ერთმა მასწავლებელმა უთხრა, შენ მაინც მეცხრე კლასიდან გათხოვდები და წახვალ სკოლიდანო. აი, ასე, თვლიან, რომ ეს პრობლემა არ არის და თან ამ გოგოსთვის სწავლა არც არის საჭირო. სამაგიეროდ, თუკი გაიგებენ, რომ რომელიმე ბავშვი სტიქაროსანია, სულაც რომ არ სწავლობდეს, ის მაინც კარგ და განსაკუთრებულ ადამიანად ითვლება. და მეტიც, შეიძლება ნიშანიც კი მოუმატონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის სტიქაროსანია. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი გაკვეთილები, სადაც მსგავს თემებზე იქნება საუბარი. თუკი გაკვეთილზე სხვა თემებზე ლაპარაკობენ მასწავლებლები, ძირითადად, ეს თემები მათ ოჯახურ ამბებს უკავშირდება. ამიტომ, ბავშვს თავად თუ არ აინტერესებს და არ სწავლობს, სკოლაში ალტერნატიულ ცოდნას ვერ იღებს.

სკოლის ინფრასტრუქტურა
——————————————-
ჩვენი სკოლის ტუალეტი და ბუფეტი საშინელ მდგომარეობაშია. ბუფეტი მიწის ქვეშ არის, სადაც საშინელი სუნი დგას და არც შუქი აღწევს. რაც შეეხება ტუალეტებს, ე.წ. თურქული ტუალეტებია, რომლებსაც საერთოდ არ წმენდენ. საპონი სასწავლო წლის დასაწყისში იყო სავსე და მას მერე აღარ შეუვსიათ. ტუალეტის კაბინებს არ აქვს კარი და ხელს ვერაფერზე გაიმშრალებ. კედლებზე რომ საშინელებები წერია და ამას არასოდეს ღებავენ, ეს ცალკე თემაა. არადა, ლაპარაკია თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სკოლაზე.”

ჩემი თაობის „ტრენდები“
———————————————
“ტრენდია, რომ ჩემი თაობის ბიჭები უნდა „ძველბიჭობდნენ“, რუსულ რეპს უსმენდნენ და „ქურდული ცხოვრება“ უნდოდეთ. გოგოებს კი ასეთი „ძველი ბიჭები“ მოსწონდეთ. ბიჭი უნდა ეწეოდეს და იგინებოდეს. გოგოები კი, ბიჭების წრეში მოსახვედრად და მათთვის თავის მოსაწონებლად, ასევე, მოწევას, გინებას და ფეხბურთის ძალით მოწონებას იწყებდნენ. სწავლის მიმართაც ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებაა. თითქოს, თუ ათოსანი ხარ, სწავლის მეტი არაფერი გაინტერესებს და სულ წიგნებში ხარ თავჩარგული. დაბალი ნიშნები თუ გყავს, უფრო მაგარი ტიპი ხარ, რადგან ე.ი. ჰობი გაქვს, გარეთ გადიხარ გასართობად და ბევრ სხვადასხვა რამეს აკეთებ. ტრენდია ისიც, რომ 14-15 წლის გოგოები და ბიჭები უკვე ეწევიან, თუ არ ეწევი „ბანძი“ ხარ. ბიოლოგიაში გვქონდა მოწევაზე გაკვეთილი, მაგრამ მასწავლებელი ამ გაკვეთილს რატომ გადაახტა, არ ვიცი. არადა, ვფიქრობ ამ თემაზე ჩემხელა ბავშვებთან საუბარი ძალიან საჭიროა. ისევე, როგორც გამრავლების, სქესობრივი განათლების თემაა მნიშვნელოვანი, რომელიც მასწავლებელმა აუხსნელად მოგვცა, სახლში წასაკითხად. ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ბიჭმა რაღაც ვერ გაიგო ამ გაკვეთილიდან და მასწავლებელს რომ კითხა, გასაბერი გოგო იყიდე და გაიგებო, ასე უპასუხა.”

„კლასგარეშე“ ინტერესები
———————————————–
“ძალიან მიყვარს კითხვა და ბევრს ვკითხულობ. უფრო ხშირად, ინტერნეტის საშუალებით ვპოულობ იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე ბევრს კითხულობენ, გვაქვს საერთო ინტერესები და სწორედ მათთან ვსაუბრობ ამ წიგნებსა და თემებზე. შეიძლება ისე დაუმეგობრდე ინტერნეტში ადამიანს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც გააგრძელო მეგობრობა. მაგალითად, სულ პირველად იყო ჰარი პოტერი და ვირტუალური ჰოგვორსტის ჯგუფი. ვითომ მართლა დადიოდი ჰოგვორსტში, სადაც სხვადასხვა თემებს გაძლევდნენ. მხოლოდ ჰარი პოტერის თემაზე წერდი და აზიარებდი ცოდნას. ახლა დაიშალა ეს ჯგუფი. მე მყავს, მაგალითად, მეგობრები, რომლებიც ასეთ ჯგუფებში გავიცანი ინტერნეტით, საერთო ინტერესების გამო და ეს გადაიზარდა რეალურ მეგობრობაში. დღესაც რამდენიმე მსგავს ჯგუფში ვარ გაერთიანებული. სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს სხვადასხვა წიგნის შესახებ და მომღერლებისა თუ ჯგუფების შესახებ. ახლა კორეულის სწავლა დავიწყე დამოუკიდებლად. უკვე ვიცი ანბანი, შემიძლია კითხვა. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავ, შევდივარ ინტერნეტში სპეციალურ საიტებზე და ვმეცადინეობ. ამ ბოლო დროს დედაჩემი ნაწერების თარგმნაც დავიწყე, რამდენიმე მიზეზის გამო – მინდოდა ჩემი ინგლისურის ცოდნა შემემოწმებინა – რამდენად შემეძლო კარგად თარგმნა და მქონდა თუ არა სიტყვების საჭირო მარაგი, და რა თქმა უნდა, მინდა, რომ დედასაც დავეხმარო და მისი მოთხრობები მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის არ იყოს და მათ შესახებ სხვებმაც გაიგონ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური