მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს.
დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა. ორნი ვიყავით – უფროსი ძმა მყავდა და მე ვიყავი მერე, მეტი ვერ მოასწრეს. დედაჩემი, რაც შეეძლო, არაფერს გვაკლებდა, მაგრამ ძალიან რთული იყო, იმ პერიოდში თუ ომში იყო ვინმე წასული, მის ოჯახს ეხმარებოდნენ, მაგრამ რეპრესირებულის ოჯახს – არა. დედაჩემს ოჯახიც ეხმარებოდა, ხელს უწყობდნენ და ამის გამო, უჭმელობა არ გვიგრძვნია. ჩვენ მიმართ ხალხს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა, დედაჩემიცა და მამაჩემიც ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ მეზობლებში, არავინ გვავიწროვებდა, პირიქით. აშკარად ვერ აკეთებდნენ ამას, მაგრამ, მაგალითად, სოფლის თავმჯდომარე სულ ცდილობდა, რომ დახმარებოდა ჩვენს ოჯახს და ყოველმხრივ გაეწია ანგარიში.
ასე ვიზრდებოდი. სკოლაში მოწინავე ვიყავი, ფრიადოსანი. სულ გამოვდიოდი მოხსენებებით, იმით, ამით… მოხსენება დავწერე, დირექტორმა სამასწავლებლოში წაიკითხა, ერთი ჩემი მეგვარე ქალი იყო და იმან უთხრა, ამ მოხსენებას რომ წაიკითხავს ეს, მოსული რომ იქნებიან და იკითხავენ, ვისი შვილია, რას ეტყვი, სამშობლოს მოღალატის შვილიაო?! ამ დირექტორმა დიდი მორიდებით ჩამომართვა ეს მოხსენება, არ გავაო და მისცა სხვას, ჩემს ამხანაგს. მეწყინა, რა თქმა უნდა, მარა რას ვიზამდი…
10 წლის რომ გავხდი, სურათი გადავიღე და გავუგზავნე მამაჩემს, მასაც გადასახლებაში ყოფნის ათი წელი უსრულდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი მასთან ერთად გადასახლებული დაიღუპა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს. მერე მამაჩემი მიყვებოდა, მოგვისაჯეს, რომ დღეში მხოლოდ 200 გრამი პური უნდა გვეჭამა და ბევრს მაგაზე გაუსკდა გული, ამით როგორ უნდა ვიკვებოთო, როცა ერთ ჭამაზე ჭამდნენ ერთ “ბუხანკა” პურს. თვითონ ეკონომისტი და ყველაფერში ძალიან ზომიერი ადამიანი იყო, ცხოვრებაში, ჭამაშიც… იქედან გვზრდიდა. წერილებს რომ ვუგზავნიდი, იმას შეამოწმებდა და მერე მომწერდა, აი, აქ მძიმე უნდა იყოსო. იქედან მასწავლიდა ამას.
47-ში ჩამოვიდა მამაჩემი. მაშინ ქობულეთში სანატორიუმი შენდებოდა და იქ დაიწყო მუშაობა. 1949 წელს ისევ დაიწყეს იმათი დაპატიმრება, ვინც 37-ში იყო დანაპატიმრები და იმათიც, ვინც ომში იყო, ტყვედ ჩავარდა და უკან ცოცხალი დაბრუნდა. აგენი ყველა მოხიკეს და დააპატიმრეს. დააპატიმრეს მამაჩემიც და ამჯერად უვადოდ გადაასახლეს კრასნოიარსკის მხარეში. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა, 55-ში რეაბილიტაცია გაუკეთეს და უთხრეს, თქვენ მართალი იყავით, ტყუილად გაწამეთ ამდენიო და გაათავისუფლეს. პატიმრობაში, ჯამში, 26 წელი გაატარა.
ჩამოვიდა და მერე დიდხანს მსახურობდა ოზურგეთში, სახვაჭრობაში მუშაობდა. 82 წლის გარდაიცვალა, ამდენი წამება გადაიტანა და 82 წელი მაინც იცოცხლა. მიუხედავად ყველაფისა, ცუდს ვერ ათქმევინებდი, ზოგადად თუ იტყოდა რამეს. შეიძლება, იმდენად იყო დაშინებული, რომც ჰქონოდა მოსაყოლი, არ მოყვებოდა. თავისი თავის გამო არ ეშინოდა, უფრო ჩვენ გამო, რამე არ დაგვშავებოდა.
მისი დღიურების მცირე ნაწილია შემორჩენილი, იქ ისეთი რაღაცებია აღწერილი, როგორ ამოყოფებდნენ უწყლო შიმშილში 11 დღე, სახელი და გვარები, მარტო ამ რაიონის, მარტო ქართველების… 37-ში იყო სამეული, ის სამეული რომ დაადებდა ხელს ოჯახს, მივიდოდნენ და დააპატიმრებდნენ. ასე დააპატიმრეს მამაჩემიც. მამაჩემი რომ ჩამოსული იყო, ერთ-ერთი ამ ამბების მონაწილე გაზეთების დამტარებლად მუშაობდა მაშინ, ჩვენთანაც მოდიოდა. მამაჩემმა იცოდა, ვინც იყო, მიიღებდა, მაგიდასთან თუ ვისხედით, მოიპატიჟებდა, ღვინოს დაალევინებდა და გაუშვებდა. არაფერს ეტყოდა.
“მონანიება” რომ გადაიღეს, გაჟონვა ჰქონდა და ლოგინში იწვა. ჩემი შვილი მაშინ სტუდენტი იყო, ჩამოვიდა და მოუყვა, ბაბუა, ასეთი ფილმი ვნახეო. მოუსმინა და – იცი, რა ბაბუა, ჯერ კიდე ადრეა მასეთი კინოს გადაღება, იმათი შთამომავლები და ისინიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიანო. ამხელა შიში ჰქონდათ…“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური