მზია ჭანტურია, 60 წლის, გაგრა

„1992 წელს ქმარი გარდამეცვალა, არეულობა დაწყებული იყო უკვე აფხაზეთში. ქმრის გარდაცვალებიდან 40 დღის მერე წამოვედით გაგრიდან მე და ჩემი ორი შვილი, პატარები იყვნენ, გოგო 9 წლის და ბიჭი – 7 წლის. აი, სასეირნო გემები რომ არის, იმით წამოვედით. ამ გემზეც ძლივს მოვხვდით, იმხელა რიგი იყო. მთელი ღამე მოვდიოდით ბათუმამდე. გზაში ძალიან გვეშინოდა, ვინმე არ დაგვსხმოდა თავს. მაგრამ შიშით და წვალებით ჩამოვედით ბათუმში. ახლა ჩემი სახლი გაგრაში დამწვარია.

თუმცა დარჩენის მიზნით არ ჩამოვსულვარ თბილისში. ბიძაშვილი მყავდა აქ და მითხრა ბავშვები ჩამომიყვანეო. 1 ოქტომბერს ჩამოვედით და 2-ში გაგრა აიღეს. შიშველ-ტიტველი დავრჩით. სატინის კაბა მეცვა და იმით დავრჩი. ბავშვებს კი, სკოლის წიგნები ჰქონდათ წამოღებული. მეტი არაფერი, ამით ჩამოვედით. ერთი თვე ბიძაშვილთან ვიცხოვრე და მერე მთავრობამ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ჩაგვასახლა ერთ პატარა ოთახში, რომელიც 25 კვადრატული მეტრია. 12 ადამიანი ვცხოვრობდით ამ ოთახში. 1992 წლიდან აქ ვართ ჩასახლებული. საშინელი კოპრუსია. ზანზარებს შენობა, დასანგრევია. თაგვები ისე დადიან და შემოდიან, როგორც საკუთარ სახლში. უვარგისია ეს კორპუსი საცხოვრებლად.


ვწვალობდი, ჯიხურში ვმუშაობდი, ხანდახან ბავშვები მანდ დამყავდა სამეცადინოდ, დამაყაჩაღეს კიდევაც ერთი-ორჯერ, ბავშვებიანად რომ ვიყავი ისეთ დროს. წვალებით გამოვზარდე შვილები. ახლა სამსახური არ მაქვს და დევნილობის შემწეობით და პენსიით ვცხოვრობ.

იქაურ ცხოვრებას და აქაურს საერთოდ არ შევადარებ. იქ მათხოვრად ყოფნა მირჩევნია აქ გაჩერებას. აქ ჩვენ არავინ ვართ. როგორიც არ უნდა იყო, მაინც დევნილი გქვია და ადამიანად არ გთვლიან. 24 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ჩემი ოცნება გაგრაში დაბრუნებაა. რაც არ უნდა მქონდეს აქ, ხვალ რომ მითხრან დაბრუნება შეგიძლიაო, ერთი წუთით არ დავფიქრდები, ისე წავალ.“