ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა

ოჯახი
„მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა, როგორც ეს ჩვენთანაა გავრცელებული. მშობლები ერთად სეირნობდნენ ხოლმე და ველოსიპედით კატაობდნენ ნინოწმინდაში, როცა ეს აქაურობისთვის ძალიან გასაკვირი იყო. მამას სრულებით განსხვავებული მიდგომები ჰქონდა და ჩვენც ასევე გაგვზარდა. სულ ამბობდა, მშობლები ავტორიტეტები კი არიან, მაგრამ მაინცდამაინც ისე არ უნდა იყოს, როგორც მათ უნდათ, მე შეიძლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ შვილები ისე უნდა განვითარდნენ, როგორც მათ სურთო.

„ფაროსი“
ვფიქრობ, ცხოვრებით და მოწოდებით პედაგოგი ვარ იმიტომ, რომ მიყვარს სხვებს როცა ვასწავლი და ამ პროცესში მეც ბევრს ვსწავლობ. ამჟამად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ვარ. ასევე, ვარ ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაცია „ფაროსის“ დირექტორი. ამ ორგანიზაციაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარდა ყველა საკითხს ვეხებით, რაც მოზარდებს, ახალგაზრდებს და ქალებს ეხებათ. ქალზე ძალადობის შემთხვევაში შეგვიძლია ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ ქალებს. ასევე, ქალი გადავიყვანოთ კრიზისულ ცენტრში და პარალელურად მის ქმართან ჩავატაროთ საჭირო სამუშაოები.

ქალთა მიმართ ძალადობაზე ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებაა: „ურტყამს, ესეიგი უყვარს“. ეს თითქოს ხუმრობაა, მაგრამ ეს რეალობაა, ძალიან მტკივნეული რეალობა. ეს ყველაფერი ნორმალურად აღიქმება. მე მგონი, არ არსებობს ოჯახი, სადაც ქალი ერთხელ მაინც არ იყოს ნაცემი. აქ ქალები, ძირითადად, საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული: სახლი, ოჯახი, სამზარეულო, საჭმლის დამზადება, რეცხვა, ბავშვები… ქალები სოციალურ ცხოვრებაში არ არიან ჩართული. ჩვენი რაიონიდან ძალიან ბევრი კაცია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული და ოჯახებში აგზავნიან ფულს, შემდეგ უკვე ქალი მართვას ოჯახს ამ ფინანსებით, მაგრამ ისინი ფინანსურად ქმრებზე არიან დამოკიდებული. ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს მუშაობის უფლებას აძლევენ საბავშვო ბაღია იმიტომ, რომ მანდ სულ ქალები არიან დასაქმებული.

ჩვენს ახალგაზრდულ ცენტრში იმიტომაც ვმუშაობთ ადგილობრივ ახალგაზრდებთან, რომ მათ მომავალი ჰქონდეთ, მათი შეცვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი თავის ოჯახებშიც ცდილობენ რაღაცის შეცვლას.

ზღვა და გზა თავისუფლებისკენ
მე ძალიან მიყვარს ზღვა და როცა ერთხელ წასვლა მოვინდომე, ჩემმა ქმარმა მითხრა, მე არ მიყვარს და არ წამოვალო. ორი პატარა ბავშვით მარტო ვერ წავიდოდი, ცურვა მიყვარს და წყალში რომ შევიდოდი, ბავშვებს მარტოებს ვერ დავტოვებდი ნაპირზე. რა აზრი აქვს ზღვაზე წასვლას, თუ არ ვიცურავე?! ამიტომ, საბავშვო ბაღის თანამშრომელ გოგოებს შევთავზე, მოდი, ვისაც გინდათ, ერთად წავიდეთთქო. პირველ წელს, ერთი „მარშუტკა“ ხალხი, მარტო ქალები და ბავშვები შევიკრიბეთ და წავედით ქობულეთში, სადაც ერთად ვცხოვრობდით. რახან ეს ქალები მე მიმყავდა, მათმა ქმრებმა იცოდნენ, რომ „ზედმეტი“ არაფერი იქნებოდა და მათი ცოლები საიმედო ხელში იყვნენ. მომდევნო წელს, სამი „მარშუტკა“ შევიკრიბეთ, ისევ ქალები და ბავშვები. ამჯერად, მარტო საბავშვო ბაღის თანამშრომლები კი არ იყვნენ, სხვა დაინტერესებული ქალებიც შემოგვიერთდნენ. ახლა უკვე, ჩემი ორგანიზებისა და ჩარევის გარეშე ქალები თვითონ დადიან. ბევრმა ქმრებთან ერთად წასვლაც მოახერხა. ეს არიან ქალები, რომლებიც მხოლოდ ერევანში თუ იყვნენ საყიდლებზე ნამყოფი.

წლების წინ, თუ რამე დღესასწაული იყო, ვინმეს დაბადების დღე ან ახალი წელი, საბავშვო ბაღში ვაკეთებდით სუფრას. ახლა უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ და ქალები რესტორანში მარტო დავდივართ, რასაც ძალიან ბევრი ქმარი უკრძალავდა ცოლს. ისინი უკვე მიცნობენ, იციან და მიხვდნენ, რომ „ოჯახებს არ ვანგრევთ“, პირიქით, მივახვედრეთ, რომ ძლიერი ქალი ძლიერი ოჯახის საფუძველია. რა თქმა უნდა, ამისთვის ერთ დღეში არ მიგვიღწევია, წლების მუშაობა დაგვჭირდა.
თავიდან მარტო ნინოწმინდაში მცხოვრები ქალები დავდიოდით ერთად, მაგრამ დროთა განმავლობაში მიმდებარე სოფლებიდან სხვა ქალებიც ჩავრთეთ.

სახაალწლოდ რესტორანში წასვლა რომ გადავწყვიტეთ, მე მათ ხუმრობით დავემუქრე, რომ ხელფასიდან მოვაჭრიდი ფულს, თუ არ მოვიდოდნენ და იცით რა მიპასუხეს? მსუბუქი ყოფაქცევის ქალები კი არ ვართ, რესტორანში ვიაროთო! მაგრამ მაინც მივაღწიე იმას, რომ მოდიან. მარტში ჩემი დაბადების დღეა და ვეპატიჟები სუფრაზე. თავიდან გაუნძრევლად ისხდნენ ხოლმე და ჩვენ გვიყურებდნენ, ახლა თვითონაც ცეკვავენ და ერთობიან.

ქალთა ჯგუფები
ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ქალთა ჯგუფები შევქმენით, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. მაგალითად, ერთი ჯგუფის წევრ ქალებს აქვთ ყოველთვიური ფულადი შენატანი და შემდეგ ამ შეგროვებულ თანხას თანასოფლელებისთვის გარკვეულ პროცენტში სესხად გასცემენ. მეორე ჯგუფს ნიორი მოჰყავს და ეს ბიზნესი ძალიან კარგად მუშაობს. მესამე ჯგუფი მწვანე ყველს – ობიან ჩეჩილს აწარმოებს. მეოთხე ჯგუფი კი საკარნავალო ტანსაცმელს აქირავებს და ასევე, სადღესასწაულო ღონისძიებებს აწყობს.

ჩვენი დახმარება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ვასწავლიდით ბიზნესის წარმოებას, ვეხმარებოდით წესდების დაწერაში, ბიზნესის დარეგისტრირებაში და ა.შ.

დღესდღეობით უკვე უფრო მეტი ქალია ნინოწმინდაში, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს. ადრე, შესაძლოა ბიზნესი ქალზე ყოფილიყო გაფორმებული, მაგრამ ეს სრული ფორმალობა იყო. ძალიან ბევრს ქალს აქვს სილამაზის სალონი გახსნილი, ან სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ხელმძღვანელობენ. ანუ, მათ მეორეხარისხოვანი როლი აღარ აქვთ, თვითონ არიან თავისი ბიზნესის მენეჯერები და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებენ. ერთმა ქალმა, რომელსაც მე დავეხმარე, ბანკში სესხი აიღო და საბავშვო ტანსაცმლის სამკერვალოს ხსნის. ის პარალელურად ჩვენთან ორგანიზაციაში ბიზნესისა და ინგლისურის კურსებზე დადის.

მაგრამ კარგი იქნება, ეს ქალები ნელ-ნელა პოლიტიკაში თუ დაიწყებენ მოსვლას. კი გვყავს ადგილობრივი ქალები პოლიტიკაში, ნინოწმინდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატიც ქალია. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქალი მსგავს თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს (ავტ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ კანინდატმა გაიმარჯვა). გულწრფელად გითხრათ, მე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი