მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი,  ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით, აქ ცხოვრებით.

ჩემს ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვაზთან და მეღვინეობასთან შეხება, ბაბუა მყავდა, მაგალითად აგრონომი, მამაჩემიც აყენებდა ღვინოს, ჩემი ძმაც ერკვევა ამ ამბავში. დროთა განმავლობაში შემიყვარდა მეც ვაზი და მასთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ბედი.

თავიდან დავიწყე მევენახეობით, გავაშენე ვაზი. სულ თავიდან ვმუშაობდი ვაზის სანერგე მეურნეობაში, რომელიც ჩვენს სოფელში დაარსდა. იქ დავიწყე მუშაობა, შემდეგ ანაზღაურების სახით წამოვიღე ვაზი და 500 ძირი დავრგე. მეორე წელს 200 ძირი დავამატე და ამ ეტაპზე მაქვს 700 ძირი ჩემი გაშენებული ვაზი, 5 წლის და 4 წლის. უკვე მოსავალსაც იძლევა.

2017 წელს პირველი ღვინო დავბეჭდე ბოთლებში, ეგეც მეგობრების დახმარებით. 2018 წლის მოსავლის რაღაც მცირე რაოდენობა  დავბეჭდე, რომელიც ქვევრის გარეშე მქონდა დადუღებული და ახლა მარტის ბოლოდან უკვე ვგეგმავ ქვევრების გახსნას და, სავარაუდოდ, მაისიდან ქვევრის ღვინოც მექნება.  ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ტვიში არის მიკროზონა), ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო დგებოდა და დგება. ახლაც მეტ-ნაკლებად ასეა, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, უჭირს. მე პირადად 2018 წლის მოსავალი რომ დავბეჭდე, იყო სულ დამშრალებული, ნახევრადტკბილი აღარ იყო.

ღვინის რეალიზაცია დაწყებული მაქვს. ამჟამად ქუთაისის ერთ-ერთ ღვინის ბარში მაქვს შეტანილი მცირე რაოდენობით. ქვევრებს რომ გავხსნი, შემდეგ უკვე თბილისიდანაც და მარტვილიდანაც მაქვს შემოთავაზება. ახლა ქვევრების 700-800 ბოთლის დაბეჭდვას ვგეგმავ, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა რაოდენობა მოიმატებს და ავალ 1000-1500 ბოთლზე.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტი მქონდა შეტანილი, მარნისა და საოჯახო სასტუმროს გახსნაზე, მაგრამ უარი მივიღე. როგორც მითხრეს, საოჯახო სასტუმროებს აღარ აფინანსებენ, ამიტომ ჩემი მარნისა და საოჯახო პროექტის დაფინანსება ვერ მოხდა.

მარტო ცხოვრება სიყვარულიცაა, მიჩვევაც და სხვა ყველაფერიც. მე იმ დონეზე მიყვარს აქაურობა, რომ მირჩევნია აქ ვიყო. ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე. შეძლებისდაგვარად ვახერხებ კარმიდამოს მოვლას, მშობლებიც მეხმარებიან, ყველაფერ ამას მარტო ვერ აუხვალ. არასდროს მიფიქრია აქაურობის დატოვება, არც მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანებმა აქამდე, ჩვენამდე მოიყვანეს ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ავდგეთ და ყველა დედაქალაქში გავიქცეთ.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ წავსულიყავი ქალაქში და არ მეცხოვრა მარტოს აქ, მაგრამ მე აქ მირჩევნია ვიყო და ჩემს კარმიდამოს მოვუარო, ვიდრე თბილისში უსაქმოდ ვცხოვრობდე.

რაღაც პერიოდი რთული იყო სოფელში ქალის ცხოვრება. მითუმეტეს, ღვინის კეთებასთან მაინც კაცი ასოცირდება ხოლმე. სოფელში ჩნდებოდა კითხვა, რომ რატომ არ მივდივარ, რატომ ვრჩები აქ. მაგრამ ახლა, პირიქით, თუ ვინმეს რამე დასჭირდება, აბა, შეშის დახერხვა, აბა, ეზოს მოთიბვა და სხვა, ყველა მეძახის. ჭირს ახალგაზრდობა სოფელში. ადგილზე ვინც არის დარჩენილი, უკვე ყველა ასაკშია.

ვაზის მოვლა რთულია. გაზაფხულზე მიწა უნდა დამუშავდეს, შემდეგ გასხვლა უნდა ვენახს, დაწამვლა ხომ ყველაზე მეტი სამძიმოა, მანქანა უნდა გაიკეთო და დაწამლო, მერე არის მწვანე ოპერაციები, გამოფურჩქვნა და სხვა. რასაც მარტო ვერ ვაკეთებ, ოჯახი მეხმარება, მაგალითად, ჩემი ძმა მეხმარება შეწამვლაში. გასხვლით მხოლოდ მე ვსხლავ. არავის ვასხვლევინებ.

სოფელში საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს. გზა არ არის, მაღაზია არ არის, “ფეჩზე” ვთბებით, წყლის სისტემაც არ არის კარგად გაკეთებული.

მაისის ბოლოს იგეგმება ჰოლანდიაში მეღვინე ქალთა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ ქალები მონაწილეობას. გამოფენას ჰქვია „ღვინო და ქალები.“ ვგეგმავ წასვლას და ალბათ 99% -ით წავალ. 12 მეღვინე ქალი მიდის საქართველოდან, ერთ-ერთი მე ვარ.  ქალი მეღვინე ჩემ გარდა ლეჩხუმში არაა. რაჭაში ვიცნობ მე პირადად ერთს, რომელიც აწარმოებს რაჭულ „შავს,“ შავი ღვინოა, ხვანჭკარა.

ქალებს, რომლებიც ამ საქმეში ჩართვას ფიქრობენ, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეუშინდეთ. წინ რთული გზაა, ბევრი პრობლემით და წინაღობით, მაგრამ შემართებით და სურვილით ყველაფერი გამოვა. მომხმარებელი რომ გაღიარებს, მოეწონება შენი პროდუქტი და კმაყოფილი იქნება, ეს იქნება უდიდესი სტიმული და სიხარული, რომ აკეთოთ ის საქმე, რაც გიყვართ“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური