მუსია ქებურია, 26 წლის, თბილისი

დასაწყისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი, პარალელურად კი, სთრით არტისტი ვარ. ზოგადად, ხატვის მხრივ ეს მიმართულება ბავშვობიდან მომწონდა. პირველი შეხება სთრით არტთან მაშინ მოხდა, როცა სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი. რაღაც კონკურსი ჩატარდა უნივერსიტეტებს შორის და იქ მივიღე მონაწილეობა. მაშინ დავიჭირე პირველად ხელში „პულვილიზატორი“. ეს პროცესი იმდენად მომეწონა, რომ ამის შემდეგ ნელ-ნელა ჩემით დავიწყე რაღაც-რაღაცეების სწავლა და ხატვა. როცა ხატვა დავიწყე, მაშინ ნორმალური სპრეები არ იყო აქ. მხოლოდ უხარისხო 3 ლარიანები. არც ამ მიმართულებით ხატვის ტექნიკის შესახებ ვიცოდი რამე. ტექნიკის დახვეწა უკვე მუშაობის და გამოცდილების შემდეგ ხდება. საბოლოოდ, ეს საქმიანობა ჩემს ჰობად და ამავდროულად შემოსავლის წყაროდ ვაქციე.

პროტესტი

ზოგადად, ძალიან ბევრი მიმართულებით ვხატავ: იდეურად, ტექნიკურად, მასალებით. მაქვს პროექტები, რომლებიც სოციალურ თემებს ეხება და ეს სრულიად დამოუკიდებელი, ჩემი სურვილით შექმნილი ნამუშევრებია. არის, ასევე, კომერციული დაკვეთები, რომელიც მოთხოვნის შესაბამისადაა შესრულებული.

ვფიქრობ, ქუჩის ხელოვნება და, ზოგადად, ხელოვნება უნდა ეხმიანებოდეს სოციალურ თემებს / პრობლემებს. ბევრ ნამუშევარს გარდამტეხი როლი უთამაშია პოლიტიკაშიც, კულტურაშიც და ა.შ. ქუჩის ხელოვანს რაღაც გარკვეული ვალდებულებაც აქვს ამ კუთხით, რომ მისი ხელოვნება იყოს პროტესტის გამომხატველი. რაღაც დატვირთვა და შინაარსი უნდა ჰქონდეს ნამუშევრებს.

ჩემს შემთხვევაში, არის კონკრეტული თემები, რომლებსაც, ვცდილობ, გამოვეხმაურო ხოლმე, მაგალითად, მარჯანიშვილზე გავაკეთე ნახატი დეკრიმინალიზაციის თემაზე „არ მეფსია“. ასევე, 17 მაისის თემაზე, როცა აქტივისტებმა გადაწყვიტეს საპატრიარქოსთან ნახატების გაკეთება და ამას ძალიან ცუდი რეაგირება მოყვა. რეალურად, იგივე შემთხვევა რომ სხვაგან მომხდარიყო, ასეთი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან არ მოყვებოდა. პოლიცია საპატრიარქოს დამცველად მოგვევლინა და ისევ და ისევ აქტივისტები დაიჩაგრნენ. მათი (აქტივისტების) დაჭერა იყო მიზეზი, რომ გამეკეთებინა ნამუშევარი კედელზე, სადაც მღვდელი და პოლიციელი „ზასაობენ“. შეიძლება ძალიან ბევრისთვის ეს გამაღიზიანებელი თემა იყოს, მესმის, მაგრამ ვეცადე ჩემი სათქმელი მეთქვა ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვალე.

ნახატი გავაკეთე ღამის 1-2 საათზე. დილით კი, 6-7 საათისთვის გავიღვიძე, რომ ჩავსულიყავი და ფოტოები გადამეღო, მაგრამ უკვე წაშლილი დამხვდა. ვიცოდი, რომ იმავე დღეს წაიშლებოდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაქცია თუ მოყვებოდა, არ მეგონა.

დამოკიდებულებები

ბავშვობიდან სულ მესმის „ნუ ჯღაბნი, იკითხე!“ ოჯახში ჩემთან კითხვის კულტია, მთავარია, წიგნი გეჭიროს ხელში და მუდმივად კითხულობდე. მე რომ მხედავდნენ, მუდმივად ფანქარი მეჭირა ხელში და ვხატავდი, დამოკიდებულება სხვანაირი იყო. ეშინოდათ, რომ სამხატვროში ჩაბარების შემდეგ ვერ მოვახერხებდი თავის რჩენას, რადგან საზოგადოებასაც და ოჯახსაც ეგონა, მხატვარს გამიჭირდებოდა ცხოვრება და შემოსავლის წყაროს პოვნა. საბოლოოდ, როდესაც აკადემიაში ჩავაბარე, 92 ქულა ავიღე ხატვაში, დაფინანსება და სტიპენდიაც მოვიპოვე. ეს რომ მამაჩემმა გაიგო, პირველი რაც მითხრა იყო ის, რომ უფრო და უფრო მეტი მეხატა.

დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, ძირითადად, დადებითია. ვისთანაც ხატვის პროცესში მიმუშავია, ან ურთიერთობა მქონია, ყველასგან მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მიგრძვნია. ხშირად ვერ იგებენ თავიდან, რას აკეთებ, ან რას „აფუჭებ“, მაგრამ შედეგი ყოველთვის მოსწონთ. ხედავენ, რომ შრომას დებ, წვალობ, შრომობ და აფასებენ ამას.

კონკურენციას რაც შეეხება, დიდ ქვეყნებში მეტადაა ქუჩის ხელოვნებს შორის კონკურენციის მომენტი, ვიდრე აქ. ანუ, ვინ უფრო მეტ პროექტში იქნება, ვინ უკეთესად გააკეთებს შეკვეთას, ვის აირჩევენ და ა.შ. აქაც არის კონკურენცია, მაგრამ ძალიან ჯანსაღი. ერთმანეთს ვეხმარებით, ეს კულტურა, ქუჩის ხელოვნების, რომ წავწიოთ წინ და დავმკვიდროთ.

კვალი

ფესტივალებში მუდმივად ვიღებ მონაწილეობას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 3 დღიანი ფესტივალი იყო ხარკოვში. მერიის ხელშეწყობით წავედი ამ ფესტივალზე. იქ გავაკეთე და გავიტანე ქართული ანბანის თემატიკა. იქაც და აქაც ძალიან მოეწონათ. ძალიან გაუხარდათ, რომ ეს უბრალო ლამაზი ნახატი არ იყო და ქართული თემატიკით იყო დატვირთული. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამას. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ, ყველა ქვეყანაში სადაც მივდივარ, რაღაც პატარა კვალი დავტოვო ხოლმე. საქართველოში ჩემი ნახატები, ძირითადად, თბილისში და ბათუმშია, ასევე, ქუთაისში და ახალციხეში.

სულ ვცდილობ, კედლის მხატვრობას მივყვე და უფრო სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს. მინდა, რომ საკუთარი სახელოსნო მქონდეს. გარდა ხატვისა, სამკაულებს ვაკეთებ ხელით, და მინდა ჩემი სახელოსნო გავხსნა, რომ ბევრი მიმართულებით ვიმუშაო და წვრილ-წვრილ საქმეებსაც დავუთმო დრო.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი