ნანა დიხამინჯია, 40 წლის, თბილისი
„ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ვარ, კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
პროფესიით მათემატიკოსი ვარ. სადოქტორო გამოყენებით მათემატიკაში მაქვს დაცული, მაგრამ პროგრამირების სფეროში 22 წლიდან ვმუშაობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და პროგრამირება მაშინ დამჭირდა პირველად, სამეცნიერო გათვლებისთვის. პარალელურად გეოსაინფორმაციო სისტემების შესწავლა დავიწყე, „გეოგრაფიკში“ გადავედი და იქ უკვე სიღრმისეულად მომიწია თვითგანათლება ამ მიმართულებით.
ამერიკაში 6 წლის წინ ჯერ ჩემი ქმარი მიიწვია ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიამ, რომელიც მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეკუთვნის. ისიც მათემატიკოსია და ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის სხვადასხვა ალგორითმების განვითარებისთვის სჭირდებოდათ მისი გამოცდილება. ერთ წელიწადში გადაწყვიტეს, მეორე მათემატიკოსიც აეყვანათ, ამასობაში სადოქტოროს დაცვაც მოვასწარი და მეც დავიწყე იმავე ლაბორატორიაში მუშაობა ჯერ პოსტდოკად, შემდეგ მიწვეულ ასისტენტ-პროფესორად. ცხადია, ალგორითმების განვითარება წარმოუდგენელია დარგის კარგად ცოდნის გარეშე, ამიტომ ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით ბევრი ვისწავლეთ ორივემ და როგორც ლაბორატორიის უფროსი ხუმრობდა, ჩვენგან ელექტრული ინჟინრები გამოიყვანა.
ძირითადად, ეს ლაბორატორია იკვლევს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის პრობლემებს სხვადასხვა მოწყობილობებში. ძალიან საინტერესო ტიპის ლაბორატორიაა იმ თვალსაზრისით, რომ მის ბაზაზე ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით დაფუძნებულია კონსორციუმი, სადაც ოცამდე მაღალტექნოლოგიური კომპანია შედის. ლაბორატორიას დაახლოებით 50-მდე მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი ჰყავს და სწავლის პარალელურად ყველა მუშაობს იმ პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებს, როგორიცაა Apple, IBM, Cisco და ა.შ. მოაქვთ. ანუ კომპანიები კონკრეტულ პროექტს წარმოადგენენ, თუ რისი გადაჭრა უნდათ და ლაბორატორია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. სტუდენტები შემდეგ სტაჟირებაზეც მიყავთ ამ კომპანიებს და დასაქმებასაც სთავაზობენ. ანუ უწყვეტი ძაფია გაბმული მეცნიერებიდან ინდუსტრიამდე. ადამიანები ხშირად ვერ იაზრებენ, რამდენი სამეცნიერო კვლევა და მეცნიერთა შრომაა ჩადებული ყველა იმ ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. რამდენიმე პროექტში თანამშრომლობას აქედანაც ვაგრძელებ, მათ შორის ყველაზე საინტერესო მრავალდონიანი სიგნალისთვის ალგორითმების განვითარებაა, რომელზეც Dell-ის ინჟინრებთან ერთად ვმუშაობ.
ამჟამად, ილიას უნივერსიტეტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ცდილობს ამ მიმართულებების განვითარებას. ამერიკიდან ჩამოსვლას ჯერ საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ შეთავაზებამ, რომ მეხელმძღვანელა ამ პროგრამისთვის, უცებ მომხიბლა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ საკუთარ ქვეყანაში განვავითარებდი რაღაცას. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკაში ცხოვრებამ მასწავლა, რომ შენ, ერთ ადამიანს ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია.
მისურის შტატის პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, სულ 20 ათასი მოსახლით. იქაურობა, რა თქმა უნდა, ისეთი განვითარებული არაა, როგორც, მაგალითად, ნიუ იორკი ან სან ფრანცისკო. სულ ვწუწუნებდი, რომ ამერიკის დიდ ქალაქებში „რობოტიქსის“ კლუბები გავრცელებული იყო, აქ კი მარტო უფროსკლასელებს ჰქონდათ. ჩემი უფროსი შვილი კი ჯერ მეოთხე კლასში იყო. ამაზე მორიგი წუწუნისას ერთმა ამერიკელმა მშობელმა მშვიდად მიპასუხა: რა პრობლემაა, შენ ხომ იცი ეს სფერო და თვითონ შექმენი კლუბიო. სიმართლე გითხრა, ამან ძალიან გამაოცა. პირველად მაშინ დავფიქრდი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაზე და შესაძლებლობაზე, იმოქმედოს, შეცვალოს გარემო.
იქ მოხალისეობის კულტურა ძალიან კარგადაა განვითარებული და ამდენად, მეც იოლად შევძელი მოხალისეობრივ საწყისებზე „რობოტიქსის“ კლუბის შექმნა, სხვა მშობლების დახმარებით. უფროსი შვილის გუნდი სამი წელი გამყავდა რეგიონალურ და საშტატო შეჯიბრებებზე, უმცროსის – ორი წელი. დაახლოებით 20 წელია „ლეგოს“ აქვს ძალიან საინტერესო მიმართულება ბავშვების საინჟინრო და პროგრამირების სწავლების კუთხით, მათ შორის არის დაპროგრამებადი ბლოკი, რომელსაც ძრავები და „ლეგო ტექნიკის“ ნაწილები უერთდება და იწყობა რობოტები სხვადასხვა სენსორებით. დაპროგრამების გარემო ბლოკურია, კონკრეტული ენის ცოდნა არ სჭირდება, ბავშვებისთვის იოლია, თუმცა ფართო შესაძლებლობებით, ამიტომ, ბავშვებს დაპროგრამების უნარები თამაშით უვითარდებათ. ყოველ წელს რობოტიქსის გუნდებისთვის სპეციალური შეჯიბრი ტარდება. წლის დასაწყისში კონკრეტული დავალება ეძლევათ, რომლის გაკეთებაც ამ რობოტმა უნდა მოასწროს 2.5 წუთში. ბავშვები ამ დავალებაზე ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობენ და შემდეგ სხვა გუნდებს ეჯიბრებიან. ასეთი კლუბები იმდენადაა იქ განვითარებული, რომ მისურიში, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე ოდნავ დიდია, ყოველ წელს 20 ათასი მოზარდი მონაწილეობს შეჯიბრში.
რობოტიქსის გარდა, ასევე მოხალისეობის საფუძველზე, ბევრ სხვა ინიციატივაშიც ჩავერთე მისურიში – სკოლებს სამეცნიერო და მათემატიკურ ოლიმპიადებში გუნდების მომზადებაში ვეხმარებოდი, ადგილობრივ საბავშვო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ შეიქმნა, რამდენიმე ამერიკელი ქალის დაუღალავი შრომით, რობოტიქსის, პროგრამირების წრეების და საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაში ვეხმარებოდი. იმავე დროს, მუდმივად მწყდებოდა გული, რომ მხოლოდ სხვა ქვეყანაში აღმოვაჩინე, როგორ შეიძლება განათლების განვითარება საკუთარი ძალებით, მშობლების ჩართულობით და ვბრაზობდი, რომ სამშობლოში ცხოვრებისას მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
ამიტომ გამიხარდა ილიას უნივერსიტეტის შემოთავაზება და გადავწყვიტე, რომ ჩემი გამოცდილების სამშობლოში გაზიარებისთვის 2 წლით ჩამოსვლა კარგი იქნებოდა. იმავე დროს, ჩემმა ქმარმა კომპანია ეფლისგან მიიღო შემოთავაზება და სილიკონის ველზე გადავიდა უფროს შვილთან ერთად. უმცროსი შვილისთვისაც, რომელსაც უკვე ქართული ავიწყდებოდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობისთვის. ახლა ქართულ სკოლაშია და პროგრამას თითქმის წამოეწია.
ის, რომ მათემატიკა და კომპიუტერები მარტო „კაცის საქმეა“, არის ძალიან დიდი სიცრუე. მე ალბათ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი ორივე მშობელი მათემატიკოსია. მამაჩემი მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი იყო და დედაჩემი 48 წელი მათემატიკას ასწავლიდა. გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემთვის არავის, არასოდეს უთქვამს ოჯახში მსგავსი რამე. თინეიჯერობის ასაკში გავიგე პირველად სხვებისგან, რომ თურმე „კაცს უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე ქალს“. ჩემს ოჯახში არასდროს დაუშვიათ, რომ შეიძლება რამეს ვერ მივაღწიო იმიტომ, რომ ქალი ვარ. ძალიან მეუცნაურა, როცა პირველად გავიგე, რომ ვიღაცა შეიძლება ჩემზე ჭკვიანი იყოს მხოლოდ სქესის გამო. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ესმის ბავშვს პატარაობიდან და რა ფასეულობებია ოჯახში. არასოდეს უთქვამთ ჩემთვის, რომ „ოჯახის შექმნა“ იქნებოდა ჩემი ღირსება. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ტიპური ქართველი ქალია, რომელიც თან წარმატებული იყო თავის პროფესიაში, სოხუმში იცნობდნენ, როგორც ძალიან კარგ მასწავლებელს, თან ოჯახის საქმეები მთლიანად მასზე იყო დაკისრებული და უზარმაზარ სუფრებსაც შლიდა, რასაც მე ყოველთვის ვაპროტესტებდი. მიუხედავად ამისა, დედაჩემის სიძლიერე, მისი ავტორიტეტი, მისი გავლენა სხვებზე – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი იყო. ასევე, მისი ფასეულობებიც, რომ განათლების მიღება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანსაცმელი და ნივთები. ასე რომ არ ყოფილიყო, სულ სხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვა მომიწევდა ალბათ იმის მისაღწევად, რასაც დღეს ვაკეთებ.
ბევრ ქართველ ქალს და არამარტო ქართველს, მძიმე შრომა უწევს იმიტომ, რომ საოჯახო საქმეები მთლიანად მას აწევს, მაშინაც კი, თუ დასაქმებულია. მე გამიმართლა იმაში, რომ ჩემი ქმარი ჩემი სრული მხარდამჭერია და ყველა შრომას თანაბრად ვინაწილებთ. ჩვენთვის ის არაა არსებითი, იმ წუთას სახლი დალაგებულია თუ არა, ან საჭმელი გაკეთებულია თუ არა. არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჩვენი პროფესიული განვითარება და შვილების განათლება. რა თქმა უნდა, მაინც რთული იყო ჩემთვის ოჯახი, რადგან თან „გეოგრაფიკში“ ვმუშაობდი, თან სამეცნიერო პროექტებში ვიყავი ჩართული, პარალელურად ვსწავლობდი. მაგრამ ოჯახის დიდი მხარდაჭერა მქონდა. ამიტომ, ახალი გამოწვევები არ მაშინებდა. თუმცა, საკმაოდ მძაფრად ვიგრძენი საზოგადოების დამოკიდებულება, როცა საქართველოში გადავწყვიტე წამოსვლა. ყველა მეკითხებოდა, როგორ ვტოვებდი მარტო ქმარ-შვილს, ხომ არ გაუჭირდებოდა ჩემს ქმარს შვილის მოვლა (რომელიც 14 წლისაა). სასაცილოდ მეჩვენებოდა ეს კითხვა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვეუბნებით პატარა ბავშვებს. თუ ჩვენ მათ „პრინცესებად“ ვზრდით, ისინი მერეც თავს „პრინცესებად“ იგრძნობენ და ეცდებიან, რომ ვიღაცაზე დამოკიდებული იყვნენ. მე არასოდეს მიფიქრია, რომ ვიღაცაზე უნდა ვიყო დამოკიდებული. ვისთანაც არ უნდა მეცხოვრა, მე უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ცხოვრება, ჩემი დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, დიდი გავლენა აქვს იმას, თუ რითი ვათამაშებთ ბავშვებს. მათ სჭირდებათ თოჯინებიც და კონსტრუქტორებიც, ფიზიკური განვითარებაც ერთნაირად. თოჯინები და როლური თამაშები ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს და დღეს ეს ბიჭებს აკლიათ, გოგოებს კი კონსტრუქტორებით, მანქანებით ნაკლებად ათამაშებენ, ეს კი ლოგიკური, საინჟინრო აზროვნების განვითარებისთვისაა საჭირო. ამიტომაც გვაქვს დღეს ეს შედეგი – ქალის და კაცის ტვინი კი არ განსხვავდება, მათი აღზრდის წესები განსხვავდება. მე მამაჩემთან ერთად ჭანჭიკსაც ვამაგრებდი, სახრახნისის გამოყენებაც ვიცოდი, ვჭედავდი კიდეც და ა.შ. ბავშვის გონება სკოლამდე ვითარდება აქტიურად და თუ ჩვენ ხელს არ ვუწყობთ მის მრავალმხრივ განვითარებას, მხოლოდ სტერეოტიპულად ვესაუბრებით – რომ „ბიჭმა არ უნდა იტიროს“, „გოგო ლამაზი და ნაზი უნდა იყოს“, ის ფასეულობები უყალიბდება, რომლის გადალახვა შემდეგ უკვე საკმაოდ რთულია.
სოხუმი
15 წლის ვხდებოდი, როცა სოხუმიდან წამოვედით. ომი როცა დაიწყო, წებელდაში ვიყავით, აგარაკზე, რომელიც მამაჩემმა ჩემს ბავშვობაში იყიდა. მანამდე შაბათ-კვირას ჩავდიოდით ხოლმე, საკუთარი მოსავალი მოგვყავდა და იმ მიწაზე ყოფნა ყოველთვის მაბედნიერებდა. ომის წელი წებელდაში გავატარეთ, მამა სოხუმში იყო და ყველაფერმა დედაჩემის მხრებზე გადაიარა. იმდენს შრომობდა ამ მიწაზე, რომ ამით გადაგვარჩინა. სექტემბერში, როცა სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, სოხუმში, ჩვენს ბინაში დავბრუნდით და იქიდან მალევე მოგვიწია გამოქცევა, სარდაფში 4 დღიანი ჯდომის შემდეგ.
თბილისში ცხოვრების პირველი წელი ძალიან რთული იყო. ფული საერთოდ არ გვქონდა, ნათესავები გვეხმარებოდნენ. სკოლაში დავდიოდი საშინელი ტანსაცმლით და გარიყულობას ვგრძნობდი, თუმცა პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს. სკოლაში ფეხით დავდიოდით, რა თქმა უნდა და დედაჩემის ბიძაშვილის ნაყიდი ჩექმები მეცვა, რომელსაც პირი მალევე გადაეხსნა. სკოლაში სანამ მივიდოდი, ფეხები მისველდებოდა და როცა შევდიოდი, სულ იმას ვფიქრობდი, ეს წყალი რომ ჭყაპუნობს შიგნით არავინ გაიგოს-თქო. იმაზე კი ვერ ვდარდობდი, რომ ფეხი სველი მქონდა, იმის მეშინოდა, არავის დაეცინა. თინეიჯერობის ასაკში სოციუმში საკუთარი ადგილის პოვნის მკვეთრი მოთხოვნილება არსებობს და ამაში რომ ვერ ვეწერებოდი, ძალიან განვიცდიდი.
შემდეგ უკვე საერთო საცხოვრებელში გადავედით, მეც სოხუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე. სანამ ვაშლიჯვარში დევნილთა სკოლა გაიხსნებოდა და დედაჩემი მუშაობას დაიწყებდა, რას არ აკეთებდა, ზოგჯერ ღვეზელებს აცხობდა და აბარებდა. მიუხედავად ასეთი სიღარიბისა, ჩემმა მშობლებმა პირველივე კურსზე მოახერხეს, რომ ინგლისურის მასწავლებელთან მევლო. ახლა რომ ვფიქრობ, ლამის გმირობის ტოლფასი იყო ეს.
ჩვენს საერთო საცხოვრებელთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგური იყო და მამაჩემმა დარაჯად დაიწყო მუშაობა. დღისით ლექციებზე მიდიოდა, მერე მიდიოდა აბიტურიენტების მოსამზადებლად, საღამოს მოდიოდა სახლში, შეჭამდა, გამოიცვლიდა და დარაჯად მუშაობდა. ეს ამბავი მთელი ჩვენი საახლობლო წრისთვის აღმაშფოთებელი იყო. მეც რომ ამაზე ვღელავდი, მითხრა, რომ უსაქმურობაა სირცხვილი, თორემ მუშაობა არასოდეს. მისი ეს სიტყვები მთელი ცხოვრება მომყვება.
სოხუმიდან სვანეთის გზით მოგვიწია გამოსვლა. როცა უკვე საკენიდან სამანქანო გზა დასრულდა და საფეხმავლო დაიწყო, მხოლოდ სპეციალური მანქანები გადადიოდნენ და ერთი ადამიანის გადაყვანას კილო ოქროდ აფასებდნენ. მწარედ მახსოვს ეს შეგრძნება: კილო ოქრო რომ გქონოდა, უსაფრთხოდ გადახვიდოდი და გადარჩებოდი. საკენის გზაზე ბევრ დაყრილ ძვირფას ნივთს, ლარნაკებს, ჭურჭლის სერვიზებს ვხედავდი, რომელსაც უკვე არანაირი ფასი აღარ ჰქონდა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანები ჭურვებს გაურბოდნენ და ეს უსარგებლო ნივთები მოჰქონდათ. ახლა, როცა ვინმე რამე ძვირფას ნივთზე იტყვის, რომ ძალიან უნდა შეძენა, სულ ის სვანეთში ჩაჩეხილი და დაყრილი ნივთები მახსენდება. ჭუბერს რომ მივუახლოვდით, მეორე ფერდობი უკვე მკვდრებით იყო მოფენილი.
სვანეთზე გადმოსვლისას საჭმელი თითქმის არ გვქონდა, დედაჩემი ერთ ნაჭერ პურს გვიყოფდა და თვითონ იმ ნამცეცებს ჭამდა, რაც ხელის გულზე რჩებოდა. მახსოვს, ჭუბერში რომ ჩავედით, ღობესთან დაყრილი, დაობებული პურის გროვამ შემაძრწუნა. სულ იმას ვფიქრობდი, რომ ხალხი ტყემდე ვერ აღწევდა, იმდენად ძალაგამოცლილი იყვნენ უჭმელობისგან. ვფიქრობდი გარდაცვლილებზე, წინა საღამოს რომ ვნახე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სტრესი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალას გმატებს. როცა ასეთი რამე გაქვს გამოვლილი, ცოტა რამ გაშინებს ცხოვრებაში“.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური