ნათია ლომიძე, 33 წლის, „შინაპატიმარი“
„საბა წლინახევრის იყო, როცა დიაგნოზად ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობებით აღმოაჩნდა. ჩემმა ქმარმა 4 თვეში მიგვატოვა, ვერ გავუძლებ ამ ბავშვის ყურებასო და წავიდა.
აგერ უკვე 11 წელია მარტო ვზრდი საბას. საბას დიაგნოზის გაგების შემდეგ, დედაჩემი იტალიაში წავიდა შრომით მიგრანტად. 10 წლის განმავლობაში დედა გვეხმარებოდა, მაგრამ გასულ წელს იტალიაში მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და იანვარში დაიღუპა.
ხუთი წლიდან საბა დღის ცენტრში დამყავდა. ეს იყო ჩემთვის შვება, რადგან ამ დროს ორ სამსახურში ვმუშაობდი, და ბინის ქირასაც ვიხდიდით და საბას წამლებსაც ვყიდულობდი. პრობლემები მას შემდეგ დამეწყო, რაც ასაკთან ერთად ბავშვის ქცევითი აშლილობები გართულდა და ყველა ცენტრმა უარი გვითხრა საბასთან მუშაობაზე.
უკვე მეორე წელია სახელმწიფოს ვუჩივი, რადგან საბას მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის არანაირი სერვისი არ აქვთ და მათ სახლში გამოკეტვა და ბავშვთა სახლში ჩაკეტვა „მიუსაჯეს“. რამდენიმე მიზეზით, პროცესი ბევრჯერ გადაიდო, შემდეგ მოსამართლე შეცვალეს და ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინში ვარ. ასე მგონია უსასრულობამდე გაგრძელდება ეს პროცესი. არადა საბას გარდა, უამრავი უჩინარი ბავშვია საქართველოში, რომლებიც სახელმწიფოს სერვისის უქონლობის გამო სახლში არიან გამოკეტილი.
ჯანდაცვას ჰქონდა ქცევითი თერაპიის უფასო კურსი. ძალიან კარგი შედეგები მოგვცა – ჯერ ოჯახში ქცევას ურეგულირებდა და საბა არც საკუთარი თავის და არც ჩემ მიმართ აღარ იყო აგრესიული. ის იყო, ქუჩაში ქცევის დარეგულირების ფაზაზე გადავედით, რომ დაფინანსება შეაჩერეს და რაც დასწავლილი ქონდა, ისიც დაივიწყა. მე კიდევ არ მაქვს საშუალება, რომ კერძო თერაპიის კურსებზე ვატარო, სადაც საათი 30-50 ლარი ღირს. რამდენჯერმე მივმართე ჯანდაცვას თხოვნით, საბასთვის დღის ცენტრში სიარულის უფლება მიეცათ ან თერაპიის კურსები მაინც დაეფინანსებინათ და იცით რა მიპასუხეს? თუ ვერ მართავ ბავშვს, ან ბავშთა სახლში დატოვე ან მინდობით აღზრდაში ჩააბარეო. წარმოიდგინეთ, საკუთარი შვილის დატოვებას მთავაზობს სახელმწიფო და იმის მაგივრად, რომ გარკვეული თანხით ბიოლოგიურ დედას დაეხმაროს, რომელიც საკუთარ შვილს უკეთ მოუვლის, 680 ლარი მინდობით აღზრდის სერვისში უნდა გადაიხადოს. მე კიდევ უფლებას მართმევს, საკუთარ შვილთან ვიცხოვრო. განა ბევრს ვითხოვ?! მხოლოდ იმას, რომ დღის განმავლობაში საბა პროფესიონალი ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და მე შემეძლოს ისევ მუშაობა, რომ საკუთარი ოჯახი ვარჩინო და ხელში არ შევყურებდე მუდმივად გინდა სახელმწიფოს და გინდა ადამიანებს, ვისაც დახმარების სურვილი აქვთ.
დაიწყო ჩვენი ორწლიანი შინაპატიმრობის პერიოდი. სწორედ იმიტომ, რომ ბავშვი რთულად სამართავია, გარეთაც ვერ გამყავს. ასე ვართ მთელი დღეები ერთ ოთახში გამოკეტილი და ფანჯრიდან ვუყურებთ სამყაროს. მძინარესაც კი ვერ ვტოვებ მარტო, არ ვიცი, რომ გაიღვიძოს რას მოიმოქმედებს. ხშირად ფანჯრიდან ვეძახი მეზობელს, ფულს ვუგდებ და ვთხოვ მაღაზიიდან სურსათი ამოგვიტანოს, რადგან საბა სწორედ ამ ქცევების გამო გარეთაც ვერ გამყავს. რამდენჯერმე გვიცდია გასეირნება, მაგრამ გარშემომყოფების რეაქციები კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვის და ჩემს მდგომარეობასაც. საბას გარეგნულად არაფერი ეტყობა და ამიტომ, მისი აგრესიული ქცევების გამო, გაუზრდელს ეძახიან და ისევ მე მაკრიტიკებენ. არადა რომ ვცდილობ ავუხსნა გამვლელებს საბას მდგომარეობა, ამაზე საბა იძაბება და კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში ვარდება. ეს სიტუაცია კი მე მარტომ უნდა ვმართო. ამიტომ სახლში გამოკეტილები უფრო მშვიდად ვართ, სხვებს არ ვაწუხებთ.
ჩემი და ჩემი მეგობარი მშობლების ბრძოლის შედეგად, იმას მივაღწიე, რომ გამგეობა ბინის ქირას გვიხდის. ადრე ჩემით მიწევდა ამ ქირის გადახდა, თან ვერ ვმუშაობდი და ვალები მიგროვდებოდა. რამდენიმე ბინიდან მეპატრონეებმა გამოგვასახლეს გადაუხდელობის გამო და ქუჩაშიც დავრჩენილვარ. სხვა ბინის მოძებნაც ძალიან მიჭირს ხოლმე. როცა გაიგებენ საბას დიაგნოზს, არავის უნდა ასეთი ბავშვის სახლში შეშვება. წარმოიდგინეთ ეს ჩემთვის რა მძიმე ასატანია, როცა შენი შვილის დანახვა არ უნდათ, არ სიამოვნებთ.
მას მერე, რაც ქმარმა მიმატოვა და სხვა ოჯახი შექმნა, რამდენჯერმე მივმართე სასამართლოს ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით. სასამართლომ 80 ლარიანი ალიმენტი დააკისრა 2 წლის წინ. რამდენი საჭიროება აქვს ბავშვს და 80 ლარი თვეში მამისგან მართლა სასაცილო თანხაა. თუმცა ორწელიწადნახევარია ეს თანხა არ გადაუხდია და აღსრულების მექანიზმი სახელმწიფოს არც აქვს. ერთადერთი, თუ მის ანგარიშზე რამე თანხა დაფიქსირდება, მერე ერთიანად ჩამოეჭრება დავალიანება და საბას ჩაერიცხება. მაგრამ ეს ისეთი არაეფექტური კონტროლის მექანიზმია, რომ ყოველთვის აძლევს კაცს მანიპულირების და დაკისრებული ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას.
რამდენჯერმე მივმართე სახელმწიფოს ინიციატივით, რომ თუ მამას არ აქვს საშუალება დაგვეხმაროს მატერიალურად, იქნებ ფიზიკურად მაინც იყოს ბავშვთან სახლში და ამ დროს მე სამუშაოდ გამოვიყენებდი. მაგრამ ამ მხრივაც არ გვაქვს კანონი. ჩვენი კანონი მაქსიმალურად ათავისუფლებს მამებს პასუხისმგებლობისგან, დედებს კი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს.
მე ხომ სახელმწიფომ შინაპატიმრობის განაჩენი 2 წლის წინ გამომიტანა…“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინო ბაიდაური